პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს 14 დღის ვადაში აირჩევენ

თანამდებობიდან გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღებული ეს გადაწყვეტილება არა თავად ირაკლი კობახიძემ, არამედ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გამოაცხადა ბრიფინგზე, რომელსაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად კობახიძეც ესწრებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, საღამოს დაწყებულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც კობახიძეს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანის გამო.

პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება გადადგომის შესახებ წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

პარლამენტის რეგლამენტი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევას 14 დღის ვადაში ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს. შესაბამისად, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის წარდგენას აპირებს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები