გრენლანდიაზე ერთ დღეში 11 მილიარდი ტონა ყინული დადნა (ვიდეო)
მეცნიერების განცხადებით, გრენლანდიაზე ისტორიის განმავლობაში ერთ დღეში ყველაზე დიდი რაოდენობით ყინული დადნა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
საუბარია 11 მილიარდ ტონა ყინულზე, რომლის წყალი 4.4 მილიონი ოლიმპიური საცურაო აუზის გავსებას ეყოფა.
გამოცემის ცნობით, გრენლანდიაზე ყინულის დნობის სეზონი, როგორც წესი, მაისის ბოლოს იწყება, თუმცა წელს ეს პროცესი მაისის პირველ რიცხვებში დაიწყო და მეოთხე თვეა მიმდინარეობს.
მარტო ერთ თვეში – ივლისში, Mottram-ის ინფორმაციით, გრენლანდიამ 197 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა, რომლის დნობისგან მიღებული წყალი 80 მილიონამდე ოლიმპიური საცურაო აუზის გავსებას ეყოფოდა. მისივე ინფორმაციით, წლის ამ პერიოდში მოსალოდნელი იყო საშუალოდ 60-70 მილიარდი ტონა ყინულის დნობა, თუმცა წელს რეალურად თითქმის 3-ჯერ მეტი ყინული დადნა. რა პროცესებს გამოიწვევს ეს, ჯერჯერობით ზუსტად თქმა ძნელია, თუმცა კლიმატის ცვლილებაზე რომ მოახდეს მნიშვნელოვან გავლენას, უდავოა.
მეცნიერების თქმით, ევროპაში გასულ კვირაში გავრცელებულმა რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ტალღამ არქტიკამდეც მიაღწია, რამაც შესაძლოა ყინულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დნობა გამოიწვიოს 1950 წლის შემდეგ, როდესაც იქ მიმდინარე მოვლენების სანდო ჩანაწერები დაიწყო.
სპეციალისტებმა გასულ ოთხშაბათს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე დაუდასტურებელი +2,7 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირეს, რაც შესაძლოა ახალი რეკორდი იყოს.
ამერიკელი ჟურნალისტის, ლორი გარეტის ინფორმაციით კი, გრენლანდიაზე 24 საათში 12 მილიარდი ტონა ყინული გადნა. ის ამის შესახებ Twitter-ზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
This is a roaring glacial melt, under the bridge to Kangerlussiauq, Greenland where it's 22C today and Danish officials say 12 billions tons of ice melted in 24 hours, yesterday. pic.twitter.com/Rl2odG4xWj
— Laurie Garrett (@Laurie_Garrett) August 1, 2019
კომენტარები