საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი პირველი)

20 მარტს საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც რეგულირდება გენდერული თანასწორობის, მოქალაქეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხები. საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია კანონის მეორე ნაწილი, რომელიც ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების ახალ რეგულაციებს აწესებს. ახალი კანონის ძირითადი დებულებანი ძალაში 26 მარტს, გამოქვეყნების შემდეგ შევიდა, ზოგიერთი მუხლი კი 31 მაისიდან იძენს კანონიერ ძალას.

რამდენადაც კანონი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს, თანმიმდევრულად მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ამჯერად კანონის 32-ე მუხლზე შევჩერდებით.

ახალი კანონის 32-ე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით, კომისია, რომელმაც ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა განიხილოს, თავად ატარებს გამოცდას ბერძნულ ენაში. კანდიდატმა უნდა შეძლოს დაამტკიცოს, რომ ფლობს ბერძნულ ენას B1 დონეზე. იმავე პარაგრაფის მიხედვით, კომისია ატარებს სპეციალურ გამოცდას (ტესტირებას), რომლის მიზანია კანდიდატმა წარმოაჩინოს საბერძნეთის ისტორიის, კულტურის, პოლიტიკური წყობისა და პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი ელემენტების ცოდნა. ორივე გამოცდის ფორმასა და შინაარსს განსაზღვრავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კანონის იმავე მუხლის მეორე პარაგრაფის მიხედვით, ბერძნული ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან შემდეგი კატეგორიის კანდიდატები: 1.ვინც ისწავლა ბერძნულ საშუალო სკოლაში და წარმატებით დაძლია მინიმუმ სამი კლასის სასწავლო პროგრამა; 2.ვინც მიიღო განათლება ბერძნულ სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომი; 3.ბერძნული ენის ცენტრის (Κέντρο Ελληνικής Γλώσσας) მიერ გაცემული ბერძნული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატების მფლობელები.

32-ე მუხლის მესამე პარაგრაფის მიხედვით, თუკი კანდიდატი განაცხადის შეტანის მომენტში უკვე არის 55 წლის და ცხოვრობს საბერძნეთში ლეგალურად მინიმუმ 20 წელი, ან არის 65 წლის, მას მოუწევს შედარებით ადვილი გამოცდის, ბერძნულად მეტყველებისა და კითხვის უნარების ტესტის ჩაბარება A2 დონეზე.

32-ე მუხლის ზემოაღწერილი დებულებები ძალაში შედის 2019 წლის 31 მაისიდან. მანამდე საბერძნეთის შინაგან სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ბერძული ენისა და სპეციალური გამოცდის (ტესტირების) პირობები. აღნიშნული გამოცდის შესახებ ახალ ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდი, რა თქმა უნდა, გამოქვეყნებისთანავე გაგაცნობთ.

გიორგი ჯანელიძე

ამავე თემაზე: ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი მეორე)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close