სალვინი ლეგალური მარიხუანის მაღაზიების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ აანონსებს – საპროტესტო მარში რომში

„ყველა მაღაზიის დახურვა, რომელიც ლეგალურ კანაფს ყიდის და ყველა ღონისძიების აკრძალვა, რომელიც მარიხუანის კულტს უკავშირდება“ – ეს წინადადება გააცნო იტალიის პარლამენტის დეპუტატებს მატეო სალვინომ 9 მაისს ნარკომანების რეაბილიტაციაზე მომუშავე რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან შეხვედრის შემდეგ.

„მეტის მოცდა აღარ შეიძლება. ნარკოტიკები – საგანგებო სიტუაციაა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათთან ბრძოლის ყველა მეთოდი, დაწყებული იმ ადგილების დახურვით, სადაც მათი შეძენა უპრობლემოდ შეუძლიათ“, – განაცხადა სალვინიმ.

ჯანდაცვის მინისტრი ჯულია გრილო სალვინის შეხედულებას არ იზიარებს: „არ უნდა გავავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რადგან კანაბისის მაღაზიებში ნარკოტიკებს არ ყიდიან“. Corriere.tv-ს ეთერში გამოსვლისას ჯულია გრილომ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს „ფეხმძიმეებისა და არასრულწლოვანთათვის ლეგალური მარიხუანის მიყიდვის შეზღუდვის შემოღებას“.

სალვინის ინფორმაციით, იტალიაში კანაბისის 1000-ზე მეტი მაღაზიაა, ერთ-ერთი მათგანი პალაცო კიჯიდან (იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია) 100 მეტრში მდებარეობს. ამრიგად, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, „ხვალიდანვე დავიწყებთ შემოწმებებს: მორიგეობით შევამოწმებთ მოვაჭრეებს მათი მაღაზიების ერთიმეორის მიყოლებით დახურვის მიზნით“.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით გასულ წელს ჯანდაცვის საკითხების უმაღლესმა საბჭომ ლეგალური კანაბისის მოხმარების რისკზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ შეუძლებელია მთლიანად გამოირიცხოს  ჯანმრთელობაზე იმ პროდუქტების მავნე ზეგავლენა, რომლებიც კანაფის ყვავილედებს შეიცავს და cannabis shop-ებში იყიდება; აქედან გამომდინარე, საბჭომ რეკომენდაცია გასცა, აიკრძალოს მარიხუანის თავისუფალი გაყიდვა.

ვიცე-პრემიერისა და შს მინისტრ მატეო სალვინის პოლიტიკის წინააღმდეგ გუშინ, 11 მაისს რომში გაიმართა საპროტესტო მარში „მილიონი მარიხუანა“ (Million Marijuana March – Mmm). დემონსტრაციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს რომის ცენტრიდან – რესპუბლიკის მოედნიდან სან ჯოვანის მოედნამდე. მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეებმა  მატეო სალვინის პარტია „ლიგის“ ლოგოს „ახალი ვერსია“ შექმნეს, რომელშიც  პარტიის სახელწოდება „ლიგა“ (იტ. Lega) შეცვალეს „ლეგალიზებით“ (Legalize), აგრეთვე, ალბერტო და ჯუსანოს მიერ შექმნილ ლოგოტიპში მებრძოლი მახვილის ნაცვლად მარიხუანის გიგანტურ სიგარეტს (იტ. ჟარგ. – spinello) იქნევს; ვენეციური ლომი ფარზე კი შეცვლილია იუდეური ლომით, რომელიც იუდეველთა ტომის, რასტას სიმბოლიკას წარმოადგენს.

        

მარში იტალიის შს მინისტრის მიერ ლეგალური მარიხუანით მოვაჭრე მაღაზიების დახურვის ღონისძიებების დაწყების წინააღმდეგ გაიმართა. „ლეგალური კანაბისის მაღაზიების დახურვა იგივეა, რაც პაბების დაურვა, რომლებიც უალკოჰოლო ლუდს ჰყიდიან“, – აცხადებდნენ ღონისძიების ორგანიზატორები.

