ისტორიასაზოგადოებაკულტურასაქართველო

ირანში არსებულ ერთადერთ ქართულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდება

ირანში, ქალაქ თეირანში ცნობილი მეწარმისა და ქველმოქმედის, აკაკი ხოშტარიას მიერ 1924 წელს აგებულ მცირე ზომის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ეს ნაგებობა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 

სარესტავრაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს.

მარმარილოსგან ნაგები ეკლესია კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ ამჟამად რთულ მდგომარეობაშია და გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს. ირანის რესპუბლიკაში სააგენტოს სამუშაო ჯგუფის ვიზიტისას, სააგენტოს დირექტორის მოადგილის, პაატა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, არქიტექტორ-რესტავრატორებმა ნაგებობა სრულად აზომეს.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, იგი ანაზომებისა და ფოტომასალის მიხედვით მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, ირანის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთებისა და ტურიზმის დეპარტამენტთან უახლოეს თვეში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შესრულდება. ფიზიკური სამუშაოები წელსვე დაიწყება და მას საქართველო დააფინანსებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა 7-დღიანი ვიზიტისას ირანის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრსა და ისპაჰანის პროვინციის ძეგლთა დაცვით უწყებებთან ერთად დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ფართო სპექტრი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მხარეთა გრძელვადიანი თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს.

თეირანში დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე სამლოცველო და აკლდამა საზოგადო მოღვაწემ და ნავთობმაგნატმა, აკაკი ხოშტარიამ თავისი გარდაცვლილი მეუღლის, მინადორა თურქია-ხოშტარიას ხსოვნის პატივსაცემად ააგო, რომელიც ამავე სასაფლაოზეა დაკრძალული. იგი 1924 წელს გარდაიცვალა ინფარქტით.

თავად აკაკი ხოშტარია 1932 წელს გარდაიცვალა პარიზში, 59 წლის ასაკში. დაკრძალულია პერლაშეზის სასაფლაოზე.

ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში დღესაც არსებობს აკაკი ხოშტარიას სასახლე უმშვენიერესი ბაღით. სასახლის პირველ სართულზე სამხედრო-საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკი ხოშტარიას პირადი ნივთები.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close