ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატოს 30-ე წევრი ხდება

სახელწოდებასთან დაკავშირებით საბერძნეთთან დიდი ხნის დავის გადაწყვეტის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ დღეს, 6 თებერვალს ხელი მოაწერა ოქმს ნატოში შესვლის შესახებ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის გაწევრიანების ცერემონია ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. ალიანისის მხრიდან დოკუმენტს ნატოს წევრი ქვეყნების 29 მუდმივმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი, მაკედონიის მხრიდან კი – საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა.

მას შემდეგ, რაც ნატოს 29-ვე წევრი სახელმწიფო ამ დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ნატოს 30-ე წევრი გახდება.

„დღეიდან ჩემი ქვეყანა მართლაც ძალიან ძლიერია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ისტორიული პრივილეგია, წარმოვადგინო მაკედონიის რესპუბლიკა დღეს ნატოში. მადლობას ვუხდი ნატოს წევრ ქვეყნებს, აქ მყოფ მათ ელჩებს, რომლებიც პროცედურების დაჩქარებაში დაგვეხმარნენ. ჩვენ აქ ვართ, მზად ვართ, შეგვიძლია და მოუთმენლად ველით გაწევრიანების შემდეგ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და პასუხისმგებლობის აღებას“, – განაცხადა ნიკოლა დიმიტროვმა.

ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ამ პატარა სახელმწიფოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში საბერძნეთი წლების განმავლობაში ბლოკავდა, რადგან არ აღიარებდა მის უფლებას, სახელწოდებაში დაეფიქსირებინა სიტყვა „მაკედონია“. ამიტომ შევიდა ეს დასავლეთბალკანური პატარა სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პირობითი სახელწოდებით – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. გასული წლის 17 ივნისს ათენსა და სკოპიეს შორის პრესპასთან დადებული შეთანხმების თანახმად, რომლის რატიფიცირებაც ორივე ქვეყანამ უკვე მოახდინა, ყოფილი იუგოსლავიის პატარა რესპუბლიკას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ ეწოდა და გზა გაეხსნა ნატოსა და ევროკავშირისაკენ.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას, სავარაუდოდ, მალე ევროკავშირშიც ვიხილავთ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები