საზოგადოებაnewsსაქართველო

ზვიად გამსახურდიას საიუბილეოდ საფოსტო მარკა გამოდის

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „საქართველოს ფოსტა“ მისი სახელობის მარკას გამოსცემს. მარკის ტირაჟი 20 000 ცალია, ხოლო ნომინალური ღირებულება – 2 ლარი.

ახალი საიუბილეო მარკა უკვე დაამტკიცა მარკების ეროვნულმა კომისიამ. მისი პრეზენტაცია 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე გაიმართება. მარკა უახლოეს დღეებში შევა მიმოქცევაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ.

საიუბილეო საფოსტო მარკა წითელ, შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროინდელი საქართველოს დროშისა და გერბის ფერების შესაბამისად. მისი დიზაინი გოგა ქართველიშვილს ეკუთვნის.

ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის აპრილში აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნიდან განდევნეს.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში. საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება რამდენჯერმე განახლდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close