საზოგადოებაინტერვიუსაბერძნეთი

თამთამ ევროვიზიაზე თავის გამოსვლასთან დაკავშირებით კვიპროსის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა

როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, საბერძნეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კვიპროსის სახელით გამოვა. თამთა უკვე კვიპროსში იმყოფება. მან ინტერვიუ მისცა ქვეყნის საზოგადოებრივ ტელევიზიას PIK1. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.

თამთა ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ არ ღელავს, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რაღაც ჯადოსნური გზით დადებით ენერგიად გადაიქცევა და სავსებით მზად არის კონკურსისთვის.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია კვიპროსი და არა საბერძნეთი ან საქართველო, თამთა ასე პასუხობს:

„ჩემი კარიერა საბერძნეთსა და კვიპროსს უკავშირდება, არასდროს გამიყვია ეს ორი ქვეყანა. მიმაჩნია, რომ კვიპროსი ისევე მიჭერს მხარს, როგორც საბერძნეთი. შესაბამისად, ქართველი რომ ვარ, რაიმეს არ ცვლის… ხალხს ჰგონია, რომ ბევრი შემოთავაზება მქონდა და მე უარს ვამბობდი. ეს ასე არ არის“.

პოპულარული მომღერალი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გასულ წელსაც ჰქონდა შეთავაზება, გამოსულიყო კვიპროსის სახელით. როგორც აღმოჩნდა, ელენი ფურეირას მიერ წარმატებით შესრულებული სიმღერით კონკურსზე გამოსვლა თავდაპირველად ელენა პაპარიზუს შესთავაზეს, შემდეგ კი – თამთას. მხოლოდ ამ ორი მომღერლის უარის შემდეგ მიიწვიეს ელენი ფურეირა.

კითხვაზე, ხომ არ ნანობს, რომ შარშან შეთავაზებაზე უარი თქვა, თამთა პასუხობს: „არა. რეალურად არასდროს იცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული სიმღერა… ყოველთვის არსებობს რაღაც მიზეზი. არსებობდა გარკვეული მიზეზი, რატომაც თქვა უარი ელენამ [პაპარიზუ], ან მე, ან რატომ დათანხმდა ელენი [ფურეირა]. არ ვნანობ“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის 64-ე კონკურსზე, რომელიც თელ-ავივში (ისრაელი) 14 მაისს დაიწყება, თამთა შეასრულებს სიმღერას REPLAY. ჩაწერა რამდენიმე დღის წინ დასრულდა შვედეთში. ჯერ უცნობია, როდის იქნება სიმღერის პრეზენტაცია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close