პარლამენტში სალვინის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მალევე მაჩერატის კვესტორმა ანტონიო პინიატორომ ჩივიტანოვა მარკეში (Civitanova Marche) ლეგალური კანაბისის 2 მაღაზია დახურა. მისი განცხადებით, ეს მაღაზიები ნარკოტიკებით ვაჭრობენ. „ლეგალური მარიხუანა არ არსებობს და 0,5-იან ზღვარს შეცდომაში შევყავართ“, – განაცხადა მან.

სინამდვილეში, პინიატორო უკვე დიდი ხანია „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ აწარმოებს ამ ტიპის მაღაზიების წინააღმდეგ და მარიხუანის ყვავილედებით მოვაჭრე რამდენიმე მაღაზია სალვინის აქტივობის დაწყებამდეც დახურა. მაღაზიების დახურვის კანონიერების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 30 მაისს გახდება ცნობილი.

სალვინის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადების შემდეგ გაუქმდა ტურინის მარიხუანის საერთაშორისო ფესტივალიც, რომელიც 17-19 მაისს უნდა ჩატარებულიყო. „ამ ეტაპზე ძნელია გავაგებინოთ, რომ შოუ – ეს არ არის საღამოს წვეულება მსუბუქი ნარკოტიკების გავრცელების მიზნით, არამედ კულტურული და ინფორმაციული პროექტია, რომლის ძირითადი მიზანი კანაფის ისტორიისა და მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, – განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები. – მატეო სალვინის გამოსვლის შემდეგ  ბევრი სტენდის ოპერატორმა უარი თქვა ფესტივალში მონაწილეობაზე, ამიტომ იძულებლნი ვართ გავაუქმოთ ღონისძიება, რათა დამსწრეები გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დავიცვათ და მათი აქტივობები უშუალოდ ფესტივალზე არ დავაყენოთ რისკის ქვეშ“.

ისინი იმედოვნებენ, რომ „საკუთარი აზრის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა კულტურული ღონისძიების მეშვეობით მალე ისევ იქნება შესაძლებელი“.

როგორც ცნობილია, მატეო სალვინის და ლუიჯი დი მაიოს აზრი მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა.

მარიხუანის ლიბერალიზაციის კანონპროექტი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარებისთვის მის მოყვანას, იტალიის პარლამენტის ზედა პალატას – სენატს მიმდინარე წლის 9 იანვარს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ სენატორმა მატეო მანტერომ წარუდგინა.

„ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფაქტობრივად, ალკოჰოლის რისკის ინდექსი 114-ჯერ მაღალია, ვიდრე კანაბისის; მას [ალკოჰოლს] მოსდევს ჰეროინი, კოკაინი და თამბაქო“, – განმარტა მაშინ სენატორმა მანტერომ და აღნიშნა, რომ „იტალიელთა 70 პროცენტზე მეტი ლეგალიზაციას მხარს უჭერს“.

თუმცა მალევე სალვინიმ განცხადება გააკეთა, რომ ლუიჯი დი მაიოს პარტიის მიერ წარმოდგენილ კანონოროექტს მხარს არ დაუჭერდა. „ეს წინადადება არასდროს იქნება მიღებული“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, სამთავრობო პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ დეპუტატების აზრით, ვინც მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს არ უჭერს, შეგნებულად თუ უნებლიეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს იცავს.

ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში და გახდება თუ არა ეს საკითხი ორ სამთავრობო პარტიას შორის განხეთქილების მორიგი თემა, ახლო მომავალში ვნახავთ.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: http://www.ansa.it

Vista Agenzia Televisiva Nazionale

თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ 

ამავე თემაზე: იტალიის მმართველმა პარტიამ სენატში მარიხუანის ლიბერალიზაციის კანონპროექტი წარადგინა

სალვინი უარყოფს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას და არც მარიხუანის ლეგალიზაციას უჭერს მხარს

ვიდეო: Million Marijuana March (Mmm) რომში

კომენტარები