ეკონომიკაnewsსაქართველო

უცხოეთიდან ფულადი გზავნილების საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სესხის გაცემა შეეძლებათ

უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სესხის გაცემა შეეძლებათ,- ამ განცხადებას ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აკეთებს მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებები დასრულდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვლება და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შედის ძალაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებლის განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის – შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად. ასევე ჩვენთვის, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში“, – განაცხადა მან.

როგორც გაირკვა, საქართველოს მოქალაქეების მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით მიღებული, დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. მიკროსაფინანსოს კლიენტების შემთხვევაში, აგრეთვე, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ეს რეალობა გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა რეგულაციებში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას“, – განაცხადა „კრისტალის“ დამფუძნებელმა არჩილ ბაკურაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორისთვის 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან იგეგმება.

ნინო ხოშტარია

Forbes Georgia-ს კარიკატურა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close