პოლიტიკასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

კონკურსის გამარჯვებული ემიგრანტი ახალგაზრდები 15 ქვეყანაში საქართველოს „ელჩები“ იქნებიან

9 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებულებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.

დავით ზალკალიანმა ახალგაზრდა ელჩებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და აღნიშნული მიმართულებით საქართველოს პროგრესზე. მინისტრმა ახალგაზრდა ელჩებთან პროგრამის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა.

„ძალიან მისასალმებელი და კარგი ინიციატივაა. დღეს ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის უკეთესად წარმოჩენაზე ფარგლებს გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, უკვე ამ რანგში გააგრძელებენ აქტიურ საქმიანობას და დაგვეხმარებიან ჩვენი ქვეყნის უკეთესად წარმოჩენაში. ეს არის კიდევ ერთი კარგი საშუალება, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც არიან ფართოდ წარმოდგენილნი საქართველოს ფარგლებს გარეთ, გვქონდეს აქტიური კომუნიკაცია ახალგაზრდა ელჩების ჩართულობით. ასევე მათი მხრიდანაც იყოს მეტი ჩართულობა და ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და პოზიტიური იმიჯი იყოს უფრო ეფექტიანად წარმოდგენილი როგორც ჩვენს პარტნიორებთან, ისე იმ დიასპორულ ორგანიზაციებში, რომლებიც არის წარმოდგენილნი საქართველოს ფარგლებს გარეთ“, -აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა, თავის მხრივ, მინისტრს გააცნეს საკუთარი გეგმები და მიმოიხილეს მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით დაგეგმილი აქტივობები.

მინისტრმა შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩებს სიგელები გადასცა. საქართველოს ახალგაზრდა ელჩები ღია კონკურსის შედეგად, ერთწლიანი მანდატით შეირჩნენ 15 ქვეყანაში: ავსტრიის რესპუბლიკაში – მარიამ თაყნიაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში – ტატო ოქრუაშვილი, ბელგიის სამეფოში – ნინო ახალშენიშვილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – ირინე ჩიხლაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში – სოფო ქევხიშვილი, ესპანეთის სამეფოში – თამარ არველაძე, თურქეთის რესპუბლიკაში – გიორგი ცეცხლაძე, იტალიის რესპუბლიკაში – ნენო გაბელია, ნიდერლანდების სამეფოში – ერეკლე კოპალაძე, პოლონეთის რესპუბლიკაში – თამარ ლორთქიფანიძე, საბერძნეთის რესპუბლიკაში – ლიკა ჯანელიძე, საფრანგეთის რესპუბლიკაში – მერი უღრელიძე, უკრაინაში – სანდრო თოფურია, შვედეთის სამეფოში – მარიამ ორჯონიკიძე და ჩეხეთის რესპუბლიკაში – დემეტრე რუხაძე.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსის გამარჯვებულები თბილისში, 8-9 ნოემბერს მიმდინარე „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალზე“ იმყოფებოდნენ, რომლის დროსაც მათ საგარეო პრიორიტეტების, ტურისტული პოტენციალის, ახალგაზრდული საქმიანობის კუთხით არსებული შესაძლებლობების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან.
პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, ENIGMMA 2-ის ფარგლებში.

წყარო: https://goo.gl/X58vsF

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close