8 აგვისტოს რუსეთში ბირთვული კატასტროფა მოხდა, თუმცა კრემლი მალავს – THE DAILY MAIL

ძლიერდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს – სტატიას ამის შესახებ THE DAULY MAIL-ი აქვეყნებს.

ბრიტანული მედიაგამოცემა რუსეთში, არხანგელსკის მხარეში, ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და წერს, რომ აფეთქების შემდეგ რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20-ჯერ მოიმატა.

The Daily Mail-ის ინფორმაციით, ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ადამიანი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, სადაც რადიაციულ დასხივებებს მკურნალობენ.

გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა სპეცტანსაცმელი მოგვიანებით სასწრაფოდ გაანადგურეს. გაანადგურეს ის სპეცსამოსიც, რომელიც მედიკოსებს დაშავებულებისთვის შემთხვევის ადგილზე პირველადი დახმარების აღმოჩენისას ეცვათ.

როგორც გამოცემა იუწყება, ქალაქ სევოროდვინსკში, რომელიც პოლიგონიდან დაახლოებით 18 მილში მდებარეობს, რადიაციის დონემ დასაშვებ ზღვარს 20-ჯერ გადააჭარბა. მოსახლეობა პანიკაშია. საავადმყოფოების ადმინისტრაციამ მათ იოდინის მიღებას ურჩევს.

ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რუსეთმა თეთრი ზღვის ნაწილი გადაკეტა.

რუსული მედიის ცნობით, თეთრ ზღვაში დვინის ყურის მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ინციდენტის რაიონში რადიაციული ვითარება ნორმალურად ფასდება. 8 აგვისტოს უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „რეაქტიული დანადგარის გამოცდისას პოლიგონზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა“.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, 8 აგვისტოს, თავდაცვის უწყების განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარ ვებგვერდზე სევეროდვინსკის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია რადიაციული ფონის „ხანმოკლე მატების“ შესახებ. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია საიტზე აღარ იძებნება.

დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის შესახებ​ ოფიციალურისგან განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა რუსულ გამოცემაშიც.

The Daily Mail წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, პოლიგონზე „ცირკონის“ ტიპის ზებგერით რაკეტას ცდიდნენ, რომელიც იმ გასაიდუმლოებული იარაღებს შორისაა, რომლის შექმნითაც  ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საჯარო გამოსვლისას დასავლეთს ემუქრებოდა.

წყარო: primetime.ge

კომენტარები