ქართველი ექიმი დიდ ბრიტანეთში: „რაც თავი მახსოვს, ემიგრანტი ვარ“

ოთარ ლაზარიაშვილი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ექიმია. ბრიტანეთში წასვლამდე იგი რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. „რაც თავი მახსოვს, ემიგრანტი ვარ…“ – ამბობს იგი NOSTAL.GE-სთან ინტერვიუში.

ლონდონში ცხოვრობთ და მუშაობთ?

ლონდონში არა, ვერიდები ლონდონს. დიდ ქალაქში მოსკოვში ვიცხოვრე და აღარ მინდა. 8 წელია, რაც ბრიტანეთში ვარ. ამჟამად ჰემპშირის საგრაფოში ვცხოვრობ, ინგლისის სამხრეთში. ვმუშაობ Southampton General Hospital-ში გადაუდებელი მედიცინის და კარდიოლოგიის განხრით. სამედიცინო ინსტიტუტი თბილისში დავამთავრე (პედიატრიული ფაკულტეტი). პედიატრად მხოლოდ 2 წელი ვიმუშავე თავიდან, მერე დიდებში გადავინაცვლე. ამჟამად ორი მიმართულებით ვმუშაობ: შინაგანი მედიცინა და კარდიოლოგია (internal (hospital) medicine and cardiology). რამდენიმე წელი დიაგნოსტიკის მიმართულებითაც ვიმუშავე.

ახლახან დავამთავრე სადოქტორო დისერტაცია კარდიოლოგიაში გულის უკმარისობის თემაზე. ასე რომ, კვლევითი სამუშაოს შესრულებაც მიწევს ხოლმე. ინგლისში სამედიცინო სისტემა ძალიან განსხვავდება. აქ რომ ჩამოვედი, ვინაიდან კლინიკური მიმართულებით მინდოდა მუშაობა და იმის გამოც, რომ ადვილი არ არის დიდ ბრიტანეთში საკუთარი პროფესიით დასაქმდე, დაბალი საფეხურების გავლაც კი მომიწია. არ მითაკილია არცერთი წამით. მთავარია მონდომება.

ისე, რაც თავი მახსოვს, ემიგრანტი ვარ.

მთელი ცხოვრება?!

პატარა ვიყავი, როცა მამამ რუსეთში წამიყვანა. მამაჩემი მშენებელი ინჟინერი იყო. ციმბირში პატარა ქალაქია, კედროვი, ტომსკის ოლქში, იქ დავამთავრე სკოლა. ამის მერე მშობლიურ მხარეს, საქართველოს დავუბრუნდი. 1996 წელს დავამთავრე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. მოგეხსენებათ, მაშინ როგორი არეული სიტუაცია იყო. აქედან გამომდინარე, ვერ ვნახე ვერანაირი პერსპექტივა, რამაც დამაწყებინა ფიქრი, რომ წავსულიყავი საქართველოდან კარიერის მოსაწყობად. რადგან რუსულის გარდა სხვა ენა არ ვიცოდი, რუსეთში წავედი. ციმბირის რეგიონში, ტომსკის ოლქში გავიარე ორდინატურა კარდიოლოგიაში. ამის მერე სამუშაოდ გადავედი ტიუმენის ოლქში, შემდეგ კი – მოსკოვში. რუსეთის დედაქალაქში გავატარე რამდენიმე წელი და შემდეგ გავემგზავრე ინგლისში.

ბრიტანეთში ემიგრანტისთვის საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნა რთულია, ეს თავადაც აღნიშნეთ. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ექიმი, რომ წარმატებას მიაღწიოს?

მთავარი კრიტერიუმი სურვილი და ნებისყოფაა. მარტივი არაფერია, ყველაფერს მოპოვება სჭირდება.

რომ არა ექიმი, ვინ იქნებოდით?

სხვათა შორის, ბევრს უკითხავს, ჩემს მეგობრებსაც კი, მაგრამ ჩემი პროფესია იმდენად „ჩემია“, ის, ასე ვთქვათ, ჩემი მომთხოვნი „ქალბატონია“, რომელსაც ყოველთვის რაღაცა უნდა. როგორც ასეთი, ბევრი ინტერესი მაქვს, მაგრამ მედიცინას თავს ვერასდროს დავანებებ.

ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

ქართული სამზარეულო და ჩემი ახლობელი ადამიანები. თუმცა მე თვითონაც ვიცი, მაგალითად, ხინკლის მოხვევა-მომზადება.

ოჯახი გყავთ?

არა, დაოჯახებული აღარ ვარ.

რამდენად ხშირად გრჩებათ თავისუფალი დრო და როგორ ატარებთ?

თავისუფალი, როგორც ასეთი, იშვიათად ვარ, მაგრამ როცა დროს გამოვნახავ ხოლმე საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად, მიყვარს ბუნებაში ხეტიალი, ლაშქრობებზე სიარული.

საქართველოში ჩამოდიხართ ხოლმე?

ვცდილობ, როგორც შემიძლია.

წარმოშობით საიდან ხართ?

თელავიდან, მაგრამ თელავში არასოდეს მიცხოვრია. ამის მიუხედავად ძალიან მიყვარს ეს ქალაქი.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, თუ აპირებთ სამშობლოში  დაბრუნებას?

ჯერჯერობით დაბრუნებაზე ფიქრით ვერ მოვიტყუებ თავს, მაგრამ სამომავლოდ ალბათ ამაზეც დავიწყებ ფიქრს, რადგან საქართველო ქართველების გარეშე არაფერია!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები