ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

პირველი ქართველი ბიჭუნა ნიუ-იორკის პრესტიჟულ ლემანის სკოლაში, რომელიც კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობს

ამ ინტერვიუს მთავარი გმირი 7 წლის ლუკა სხირტლაძეა – საოცარი ბიჭუნა, რომელიც NATIONAL GEOGRAPHIC-სა და SCIENTIFIC AMERICAN-ში სამეცნიერო სტატიებს კითხულობს და ასტრონომობაზე ოცნებობს.

ლუკა ფილადელფიაში კერძო სკოლაში სწავლობს, თუმცა სექტემბრიდან სხვა სასწავლებელში გადავა. საქმე ისაა, რომ მან თებერვალში ურთულესი გამოცდა ჩააბარა და ნიუ-იორკის პრესტიჟულ ლემანის მოსამზადებელ სკოლაში – Léman Manhattan Preparatory School-ში ჩაირიცხა. იგი პირველი ქართველია ამ სასწავლებელში. დღეს კვირაა და სანამ ლუკა ლეგოთი ერთობა, ლუკას დედას – ქეთის ვესაუბრები…

ქეთი ივერი უკვე თითქმის 15 წელია, ამერიკაში ცხოვრობს, ამჟამად ნიუ-იორკში Citi ბანკში მუშაობს ვიცე-პრეზიდენტად. როგორ მოხვდა შტატებში და როგორ მიაღწია ასეთ დიდ წარმატებას, ინტერვიუდან შეიტყობთ.

ქეთი ივერი: ამერიკაში პირველად 2004 წელს ჩამოვედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2 კურსის დამთავრების შემდეგ – კონკურსში გავიმარჯვე და ბოსტონში, ჰარვარდში გამართულ სემინარებში ვმონაწილეობდი. იმ პერიოდში მამაჩემი უკვე იმყოფებოდა აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში. როდესაც მამასთან ჩავედი, პირველად ვნახე პენსილვანიის უნივერსიტეტი – ეს ის უნივერსიტეტია, სადაც დაიწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძალიან დიდი ნაწილი; რომელიც არაერთმა პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა დაამთავრა… ძალიან მომეწონა, მით უფრო, რომ ჩემს სფეროში დღემდე ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა (ჩემს ფაკულტეტს ამჟამად ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენი).

პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, დავამთავრე მაგისტრატურა და ამის შემდეგ უკვე ჩავაბარე დოქტორანტურაზე ნიუ-იორკის სამართლის სკოლაში; სულ რაღაც 3 წლის წინ მივიღე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი საბანკო და კორპორაციული სამართლის სფეროში და უკვე 2,5 წელია ვმუშაობ Wall Street-ზე, უმსხვილეს საინვესტიციო ბანკ Citigroup-ის სათავო ოფისში. გასულ ზაფხულს გავხდი ვიცე-პრეზიდენტი, რაც ძალიან დიდი ნახტომი იყო ჩემი კვალიფიკაციისთვის… ჯერჯერობით ძალიან წარმატებულად მიდის ჩემი პროფესიული საქმიანობა.

როგორ მოხვდითსითი ბანკში“, ვაკანსია ნახეთ და განაცხადი შეიტანეთ?

New York-ის სამართლის სკოლის სამწლიანი სწავლების პერიოდში ყოველ ზაფხულს წარჩინებული სტუდენტები გადიან ინტერნატურის საზაფხულო კურსს, რომელსაც ეწოდება “summer associate job”. გამომდინარე ჩემი აკადემიური მოსწრებიდან, პირველივე ზაფხულს ვიმუშავე უმსხვილეს საერთაშორისო იურიდიულ ფირმაში – Cadwalader, Wickersham and Taft. LLP-ის ფინანსური პროექტირებისა და რეგულაციების დეპარტამენტში. სწორედ იქ ვეზიარე პირველად Wall Street-ის საინვესტიციო კულტურასა და მუშაობის დინამიკას. მეორე ზაფხულს ძალები თავად საინვესტიციო ბანკში ვცადე და უმსხვილეს შვეიცარიულ საინვესტიციო ბანკ Credit Suisse-ში გავიარე კვალიფიკაცია. ჩემი აკადემიური და უკვე პროფესიული კვალიფიკაციის პირობებში გაბედულად გავედი Citigroup-ის ინტერვიუებზე, რომელიც ყოველ ზაფხულს იმართება სამართლისა თუ ბიზნესის ყველა სკოლაში. კონკურსი სამი რაუნდისაგან შედგებოდა და მე ინტერვიუები გავიარე Citigroup-ის 6 ყველაზე მაღალი თანამდებობის პირთან – დაწყებული ბიზნესის და დამთავრებული იურიდიული სექტორის წარმომადგენლებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ 8 associate აიყვანეს და მეც – მათ შორის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მეძლევა Citi-ს კალიბრის ინსტიტუციაში ვიმსახურო და ავიმაღლო პროფესიული კვალიფიკაცია. ეს ის უნივერსალური ცოდნა, პრაქტიკა და კონტაქტებია, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია.

