საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე 3 მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა, მათ შორის, ე. წ. კანონიერი ქურდი

პოლიციის მიერ ამოღებული ნივთები
საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა, მათ შორის, ე. წ. კანონიერი ქურდი. ამის თაობაზე ბერძნული გამოცემა „პროტოთემა“ წერს სტატიაში, სახელწოდებით „Γεωργιανή μαφία: Εξαρθρώθηκε σπείρα που είχε «ξαφρίσει» την Αθήνα“. 

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულთა ჯგუფს, რომელსაც 38 წლის მამაკაცი ხელმძღვანელობდა, ატიკის რეგიონში ბინების გაქურდვაში ედება ბრალი. „პროტოთემა“ ჯგუფის ლიდერს „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებს, ოღონდ რუსულად – “VOR V ZAKONE” და განმარტავს, რას ნიშნავს ეს „ტიტული“ (“κλέφτες στο νόμο” – ბერძნულად, “Thieves In Law” – ინგლისურად). პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 3 მამაკაცია, ერთი კი – ქალი. „პროტოთემა“ ბრალდებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა საქართველოს შსს-ს ცნობით, ე. წ. კანონიერი ქურდი 1981 წელს დაბადებული გიორგი ენდელაძეა, მეტსახელად „თავა“.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ამოიღეს მოპარული ნივთები, აგრეთვე, იარაღი, ჯავშანჟილეტები, ნიღბები, რომლებსაც კრიმინალები ქურდობის დროს იყენებდნენ. დაკავებულები ბინებს ორი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ – ამ მომენტისთვის გამოძიებამ გამოავლინა ბინების ძარცვის 28 შემთხვევა ატიკის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ათენში.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:

„ბერძენმა სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 4 მოქალაქე მიმდინარე წლის 14 მარტს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 1981 წელს დაბადებული ე. წ. „კანონიერი ქურდი“ გიორგი ენდელაძეა – მეტსახელად „თავა“. ასევე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული თ. კ., 1978 წელს დაბადებული თ. ვ. და 1987 წელს დაბადებული ა. ვ.; მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფი საბერძნეთში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა.

ნინო ხოშტარია

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/873806/georgiani-mafia-exarthrothike-speira-pou-eihe-xafrisei-tin-athina/?fbclid=IwAR37Otq-WJYsCFUM_gxgWITPCKguACnRyaWEtX22Jd-7TmU4CSQBEL9LDXQ

კომენტარები