თბილისის ზოოპარკში სპილო გრანდს ეშვი ამოუღეს, ოპერაცია BBC-ს გადამღებმა ჯგუფმა ფირზე აღბეჭდა

თბილისის ზოოპარკში თბილისელებისთვის საყვარელ სპილო გრანდს რთული ოპერაცია გაუკეთეს. ამისთვის სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული. ოპერაციისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურა უცხოელმა სპეციალისტებმა ჩამოიტანეს, რომლებმაც სპილოს ოპერაცია ანაზღაურების გარეშე გაუკეთეს.

უცხოელი, კერძოდ სამხრეთ აფრიკელი ვეტერინარების შერჩევაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობას ბრიტანული ტელეკომპანია „ბიბისი“ (BBC) დაეხმარა. „სწორედ „ბიბისის“ საშუალებით გახდა შესაძლებელი ახლა ამ ოპერაციის სწრაფად ჩატარება. მათი დახმარებით დავუკავშირდით სამხრეთ აფრიკელ ქირურგებს, რომლებიც ყველანაირად დაგვეხმარნენ“, – განაცხადა გურიელიძემ ოპერაციის წინ.

გრანდის ოპერაციის გადასაღებად „ბიბისის“ გადამღები ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა – ისინი ამ ოპერაციისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ ერთსაათიან ფილმს გააკეთებენ. როგორც ცნობილია, BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს დიდი ცხოველების ოპერაციების შესახებ, სახელწოდებით Big Animal Surgery. ერთ-ერთი სერია მთლიანად თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს მიეძღვნება, რომელმაც დღეს ვაჟკაცურად გადაიტანა განსაცდელი.

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, სპილო გრანდი 23 წლისაა, ის თბილისის ზოოპარკში 2014 წელს ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს და მაშინ ორივე ეშვი უკვე დაზიანებული ჰქონდა წლების წინ მოსკოვის ზოოპარკიდან ერევანში ტრანსპორტირების დროს. ინფექციური პროცესების განვითარების რისკის გამო გრანდს ერთი ეშვი თბილისში ჩამოყვანიდან 3 თვეში ამოუღეს. ეს ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა. როგორც გურიელიძე ამბობს, მაშინ სპილოს ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა.

15:30 საათზე ზოოპარკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე დაწერეს, რომ ოპერაცია დასრულდა. სპილოს ნარკოზიდან გამოსვლას და ფეხზე წამოდგომას გულშემატკივრები დიდი მღელვარებით ადევნებდნენ თვალს და სიხარულით შეხვდნენ.

ნინო ხოშტარია

სპილო გრანდი ოპერაციის შემდეგ ფეხზე წამოდგა; სქრინშოთი ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე განთავსებული ვიდეოდან

 

კომენტარები
Загрузка...