„სალვინის დეკრეტს“ იტალიის სენატმა მხარი დაუჭირა

კოლაჟი: ANSA.it

იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატი) დაამტკიცა მთავრობის დეკრეტი “DECRETO SALVINI IMMIGRAZIONE E SICUREZZA” – დოკუმენტს 163-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 59 წინააღმდეგ წავიდა, 19-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

როგორც სააგენტო ANSA აზუსტებს, დეკრეტის კენჭისყრა, რომელშიც მოცემულია პუნქტები მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე, მინისტრთა კაბინეტის მიმართ ნდობის გამოხატვას დაუკავშირდა. ასეთ ფორმულას იყენებენ, როგორც წესი, მაშინ, როდესაც ხანგრძლივი საპარლამენტო განხილვების და შესაძლო შესწორებების თავიდან აცილება უნდათ. დოკუმენტის მიღებას დაბეჯითებით ითხოვდა იტალიის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი, რომელიც მისი მთავარი „შემოქმედია“. იგი საპარლამენტო პროცედურების წინ აცხადებდა, რომ „იოტისოდენადაც არ დაიხევს უკან“.

სხვა დებულებებთან ერთად, დეკრეტით განსაზღვრულია დევნილის სტატუსის ჩამორთმევა, თუ ასეთი სტატუსის მქონე პირი დანაშაულს ჩაიდენს; აგრეთვე, დევნილის სტატუსს დაკარგავს პირი იმ შემთხვევაშიც, თუ ის ცოტა ხნით დაბრუნდება სამშობლოში (მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით). ამას გარდა, სახელმწიფოს შეუძლია ჩამოართვას მოქალაქეობა იმ უცხოელებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

4 ოქტომბერს დეკრეტს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მოაწერა ხელი, რომელმაც წერილი მისწერა პრემიერ-მინისტრს და შეახსენა, რომ იტალიამ აუცილებლად უნდა დაიცვას კონსტიტუციით გამყარებული ყველა საერთაშორისო ვალდებულება.

ივნისში იტალიის სათავეში მოსულმა კოალიციურმა ხელისუფლებამ, რომლის შემადგენლობაშიც არის პარტიები „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ და „ლიგა“ (შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე უპარტიოა და ამ ორი პარტიის კომპრომისული შეთანხმების შედეგად ჩაუდგა სათავეში მინისტრთა კაბინეტს) თავის ამოცანად დაისახა ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების შემოსვლის აღკვეთა. იტალიის შსს-მ აკრძალა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხომალდების მიღება, რომლებიც მიგრანტების გადარჩენით არიან დაკავებულები, აგრეთვე, შეზღუდა ევროპული მისიების ხომალდებიდან მიგრანტების იტალიის სანაპიროზე გადმოსხმა და ევროკავშირს მათი სხვა ევროპულ პორტებში გადანაწილებისკენ მოუწოდებს. „ლიგის“ ლიდერის, მატეო სალვინის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები და ოპოზიცია მუდმივად ადანაშაულებენ მას რასიზმში და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში.

„სალვინის დეკრეტი“ ძალაში რომ შევიდეს, ერთი ნაბიჯიღა დარჩა – იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, უპრობლემოდ მოიპოვებს. პარლამენტის ქვედა პალატას დოკუმენტზე კენჭისყრისთვის დრო ნოემბრის ბოლომდე აქვს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები