არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცესკო საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს მიმართავს

სქრინშოთი „იმედინიუსის“ გრაფიკიდან

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცესკო გარკვეულ პროცედურებსა და ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ან საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აგრეთვე ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ საკონსულო აღრიცხვაზე ავლენ. პირველ ტურში ვინც ვერ მიიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე არ იყო, არ ნიშნავს, რომ მეორე ტურში ამის შესაძლებლობა არ აქვს.

„საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და ვადები.

ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად 2 დეკემბერი სახელდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
https://imedinews.ge/ge/archevnebi-2018/shedegebi

კომენტარები
Загрузка...