რა რისკებს იწვევს არასაკმარისი ძილი – ეს უნდა იცოდეთ!
ჩვენს დროში ძილის ნაკლებობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 1942 წელს, მაგალითად, რიგით ადამიანს საშუალოდ 8 საათი ეძინა, მაშინ როდესაც დღევანდელ დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6,8 საათია. რეკომენდებულია, რომ ადამიანს საშუალოდ 7-9 საათი უნდა ეძინოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულ ამერიკელთა 40 პროცენტს 7 საათზე ნაკლები სძინავს, ხოლო აშშ-ის 70 მილიონი მოქალაქე ძილის დარღვევებით იტანჯება.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: საქართველოში რომ მსგავსი გამოკითხვა ჩატარებულიყო, ბევრად უკეთეს მაჩვენებელს ნამდვილად არ მივიღებდით. ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, რა შედეგებამდე მივყავართ მუდმივ გამოუძინებლობას.
აი, ის რისკები, რომლებსაც უძილობა ან ძილის დაღვევები განაპირობებს:
გაღიზიანებულობა
ებრაელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამოუძინებლობის შემთხვევაში ემოციური სტაბილურობა ირღვევა, რასაც ადამიანი გაღიზიანებულობამდე მიჰყავს. ასეთ დროს ადამიანებს უჭირთ რაიმე საქმის ბოლომდე მიყვანა.
თავის ტკივილი
მართალია, მედიკოსებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ იწვევს ძილის დარღვევები თავის ტკივილებს, მაგრამ ეს კავშირი მათ უკვე საუკუნეზე მეტია, რაც დაადგინეს. უძილო ღამეებმა ადამიანი შესაძლოა გამუდმებულ თავის ტკივილებამდე მიიყვანოს. როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანების 36-58 პროცენტი, რომელთაც ძილის აპნოე ახასიათებთ, დილით თავის ტკივილებით იღვიძებენ (აპნოე – ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს სუნთქვას წყვეტს. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამს ან მეტხანს გრძელდება).
მეხსიერება
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ არასაკმარისი ძილის დროს საგრძნობლად უარესდება ხანმოკლე მეხსიერების მუშაობა, რის გამოც ადამიანს ახალი მასალის ათვისება უჭირს.
წონის პრობლემა
ძილის უკმარისობა შიმშილის გრძნობას აძლიერებს და წონის მატებას იწვევს. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც ჰორმონალურ ბალანსს არღვევს, აიძულებს ორგანიზმს, წარმოქმნას მცირე რაოდენობით ლეპტინი (ჰორმონი, რომელიც ნაყროვანებაზეა პასუხისმგებელი) და გაცილებით დიდი რაოდენობით გრელინი (ჰორმონი, რომელიც შიმშილის გრძნობას განაგებს). შედეგად ადამიანს გამუდმებით შია.
გულის დაავადებები
სპეციალური ექსპერიმენტის მონაწილეებს 88 საათის განმავლობაში მუდმივად ეღვიძათ და თვალი ერთი წუთითაც არ მოუხუჭავთ, შედეგად, მათი არტერიული წნევა აიწია, რაც დიდი მოულოდნელობა ალბათ არც იყო. თუმცა მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც საკმარისად არ სძინავთ, ან ძილის დროს ხშირად იღვიძებენ და შფოთავენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ, ვიდრე დანარჩენები.
ინფექციები და გაციება
ერთი უძილო ღამეც კი თქვენს ორგანიზმს რისკის ქვეშ აყენებს და იმუნური სისტემის დაქვეითებას უწყობს ხელს. თუ გიკვირთ, რატომ ცივდებით ხშირად, მაშინ როდესაც მთელ დღეებს თბილ ოფისში ატარებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: საკმარისად გძინავთ? მეცნიერებმა 153 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მონაწილეთა ერთ ნაწილს 8 საათს ან უფრო დიდხანს ეძინა, ხოლო მეორე ნაწილს – 7 საათზე ნაკლები. ამის შემდეგ ისინი ერთნაირ გარემოში, სიცივეში მოათავსეს. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ძილის უკმარისობა აწუხებდათ, სამჯერ უფრო ხშირად ხდებოდნენ ავად, ვიდრე ისინი, რომელთაც სრულფასოვანი ძილით ეძინათ.
დიაბეტი
უძილობა შეიძლება დიაბეტის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს, რადგან ამ დროს მეტაბოლიზმის პროცესი ირღვევა. სიკვდილის რისკი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა პირდაპირ კავშირშია ძილთან, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ადამიანებისთვის, რომელთაც 7-8 საათზე ნაკლები სძინავთ, უფრო მაღალია სიკვდილის რისკი.
ჰოდა, ახლა თუ ღამის 11 საათზე გვიანია და თქვენ ჯერ კიდევ გღვიძავთ, გამორთეთ კომპიუტერი, გადადეთ გვერდზე ტელეფონი და დასაძინელად წადით – ეს ყველაზე გონივრული საქციელი იქნება.
მოამზადა თამარ ქავჟარაძემ
წყარო: www.businessinsider.com
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: რა იცით ძილის და სიზმრების შესახებ?
კომენტარები