იტალიამიგრაციასაზოგადოება

ტუნისელი იმიგრანტი პოლიციელთა მიერ შემოწმებისას დაიღუპა – მატეო სალვინის უმართებულო კომენტარი

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის კომენტარმა, რომელიც მან თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა პოლიციელთა მიერ დაკავებისას 31 წლის ტუნისელი იმიგრანტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ANM-ის (ACCOSIAZIONE NAZIONALE MAGISTRATI) აღმასრულებელი საბჭოს უკმაყოფილება გამოიწვია.

ტუნისის მოქალაქე 31 წლის მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა პოლიციელთა შემოწმების დროს. შემთხვევა ემპოლიში (ტოსკანა) მოხდა. ახალგაზრდა კაცის დასაკავებლად პოლიცია ადგილობრივი Money transfer-ის მფლობელმა გამოიძახა, რომელსაც ეჭვი შეეპარა, რომ ტუნისელმა მას ყალბი ფული მისცა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, პოლიციელებმა იმიგრანტს ხელბორკილები დაადეს, ხოლო ფეხები თასმით შეუკრეს; მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცი ცუდად გახდა, მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმები რომ მოვიდნენ, სამწუხაროდ, იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სამართალდამცველთა თქმით, დაკავებულისთვის ფეხების თასმით შეკვრა იმის გამო გახდა საჭირო, რომ იგი ეწინააღმდეგებოდათ და ერთ-ერთი პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმაც კი დააპირა.

ფლორენციის პროკურორმა საქმე აღძრა პოლიციელთა წინააღმდეგ არა წინასწარ განზრახული მკვლელობის ბრალდებით.

მატეო სალვინიმ თავის ფეისბუქგვერდზე სოლიდარობა გამოუცხადა პოლიციელებს, მისი თქმით, ისინი საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ, რომლის დროსაც, სამწუხაროდ, ტუნისის მოქალაქეს გულის შეტევა დაემართა.

„თუ პოლიციელებს არ შეუძლიათ ხელბორკილები დაადონ მოძალადეს, მითხარით, რა უნდა გააკეთონ, კაპუჩინო და ბრიოში შესთავაზონ?!“ – დაწერა შს მინისტრმა (“Se i poliziotti non possono usare le manette per fermare un violento, cosa dovrebbero fare, rispondere con cappuccio e brioche?”).

ANM-ის მოსამართლეთა აზრით, შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის განცხადება  დაკავებისას ტუნისის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უადგილო და უპატივცემულოა სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივების მიმართ და რომ მართებული იქნებოდა, მინისტრს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე მოეცადა, სანამ მსგავს განცხადებას გააკეთებდა.

ზემოთ მოყვანილი ტექსტი სალვინიმ შაბათს (19 იანვარს) გამოაქვეყნა თავის ფეისბუქგვერდზე, როდესაც ჯერ არ იყო დადგენილი ტუნისელი იმიგრანტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი (ცხედრის გაკვეთა ორი დღის შემდეგ იყო დაგეგმილი).

წყარო: http://www.ansa.it/sito/notizie/politica/2019/01/20/morto-durante-controllo-anm-inopportune-le-parole-di-salvini-_09ddd319-091b-4e43-8caf-41d118c084d8.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close