კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთის სასამართლომ 290 წელი მიუსაჯა

ტრეფიკინგის ჯგუფში ჩართული დაჯგუფების ლიდერს, საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთის სასამართლომ 290 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა „კათიმერინი“ (Καθημερινή) იუწყება. აღნიშნულ ჯგუფში ასევე შედიოდა საბერძნეთის მოქალაქე, რომელსაც თესალონიკის სასამართლომ 69 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მოლდოვის მოქალაქეს 36-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ჯგუფის საქმიანობა მიმდინარე წლის აპრილში გამოაშკარავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის დროსაც ირანის მოქალაქე დაიღუპა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჯგუფის წევრები 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით ტრეფიკინგის ცხრა ოპერაციაში იყვნენ ჩართულები. მათ მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში გადაჰყავდათ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი საბერძნეთის სამ ქალაქში დააკავა: ათენში, თესალონიკსა და კატერინში. დაკავებული იყო 12 ადამიანი. ჯგუფს მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში უკანონოდ უნდა გადაეყვანა. წარსულში მათ მიერ დაახლოებით 200 ადამიანის გადმოყვანა ფიქსირდება.

აღებული თანხის რაოდენობა დამოკიდებული იყო საბოლოო დანიშნულებაზე. თუ მიგრანტს დიდ ბრიტანეთში უნდოდა გადასვლა, მისი ხარჯი დაახლოებით 8 000-იდან 10 000-მდე ევრო იყო, ხოლო კანადაში გადასვლა მსურველს 16 ათასი ევრო უჯდებოდა.

***

ევროპის საბჭო, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ კუთხით წევრ ქვეყნებთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.

ახლახან ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის – GRETA (the Group of Experts on Action against Trafficking in Human Beings) წევრად ქართველი კანდიდატი ია დადუნაშვილი აირჩიეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ეს GRETA-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევაა. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი მონიტორინგს უწევს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას.

„ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს კანდიდატის არჩევა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა ევროპის საბჭოს მხრიდან. GRETA-ს 2016 წლის ანგარიშში ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა ადამიანით ვაჭრობის მიმართულებით პოლიტიკის დახვეწას საქართველოში; „მონობის გლობალური ინდექსის“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით კი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად საქართველო 167 ქვეყანას შორის – მე-15, რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს.

ამასთან, კომიტეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი საქართველოდან გამოირჩევა მაღალი მორალური თვისებებით, ცნობილია თავისი კომპეტენტურობით ადამიანის უფლებების დაცვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და აქვს  პროფესიული გამოცდილება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციით“ გათვალისწინებულ სფეროში“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს კომენტარში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close