კალიფორნიაში ისევ მძვინვარებს ტყის ხანძარი, მსხვერპლი 44-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ისევ მძვინვარებს ხანძარი, რომელმაც უკვე 44 ადამიანი შეიწირა. მსხვერპლთა უმეტესობა ბიუტის ოლქში დაფიქსირდა, შტატის დედაქალაქ საკრამენტოდან ჩრდილოეთით, 150 კმ-ის დაშორებით. ცეცხლი 450 კვ. კილომეტრზეა გავრცელებული, მხოლოდ ტერიტორიის 25%-ზე მოხერხდა მისი ჩაქრობა, – ამ ინფორმაციას ავრცელებს დღეს ამერიკული მედია.

ბიუტის შერიფმა კორი ჰონეამ 13 ნოემბერს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კიდევ 13 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. „როგორც მესმის, ეს არის კალიფორნიის შტატის ყველაზე დიდი ხანძარი მსხვერპლის რაოდენობის მხრივ“, – განაცხადა შერიფმა. დაღუპულთაგან ჯერჯერობით მხოლოდ 4 ადამიანია იდენტიფიცირებული.

სიცხის და მშრალი ამინდის გამო არსებობს ახალი კერების გაჩენის საფრთხე. ხანძარს აქრობენ ციდან, ავიაციით და მიწაზე, თუმცა სიტუაციის კონტროლი ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სტიქიასთან საბრძოლველად და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ფედერალური ბიუჯეტიდან სახსრები გამოიყო.

პრესტიჟულ კურორტ მალიბუში არსებობს კიდევ სხვა შენობების განადგურების საფრთხე, რომელთა დიდი ნაწილი ჰოლივუდის ვარსკვლავების საკუთრებაა. რამდენიმე ვარსკვლავის სახლი უკვე დაიწვა.

 

 

კომენტარები