იტალიაკულტურასაზოგადოება

„სალვინის თუ არ მოვწონვარ, ეს მისი პრობლემაა“, – ამბობს სან რემოს ფესტივალის აფრიკული წარმოშობის გამარჯვებული

„მე 100%-ით იტალიელი ვარ და ჩემი შესრულების სტილს ჰქვია მაროკო-პოპი… სალვინის თუ არ მოვწონვარ, ეს მისი პრობლემაა“, – ასეთი კომენტარი გააკეთა საინფორმაციო სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში სან რემო 2019-ის გამარჯვებულმა, ეგვიპტური წარმოშობის მაჰმუდმა იტალიის ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის სიტყვებზე, რომ ერჩივნა ფესტივალის გამარჯვებულად სხვა შემსრულებელი ეხილა.

27 წლის ალესანდრო მაჰმუდმა, რომელიც სან რემოს ფესტივალზე წელს მაჰმუდის (Mahmood) ფსევდონიმით გამოდიოდა, ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა სიმღერით “Soldi” („ფული“). ყველაზე მეტად თავად მაჰმუდს გაუკვირდა საკუთარი გამარჯვება – იმდენად, რომ პირდაპირი მნიშვნელობით დამუნჯდა.

„ჯერ ისევ „ვინელებ“ მომხდარს, – თქვა მეორე დღეს ინტერვიუში ემოციებისგან დაღლილმა, მაგრამ ბედნიერმა მომღერალმა, – ჩემთვის უკვე გამარჯვებაა ფესტივალში მონაწილეობა, არასოდეს მჯეროდა, რომ შევძლებდი პოდიუმზე ასვლას“.

სან რემოს 69-ე ფესტივალი წელს 5-9 თებერვალს გაიმართა. ამ გამარჯვებით მაჰმუდმა ავტომატურად მოიპოვა ევროვიზიაზე გამოსვლის უფლება.

აფრიკული წარმოშობის მომღერლის გამარჯვების შესახებ ცნობას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. სამწუხაროდ, რასისტული კომენტარებიც გამოჩნდა სოციალურ ქსელში მის წარმოშობასთან დაკავშირებით (ალესანდრო მილანში დაიბადა, დედით სარდინიელია, მამით – ეგვიპტელი). მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ ერჩივნა გამარჯვებულად ულტიმო ეხილა (ულტიმო მეორე ადგილზე გავიდა).

„მუსიკა სუბიექტურია და ყველა იმას უსმენს, რაც მოსწონს, მაგრამ სალვინის აი რას ვუპასუხებდი: მე მილანში დავიბადე და 100%-ით იტალიელი ვარ, – თქვა მაჰმუდმა „ანსასთან“ ინტერვიუში. – …მე თანამედროვე მუსიკის თაყვანისმცემელი ვარ, ყველაფერს ვუსმენ ცოტ-ცოტას, მაგრამ ჭეშმარიტად ჩემი რაც არის – ეს მაროკო-პოპია“.

გრძნობს თუ არა თავს ახალი თაობის იტალიელად? – ამ კითხვაზე მაჰმუდი პასუხობს, რომ ეს მისთვის არ არის ახალი თაობა. „დაწყებით სკოლაში ჩემს კლასში იყვნენ აფრიკელები, რუსები, სამხრეთამერიკელები. ეს ჩემთვის ახალი იტალია კი არა, ჩვეულებრივი სიტუაციაა“.

პირველ მარტს გამოვა მომღერლის პირველი დისკი Gioventù Bruciata.

მოუსმინეთ სან რემოს 69-ე ფესტივალზე გამარჯვებულ სიმღერას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close