ისტორიასაზოგადოებაკულტურასაბერძნეთი

საბერძნეთის პარლამენტის შენობის ისტორია

სინდაღმის მოედანზე მდებარე საბერძნეთის პარლამენტის შენობა ათენის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. შენობა თავდაპირველად მეფის სასახლეს წარმოადგენდა.

1830-იან წლებში, მას შემდეგ, რაც დაფუძნდა საბერძნეთის სამეფო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მიუნხენის ხელოვნების აკადემიის დირექტორმა, არქიტექტორმა ფრიდრიხ ფონ გერტნერმა მეფის სასახლის აგების იდეა წამოაყენა. მანვე შეარჩია ადგილი მომავალი სასახლისათვის.

მაშინვე გაჩნდა ალტერნატიული წინადადებები: ლეო ფონ კლენცეს მიაჩნდა, რომ სასახლე კერამიკოს რაიონში უნდა აგებულიყო, ლუდვიგ ლანგეს აზრით, საუკეთესო ადგილი ლიკავიტოს მთის ფერდობი იქნებოდა, ბერძენი არქიტექტორი სტამატი კლეანთი კი დღევანდელ ომონიის მოედანს ანიჭებდა უპირატესობას. იყვნენ ისეთებიც, ვისაც მიაჩნდა, რომ სასახლე აკროპოლისთან უნდა აშენებულიყო. საბოლოოდ გერტნერის იდეამ გაიმარჯვა და მეფის სასახლე დღევანდელ სინდაღმაზე ააგეს.


მშენებლობა 1836 წლის 6 თებერვალს დაიწყო. 1843 წლის 25 ივლისს მეფე ოთონი საცხოვრებლად ახალაგებულ სასახლეში გადავიდა. სამეფო ტახტი პირველ სართულზე განთავსდა, მეორე სართულზე კი ტახტის მემკვიდრეები ცხოვრობდნენ.

სასახლის აღმოსავლეთით დაიწყო სამეფო ბაღის მშენებლობა, რომელსაც დედოფალი ამალია ხელმძღვანელობდა. ნარგავების გაშენება და ბაღის შიდა გზების პროექტის შედგენა ფრანგ ფრანსუა ლუი ბაროს დაევალა. სინდაღმაზე დღეს არსებულ მშვენიერ ბაღს სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

ორჯერ, 1884 და 1909 წლებში სასახლე ხანძარმა დააზიანა. განსაკუთრებით მძიმე იყო მეორე ხანძრის შედეგები, როდესაც თითქმის მთლიანად დაიწვა ცენტრალური შესასვლელი. მეფის ოჯახი იძულებული გახდა სასახლე მიეტოვებინა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1912 წელს დაბრუნდა. 1922 წელს სამეფო ოჯახმა საბოლოოდ დატოვა სასახლე.

წლების განმავლობაში შენობა სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა. 1929 წელს მთავრობამ გადაწყვიტა, შენობა პარლამენტისთვის გადაეცა. დაიწყო რესტავრაცია, რომლის შედეგადაც თითქმის მთლიანად შეიცვალა შენობის ინტერიერი. 1935 წელს საბერძნეთის პარლამენტი მეფის ძველ სასახლეში გადავიდა და დღემდე ამ შენობაშია.

გიორგი ჯანელიძე

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ

მსგავს თემაზე: ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ათენის ისტორიულ შენობებს?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close