რატომ დააჯარიმა უეფამ „დინამო თბილისი“ 50 ათასი ევროთი და სტადიონის დაკეტვით?

უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამო“ როტერდამის საფეხბურთო კლუბ „ფეიენოორდს“ 15 აგვისტოს თბილისში, „დინამო-არენაზე“ უმაყურებლოდ უმასპინძლებს. მიზეზი ევროპის ლიგის მატჩზე აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ გულშემატკივრების სექტორში გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც უეფამ ფაშისტური სიმბოლიკა დაინახა.

გარდა იმისა, რომ საშინაო მატჩზე გუნდის გულშემატკივარს დასწრების საშუალება არ ექნება, თბილისის „დინამოს” 50 ათასი ევროს ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

ამ ყველაფრის მიზეზი კი, უეფას განმარტებით, გახდა ბანერი, რომელიც ნაცისტურ სიმბოლიკას შეიცავდა, რიცხვით – 88.

„დინამო თბილისში“ კი განმარტავენ, ბანერზე არა 88, არამედ 1988 წელი აწერია, თარიღი, როდესაც გუნდის ფანები პირველად გავიდნენ თავიანთი ფავორიტის საგულშემატკივროდ ორგანიზებული სახით. სწორედ ეს თარიღია გამოსახული სლოგანთან ერთად – old school.

თბილისის „დინამოს” გულშემატკივრებმა შემდეგი სახის განცხადება გაავრცელეს:

„უეფა „დინამოს“ აჯარიმებს 50 000 ევროთი, ამასთან, სტადიონის დაკეტვით მომდევნო მატჩზე. მიზეზი ის ბანერია, რომელიც ფოტოზე მოვნიშნეთ. უეფას განმარტებით, რიცხვი 88 დინამოს ფანებმა, როგორც ნაცისტური სიმბოლიკა, ისე გამოიყენეს. რამდენად ტვინგარეცხილი უნდა იყო, რომ ბანერზე წარწერა OLD SCHOOL (ძველი სკოლა), ამასთანავე, ციფრები 1 და 9, რომლებიც 8 და 8 ციფრებს ქვემოთ აწერია, ვერ შენიშნო. 1988 წელს „დინამოს“ ფანების პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა, ტრიბუნაზე კი დგას ფანი, რომელიც იმ გასვლაზე იმყოფებოდა. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ, ქართველები ხშირად ვამბობთ გასულ წლებს ასე: „81-ში მოვიგეთ თასების თასი” და სხვა მსგავსი… ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, 88-ში პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა, „ფაშისტები” ვართ? უეფა როდესმე მსგავს სისულელეზე თუ გაიწევდა, ვერც კი წარმოვიდგენდით. ეს ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ფეხბურთი ჩაკლას ჩვენში და  მიიღოს ფული „დინამოსგან!“

კლუბში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უეფაში უკვე გასაჩივრდა და ფოტო- და ვიდეომასალაც გაიგზავნა. თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, „ფეიენოორდის“ ქომაგები თბილისს ვერ ეწვევიან.

 
კომენტარები