ლუკა სად სწავლობს?

ლუკა მეორე კლასს ასრულებს – ამჟამად ქალაქ ფილადელფიაში, კერძო სკოლაში სწავლობს. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც გავიგეთ, რომ ნიუ-იორკში ლემანის მოსამზადებელ სკოლაში (Léman Manhattan Preparatory School) ჩაირიცხა.

ზოგადად, ასეთ Preparatory სკოლებს ძალიან დატვირთული პროგრამა აქვს, სხვებისგან განსხვავებით. Léman Manhattan Preparatory School-ი 1960 წელს დაფუძნდა ქალაქ ჟენევაში, შვეიცრიაში. სკოლა მდებარეობს ნიუ-იორკის ისტორიულ ფინანსურ ნაწილში Wall Street-ზე და აქვს სამი კამპუსი – შვეიცარიაში, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში. სკოლა გასცემს International Baccalaureate Diploma-ს (საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს), რომელიც გულისხმობს, რომ მის კურსდამთავრებულებს აქვთ უმაღლესი სტანდარტის გლობალური განათლება და მათი აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით ირიცხება ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: ჰარვარდი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, იელისა და სტენფორდის უნივერსიტეტები. ლუკას გატაცებებს შორის დომინირებს ჭადრაკი, თხილამურებით სრიალი, ასტრონომია და პროგრამირება. ლემანის სკოლის სიმძლავრე და აკადემიური დატვირთვა იმდენად მაღალია, რომ მისი კურსდამთავრებულები გაცილებით უკეთ არიან მომზადებულები, ვიდრე ნებისმიერი სხვა სკოლის მოსწავლეები.

ამჟამად ლუკა ბებიასა და პაპასთან არის ფილადელფიაში?

დიახ, ლუკას ჩემი სტუდენტობის წლებში, ფაქტობრივად, ჩემი მშობლები ზრდიდნენ – რისთვისაც უაღრესად მადლიერი ვარ მათი. რომ არა მათი ეს უპირობო თანადგომა, ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ამ მასშტაბის პროფესიული წინსვლა და, ამავდროულად, ლუკას მომავლისათვის გზის გაკვალვა. თუმცა ამჟამად, შეიძლება ითქვას, რომ მე ორივე ქალაქში ვცხოვრობ ერთდროულად – საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი საათის დისტანციაა მანჰეტენიდან ჩემი მშობლების სახლამდე. ივნისიდან ლუკა ოფიციალურად გადმოვა ჩემთან, ნიუ-იორკში.

ლუკას მამა?

ლუკას მამა და მე ერთად არ ვცხოვრობთ დიდი ხანია. იგი ექიმია, ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს. გარკვეული პერიოდი ისიც შტატებში ცხოვრობდა. მართალია, ახლა საქართველოშია, მაგრამ ისიც საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ლუკას აკადემიურ მომზადებაში, ძალიან დიდი თანადგომა გვაქვს მისი მხრიდანაც.

როგორც ჩანს, ლუკა ძალიან მოწადინებულია სწავლაზე და შრომისმოყვარე ბავშვია.

შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ადრეული ასაკიდან იყო გამორჩეული: აინტერესებდა თავისი ასაკისთვის რთული კონცეფციები, მაგალითად, ბოლო 3 წელია საკმაოდ სერიოზულად არის გატაცებული ასტრონომიით. სრულიად შემთხვევით ვიყიდეთ პირველი ანბანის წიგნი, რომელშიც მოცემული იყო ანბანი ასტრონომიული ფიგურებით და სურათებით. ლუკა ძალიან გაიტაცა ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, იმ პერიოდიდან მოყოლებული კითხულობს National Geographic-ს, ძალიან უყვარს Scientific American, სადაც სამეცნიერო სიახლეებია აღწერილი თეორიების და მტკიცებულებების დონეზე. მისთვის ამის აღქმა ცოტა რთულია, მაგრამ ჩვენი დახმარებით მეტ-ნაკლებად ცდილობს, ეს ყველაფერი შეიმეცნოს.

ლუკა ძალიან წარმატებული მოსწავლეა სკოლაში, ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული. პენსილვანიის შტატის 2018 წლის მონაცემებით, 93%-იანი მოსწრება ჰქონდა, რაც ძალიან მაღალია.

რაც შეეხება ლემანში მოხვედრას, ჩააბარა ძალიან რთული, 3-საათიანი სტანდარტიზებული ტესტი და ტესტის შედეგები ჩემთვისაც შოკი იყო, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ არ მომზადებულა… პირველად რომ ვაჩვენე, ძალიან მოეწონა ეს სკოლა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ ყველაფერს. თავად ლემანშიც, გარდა სტანდარტიზებული ტესტისა, რომელსაც ნიუ-იორკის შტატი მოითხოვს, დაწერა საკმაოდ რთული მისაღები გამოცდა მათემატიკაში, კითხვის და შემეცნების უნარების ტესტი და შემოქმედებითი წერა – ამ კომპონენტში დაწერა მოკლე, ძალიან საინტერესო თემა სწორედ ალბერტ აინშტაინის შესახებ, რომელიც, როგორც შედეგების გამოქვეყნების შემდგომ კომისიის წევრებმა აღნიშნეს, იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი თემა, რაც ბავშვებს მის ასაკში დაუწერიათ ლემანში.

ლუკას თამაშისთვის თუ სცალია?

საერთოდ, ძალიან აქტიური ბავშვია: დადის ჭადრაკზე (კარგად თამაშობს უკვე), დადის ცურვაზე, ძალიან უყვარს მეგობრებთან თამაში.

ქართული იცის?

ქართული იცის, თუმცა არის მომენტები, როდესაც რაღაც არ ესმის… ცოტა ურევს ერთმანეთში ქართულს და ინგლისურს. მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი მცდელობისა, სკოლაში გატარებული 7 საათი ისეთ გავლენას ახდენს მის ქართულზე, რომ ვგრძნობ, აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ საქართველოში სასწრაფოდ.

არ ყოფილა საქართველოში?

კი, როგორ არა, ბაღის ასაკში, თუმცა მაშინ მე სტუდენტი ვიყავი და მხოლოდ არდადეგებზე ვახერხებდით ჩამოსვლას. ბოლო სამწელიწად-ნახევარია, აღარ ვყოფილვართ ჩემი მოუცლელობის გამო – ჯერ სადოქტოროს ვიცავდი, შემდეგ ახალი დაწყებული მქონდა სამსახური… მაგრამ ზაფხულში მოვდივართ…

ლუკას მამა, პაპა და ბებია მამის მხრიდან საქართველოში არიან, ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს, მთელი ოჯახი ძალიან გვიდგას მხარში ლუკას აღზრდა-განათლების საქმეში.

მთავარი გმირის გარეშე ინტერვიუ მაინც არ გამოგვივიდა და ლუკა ლეგოებს მოვწყვიტეთ:

ლუკა, გამარჯობა, როგორა ხარ?

კარგად.

მომილოცავს წარმატება და ლემანის სკოლაში ჩარიცხვა. სწავლა გიყვარს?

კი…

თამაში უფრო გიყვარს თუ სწავლა?

ორივე.

გაქვს თამაშის დროს?

ჰოო.

რა თამაში გიყვარს?

ცურვა, სკიინგი (თხილამურებით სრიალი – ნ. ლ.).

ვინ გინდა, რომ გახდე, როცა გაიზრდები, იცი თუ ჯერ არა?

ასტრონომი!

ასტრონომი?!

იმიტომ, რომ მიყვარს და სპეისში (კოსმოსში – ნ. ლ.) მინდა, რომ წავიდე.

მეგობრები გყავს?

ჰოო.

აბა, მითხარი, ვინ არიან შენი მეგობრები:

ალექსი, ოლივია, ლეილა, ლიზა…

კარგი ლუკა, დიდი მადლობა, დრო რომ დამითმე, ბოდიში, რომ ლეგოებს მოგწყვიტე!

***

ქეთი, რამდენად გაქვთ დრო ლუკასთვის, თქვენი საპასუხისმგებლო სამუშაოდან გამომდინარე?

მიუხედავად ჩემი საკმაოდ დატვირთული რეჟიმისა და საპასუხისმგებლო სამსახურისა, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არაფერს აქვს აზრი, თუ ეს ყველაფერი არ მოვახმარე ლუკას აღზრდას და კეთილდღეობას. შესაბამისად, ფაქტობრივად, ყოველდღე, როდესაც სამსახური სრულდება, ჩემს დროს და ენერგიას მთლიანად მას ვუთმობ; და ძალიან ხშირად – თითქმის ყოველ შაბათ-კვირას, რათა მოვწყდეთ სამეცადინო რეჟიმს და განვიტვირთოთ.

ლუკას ძალიან უყვარს მუზეუმებში სიარული, განსაკუთრებით იქ, სადაც შეიძლება მშვიდად დაჯდეს და დახატოს – საკმაოდ კარგად ხატავს და მინდა ამ მხრივაც განვითარდეს, თუ მოწოდება ექნება. ხშირად დავდივართ გუგენჰაიმში, აგრეთვე, ბავშვების სამხატვრო მუზეუმში; ძალიან უყვარს მათემატიკის მუზეუმი – ეს არის მისი საყვარელი სივრცე – და ხშირად ვსტუმრობთ გალერეებში გამოფენების გახსნას, როდესაც ლუკა ნიუ-იორკშია.

