საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთის საპრეზიდენტო გვარდიის ჯარისკაცი ტრაგიკულად დაიღუპა

ათენში, საბერძნეთის პარლამენტის შენობის წინ მდებარე უცნობი ჯარისკაცის მემორიალის მცველი 24 წლის ჯარისკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. შემთხვევა 21 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც ცნობილი გახდა, ჯარისკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, 21 თებერვალს, დღის განმავლობაში ორჯერ მორიგეობდა უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან. საღამოს ათ საათზე ის გააფრთხილეს მომზადებულიყო მესამე მორიგეობისთვის, რომელიც ნახევარ საათში იწყებოდა. ამის შემდეგ ჯარისკაცი ცუდად გახდა. მართალია, ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა ახალგაზრდის დახმარება ვერ შეძლეს. პაციენტი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზების თაობაზე დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი საბერძნეთის პარლამენტის შენობის წინ გასული საუკუნის 30-იან წლებში აიგო და ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს ეძღვნება. მას იცავენ ე. წ. ევზონები, რომლებიც დღეს საბერძნეთის არმიის ელიტურ დანაყოფს წარმოადგენენ. ისინი დამოუკიდებლობისათვის ომში აქტიურად მონაწილეობდნენ, 1833 წელს რეგულარული არმიის ნაწილებში გაერთიანდნენ, ხოლო 1840 წლიდან სამეფო გვარდიას წარმოადგენენ. დღეს ევზონებს საპრეზიდენტო გვარდიად მოიხსენებენ. ამ საპატიო ყარაულში მოხვედრისთვის ჯარისკაცი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, სიმაღლის თვალსაზრისითაც – ევზონების სიმაღლე მინიმუმ 1.87 მეტრი უნდა იყოს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close