რას წერს იტალიური მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებზე?

ANSA/AP; ზურაბ ცერცვაძის ფოტო
სულ ცოტა, 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა თბილისში, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მომხდარი შეტაკებების დროს, – წერს დღეს, 21 ივნისს იტალიური მედიაგამოცემა ANSA, საქართველოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომხდარ მოვლენებში დაადანაშაულა რუსეთი, როგორც „მტერი და ოკუპანტი“ და გაურკვეველი მეხუთე კოლონა, რომელიც ამ ამბების უკან დგას. რაც შეეხება მოსკოვს, მისი შეფასებით, ამ მოვლენების უკან „საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალები“ დგანან.

პროტესტი გამოიწვია საქართველოს პარლამენტში კომუნისტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნამ მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყნების ასამბლეის დეპუტატთა სხდომაზე. პროტესტანტები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ გავრილოვმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

რუსეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს გაწყვიტეს, სწრაფი (lampo) ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის საჯარისო ნაწილები თბილისამდე მივიდნენ. ამის შემდეგ მოსკოვი აღიარებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის, საქართველოს ორი სეპარატისტული რესუბლიკის დამოუკიდებლობას, რომლებიც დე ფაქტო რუსეთის სატელიტები გახდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყვიტა თავისი ვიზიტი ბელარუსში, სადაც დღეს დილით პრემიერ-მინისტრს სერგეი რუმასს უნდა შეხვედროდა  – ამის თაობაზე სააგენტო „ინტერფაქსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ბელარუსის მთავრობის პრესსამსახურმა სიტუაციის კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ ზურაბიშვილი არ იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დილისთვის იყო დანიშნული.

რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ სხვა სტატიაში კი „ანსა“ წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადნენ, ხელისუფლებამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა დღეს საღამოს თბილისში ახალ საპროტესტო აქციის მოწყობა დააანონსა.

ამავე თემაზე: საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ

კომენტარები