საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე ასვლის ვადა 11 ნოემბერს იწურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა. ეს ვადა დადგინდა ცესკოს მიმდინარე წლის 7 ნოემბრის N52 დადგენილებით (მუხლი 1. მე-3 ნაწილი).

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა და, შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

„მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის საკონსულო აღრიცხვაზე ონლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობენ, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
Загрузка...