მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც საბერძნეთის მოქალაქეობას ელოდება
როგორც ცნობილია, ადამიანები, რომლებსაც შეტანილი აქვთ განაცხადი საბერძნეთის მოქალაქეობის მისაღებად, წლობით ელოდებიან თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. რაც მთავარია, წინასწარ განსაზღვრული ვადები არ არსებობს და განმცხადებელს წარმოდგენა არ აქვს, როდის იქნება პასუხი.
ამჟამად მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც აღნიშნული ტიპის განცხადებებს განიხილავს, საკუთარ საიტზე გარკვეული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ გაარკვიოთ, როდის უნდა ელოდოთ თქვენი განაცხადის დაკმაყოფილებას.
კერძოდ, ვინც ელოდება მოქალაქეობას კოდექსის 1ბ მუხლის მიხედვით, ანუ ვინც საბერძნეთში მიიღო საშუალო განათლება (წარმატებით დაძლია საშუალო სკოლის მინიმუმ 6 კლასის პროგრამა), ამჟამად შემდეგი მდგომარეობაა: ათენში (ცენტრი) შესაბამისი სამსახური სადღეისოდ განიხილავს განაცხადებს, რომლებიც ზუსტად ორი წლის წინათ, 2017 წლის აპრილში დარეგისტრირდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თესალონიკში, სადაც ამჟამად 2016 წლის იანვრამდე დარეგისტრირებულ განაცხადებს განიხილავენ, ანუ ადამიანები უკვე სამ წელიწადზე მეტია ელოდებიან მოქალაქეობის მიღებას.
ყველაზე კარგად მუშაობენ დრამის, ხანიის, რეთიმნოს, პრევეზის, ახაიის, კორინთოს, ფლორინის სამსახურები, რომლებიც უკვე 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში დარეგისტრირებულ განაცხადებს განიხილავენ.
კოდექსის 1ა მუხლის მიხედვით, ანუ საბერძნეთში დაბადებული არასრულწლოვანი მოსწავლეების შემთხვევაში შემდეგი მდგომარეობაა: ათენში (ცენტრი) 2017 წლის იანვრამდე, თესალონიკში კი 2016 წლის აპრილამდე დარეგისტრირებული განაცხადების განხილვა მიმდინარეობს.
ზოგადად, ადრე განაცხადებს უფრო სწრაფად განიხილავდნენ, მაგრამ 2018 წელს შესაბამისი სამსახურები შეფერხებით მუშაობდნენ, რაც განხილვის ხანგრძლივობაზე უარყოფითად აისახა. მაგალითად, ათენში 1ა მუხლის მიხედვით 2017 წელს 1228 განაცხადი დაკმაყოფილდა, ხოლო 2018 წელს – მხოლოდ 603.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.ypes.gr/UserFiles/f0ff9297-f516-40ff-a70e-eca84e2ec9b9/eksetasi_aitimatwn.pdf
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა შემთხვევაში: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ათენში ამჟამად 2015 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში დარეგისტრირებული განაცხადები განიხილება, ხოლო თესალონიკში – 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში შეტანილი განაცხადები. ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა აღმოსავლეთ მაკედონია-თრაკიის რეგიონში, სადაც 2017 წლის თებერვლამდე შესული განცხადებების განხილვა მიმდინარეობს, ასევე, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე, სადაც შესაბამისი სამსახური 2018 წლის აპრილის განაცხადებს განიხილავს.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.ypes.gr/UserFiles/f0ff9297-f516-40ff-a70e-eca84e2ec9b9/Programmatismos_sunenteuksewn_allodapwn.pdf
მოამზადა ნინო ბაჯელიძემ
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში მოქალაქეობის შესახებ
ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი პირველი)
ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი მეორე)
ორმაგ მოქალაქეობასა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული დეტალური განმარტებები
კომენტარები