ემიგრანტი ქალი 15 თვის ძებნის შემდეგ ათენის ნიკიის სასაფლაოზე ვერტიკალურად დამარხული იპოვეს

ნამდვილი შოკი იყო ქალიშვილისთვის, როდესაც საკუთარი დედა, 15-თვიანი ძებნის შემდეგ, ათენში ნიკიის მესამე სასაფლაოზე პლასტიკის კუბოთი ვერტიკალურად დამარხული ნახა.

პოლონეთის მოქალაქის – 60 წლის ალისია კლიმეკის ტრაგიკული ისტორია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა საბერძნეთში, მართლაც შოკისმომგვრელია.

ქალი ბოლოს 2017 წლის 4 დეკემბერს ესაუბრა ნათესავებს, ამის შემდეგ კი დაიკარგა. ოჯახმა განცხადება განათავსა პოლონურ საიტზე, რომელზეც დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. სწორედ ამ საიტზე გამოქვეყნებული ფოტოთი იცნო იგი ერთ-ერთმა მეგობარმა ქალმა, რომელიც ასევე საბერძნეთში ცხოვრობს. მან ბერძნული ტელევიზიის, ALPHA TV-ის გადაცემას „Φως στο Τούνελ“ („სინათლე გვირაბში“) მიმართა, რომელიც დაკარგულების ძებნითაა დაკავებული; გარდა ამისა, ალისიას ძებნა ფეისბუქითაც დაიწყო. 15 თვის შემდეგ ქალის ცხედარი ნიკიის (ათენი) მესამე სასაფლაოზე აღმოაჩინეს, პლასტიკის კუბოთი ვერტიკალურად დამარხული.

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 10 დეკემბერს ალისია კლიმეკი სასწრაფო დახმარების მანქანამ მიიყვანა გულის შეტევის ნიშნებით პატისიის რაიონში მდებარე საავადმყოფოში (Παμμακάριστος), სადაც გარდაიცვალა. მისი ცხედარი სასამართლო-სამედიცინო სამსახურის მორგში გადაიყვანეს და დაარეგისტრირეს, როგორ „ამოუცნობი პიროვნება“, რადგანაც ქალს თან არ ჰქონდა დოკუმენტები (მისი ჩანთა უკვალოდ გაქრა).

მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალბატონი კლიმეკის ქალიშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ძალიან ღელავდა დედის ბედზე და საბერძნეთის სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვდა დახმარებას.

ტელეგადაცემამ „სინათლე გვირაბში“ საბერძნეთში შეკრიბა ალისია კლიმეკის ოჯახის წევრები. მათ დნმ-ის ტესტზე ჩააბარეს ანალიზები, რათა დასაფლავებულ ამოუცნობ პირებთან მათი კავშირი შეემოწმებინათ.

ბოლოს და ბოლოს, 15-თვიანი ლოდინის შემდეგ ოჯახს ოფიციალურად აცნობეს პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ მათ მიერ ჩაბარებული დნმ-ის ნიმუში იდენტიფიცირებულია.

ამის შემდეგ მათ ახალი საშინელება ელოდათ – როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ნიკიის სასაფლაოზე მივიდნენ, ნამდვილი ნაგავსაყრელი დახვდათ – მიწის ჩანაშალის კუთხეში ვერტიკალურად იყო მოთავსებული სანახევროდ დამარხული პლასტიკის კუბო.

„ისე ჩანდა, რომ კუბო პირდაპირ ჩააგდეს ორმოში, – განაცხადა ოჯახის მთარგმნელმა, ტელეწამყვანმა ედიტა კოზაკმა „Φως στο Τούνελ”-სთან სატელეფონო საუბარში. – მე ამ ოჯახის ნათესავი არ ვარ, მაგრამ მეც ავტირდი. საშინლად შემრცხვა იმის გამო, როგორც მოექცა სახელმწიფო ხელისუფლება მოქალაქეს. წარმოიდგინეთ, რა შოკს მიიღებდა მისი ქალიშვილი“.

ოჯახმა დიდი მადლობა გადაუხადა გადაცემის „სინათლე გვირაბში“ კოლექტივს, რომელიც მთელი ამ პროცესის განმავლობაში გვერდში ედგა მათ.

წყარო: https://www.thepressroom.gr/media/fos-sto-toynel-1603-tin-ethapsan-orthia-se-plastiko-feretro

კომენტარები