ისტორიასაზოგადოებაკულტურასაბერძნეთი

ათენის უძველესი ბიზანტიური ეკლესია „ცრემლების მოედანზე“

ათენის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მთავარ მოედანს „პლატია კლავთმონოსი“ (ΠΛΑΤΕΙΑ ΚΛΑΥΘΜΩΝΟΣ) ეწოდება, რაც ქართულად ცრემლების ან ტირილის მოედნად ითარგმნება. ამ მოედანზე მდებარეობს პატარა ეკლესია, რომელიც ქალაქში არსებული ბიზანტიური ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება.

თავდაპირველად მოედნის სახელწოდების შესახებ: მე-19 საუკუნის საბერძნეთში არ არსებობდა საჯარო მოხელეების მუდმივი დასაქმების შესახებ კანონი და ყოველი არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება მასობრივად ითხოვდა სამსახურიდან თანამშრომლებს, რომელთა ადგილს გამარჯვებული პარტიის აქტივისტები იკავებდნენ. არჩევნების შემდეგ სამსახურიდან დათხოვილი საჯარო მოხელეები აღნიშნულ მოედანზე იკრიბებოდნენ და თავიანთ პროტესტს გამოთქვამდნენ. მაშინ იქ ფინანსთა სამინისტროს შენობა მდებარეობდა და პროტესტიც ამ უწყებისადმი იყო მიმართული. უმუშევრად დარჩენილი ადამიანები უმწეოდ ტიროდნენ ხოლმე.

მოედნის კუთხეში მდებარეობს პატარა ეკლესია, რომელიც მე-11 საუკუნეს მიეკუთვნება. აღნიშნული ეკლესია ორი თანამოსახელე წმინდანის, თეოდორე ტირონელისა და თეოდორე სტრატილატის სახელზეა აგებული. ათენში ძალიან ცოტაა ასეთი ძველი და შესანიშნავი ნაგებობები.

ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა. მიიჩნევენ, რომ დღევანდელი ეკლესიის ადგილზე უფრო ძველი ტაძარი არსებობდა, რომელიც მე-5 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორის, თეოდოსი მეორის მეუღლემ, ევდოკიამ ააგებინა.

ტაძარი ძლიერ დაზიანდა 1821 წელს, როდესაც საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. 1840 წელს ეკლესია აღადგინეს. შესაბამისი სახსრები ათენის მოქალაქეებმა შეაგროვეს, თავისი წვლილი ამ საქმეში მეფე ოთონმაც შეიტანა.

ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის გამაგრების სამუშაოები, რომელსაც ნაწილობრივ ევროკავშირი აფინანსებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ 300 ათას ევროს შეადგენს.

გიორგი ჯანელიძე

იხილეთ ფოტოგალერეა და ვიდეო:

მსგავს თემაზე: ათენის ყველაზე დიდი ეკლესიები

ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ათენის ისტორიულ შენობებს?

საბერძნეთის პარლამენტის შენობის ისტორია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close