სისხლიანი დაპირისპირება ქართველებსა და პაკისტანელებს შორის ათენის კორიდალოსის ციხეში

კორიდალოსის ციხეში (ათენი) 2 ბლოკის პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა „საქმის გარჩევასთან“ დაკავშირებით. წესრიგის აღსადგენად ციხეში პოლიციის სპეცრაზმები შევიდნენ.

შეტაკებები ციხის პატიმრებს შორის სამშაბათს, 25 მაისს დილით, ათენის დროით 11 საათზე დაიწყო. ამის თაობაზე ბერძნული გამოცემა newpost.gr იტყობინება.

სისხლიან (ცივი იარაღით) დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ E ბლოკის (ქართველები, რუსები) და В ბლოკის (ავღანელები, ქურთები, პაკისტანელები) პატიმრები. არეულობის მიზეზი გახდა ჩხუბი ქართველ პატიმარსა და პაკისტანელ პატიმარს შორის.

ციხიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, პატიმრებმა გამყოფი გისოსები დაამტვრიეს და ზედამხედველების და ციხის ხელმძღვანელობის ბლოკირება სცადეს.

ჩხუბის მონაწილეები შეიარაღებულები იყვნენ დანებით და ბასრი საგნებით. დაჭრილია უამრავი პატიმარი.

„ვხედავდით, როგორ ჩხუბობდნენ ადამიანები და ერთმანეთს დანას ურტყამდნენ“

შოკისმომგვრელია კორიდალოსის ციხის თანამშრომლის მონაყოლი: „ჩვენ დაგვბლოკეს. ვხედავდით, როგორ ურტყამდნენ ადამიანები ერთმანეთს დანებს და ბასრ საგნებს და არაფრის გაკეთება შეგვეძლო“.

მისივე თქმით, პატიმრები ციხის თანამშრომლებს არ ერჩოდნენ: „ისინი ჩვენ არ გვერჩოდნენ. ეს იყო შეტაკება ორი ბლოკის პატიმრებს შორის“.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცდანაყოფების მისვლის შემდეგ ბლოკებში წესრიგი აღდგა. ჩატარდა ჩხრეკა აკრძალული საგნების კონფისკაციის მიზნით.

საბერძნეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩხუბის შედეგად ზედამხედველები დაბლოკილები არ ყოფილან, აგრეთვე, არ დაფიქსირებულა მძიმე ტრავმები ან რომელიმე პატიმრის სიკვდილი.

არეულობების დროს ციხის გარშემო ტერიტორია დაიკეტა პოლიციის პატრულირების მიზნით.

კომენტარები