თქვენთვის თუ გრჩებათ დრო?

რაც შეეხება პირადად ჩემს დროს და იმას, თუ მე როგორ ვახერხებ განტვირთვას: ვცდილობ გამოვნახო დრო სამოგზაუროდ – ალბათ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჰობი; მიმაჩნია, რომ მოგზაურობა, სხვა კულტურების და ხალხების გაცნობა, განსაკუთრებით ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, არის ძალიან საინტერესო – შეიძლება ითქვას, რომ ყოველ მესამე-მეოთხე თვეს ვცდილობ ვესტუმრო ახალ კულტურას. რამდენიმე დღეში მივდივარ აზიაში, ნეპალის და შრი-ლანკის მოსანახულებლად (ამწუთას ქეთი უკვე ნეპალშია – ნ. ლ.).

ლუკასაც და მეც ძალიან გვიყვარს თხილამურებით სრიალი და ეს ჩვენი განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა ზამთარში, აგრეთვე, ძალიან გვიყვარს ცურვა ორივეს…

ჩემი პროფესიიდან და ნიუ-იორკში ჩემი საკმაოდ დიდი სამეგობრო წრიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა, ზოგჯერ წევრის სტატუსით, ზოგჯერ, უბრალოდ, როგორც მიპატიჟებულ სტუმარს, ასე რომ, სოციალური ცხოვრება, მინდა-არ მინდა, ასევე საკმაოდ აქტიური მაქვს.

როგორც ვხედავ, ფუნდამენტურად დამკვიდრდით ამერიკაში და ალბათ საქართველოში აღარ დაბრუნდებით. აშშის მოქალაქეები ხართ?

კი, ლუკა აქ არის დაბადებული, მე ნატურალიზაციის წესით მივიღე მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ. დიდი ხანია, აქ ვარ, პროფესიული განათლებაც აქ მივიღე, აქ ვმუშაობ, მაგრამ ჩემთვის პირადად არ არსებობს დღე, როდესაც საქართველოსთან გამიწყვეტია კავშირი აქ ცხოვრების თითქმის 13-წლიანი პერიოდის განმავლობაში. სადაც არ უნდა ვიყოთ და რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მიმაჩნია, რომ ყოველი ქართველი – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც საქართველოსგან შორს ვიმყოფებით – ვართ ჩვენი ქვეყნის ელჩები. მით უმეტეს, ისეთ სფეროში, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, სადაც საკმაოდ გავლენიან და ცნობილ ადამიანებთან მიწევს შეხვედრა – მიმაჩნია, რომ უნდა იყო რაც შეიძლება „ხმამაღალი“ (თუმცა ტაქტიანი) დესპანი და მიაწოდო ყველას ის მესიჯი, რომელიც საქართველოს დაეხმარება.

ჩემთვის ჩემი თითოეული წარმატება არის ჩემი ქვეყნის წარმატება – ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. პენსილვანიის უნუვერსიტეტში, მაგალითად, მე ვიყავი პირველი ქართველი სტუდენტი, ისევე როგორც ლუკა არის პირველი ქართველი მოსწავლე ლემანში და მგონია, რომ ამან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის წინაშე. იდეა, რომ საქართველოში დავბრუნდე რაღაც ეტაპზე და ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქვეყანას, რა თქმა უნდა, არსებობს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და რა ეტაპზეც არ უნდა მივიდეთ, ის სიყვარული და მონატრება სამშობლოსი, რომელიც მთელ ჩვენს ერში არსებობს, გვავალდებულებს, რომ სამშობლოს დავუბრუნდეთ.

მთავარია, მომდევნო თაობა არ დაიკარგოს და მომდევნომ და მისმა მომდევნო თაობამაც იცოდეს თავისი ფესვები და გული შესტკიოდეს საქართველოზე

ლუკა აქ დაიბადა და აქ იზრდება, სამწუხაროდ, არ ჰქონია საქართველოში აქტიურად მოგზაურობის და საკუთარი სამშობლოს კულტურის გაცნობის გამოცდილება, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, თუმცა ჩემს ვალად მიმაჩნია, მას ყოველთვის ახსოვდეს, რომ ჩვენი სახლი – საქართველოშია და ყოველთვის ასე ეცნობოდეს ყველას. როცა ლემანში ინტერვიუები ჰქონდა, ლუკა ყველას გაეცნო, როგორც ქართველი, და არა – როგორც ამერიკელი.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close