საქართველოს მოქალაქე პოლონელი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება

მკვლელობა, რომელმაც ჯერ პოლონეთი შეძრა, დღეს კი – საქართველო, 20 ოქტომბერს მოხდა. დანაშაულში საქართველოს სამი მოქალაქე მონაწილეობდა. აქედან ორი დაპატიმრებულია, კიდევ ერთ ქართველს, ქუთაისელ 39 წლის მამუკა ხეცურიანს კი ინტერპოლი უკვე ეძებს. პოლონური მედია წერს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ის ახლა საქართველოში იმყოფება.

იმავე მედიის ინფორმაციით, 28 წლის პაულინა დ.-ს მკვლელობა 20 ოქტომბერს მოხდა. მკვლელობის დღეს ახალგაზრდა ქალი ქალაქ ლოძში, პიოტრკოვსკას ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მამუკა ხეცურიანმა იგი ჰოსტელში მიიყვანა, ფიზიკურად გაუსწორდა, იძალადა, სავარაუდოდ, გააუპატიურა, შემდეგ კი დანით მოკლა.

სამართალდამცველებმა პაილინა დ.-ს ცხედარი იანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

„ჩვენი ვერსიით, ქალი სცემეს და შემდეგ მოკლეს. დამნაშავე სექსუალური მოტივით მოქმედებდა. სიკვდილის მიზეზი კისრის არეში ჭრილობა გახდა. სავარაუდოდ, დანაშაულის იარაღი არის დანა“, – ამბობს ლოძის პროკურატურის წარმომადგენელი, კაზშიტოფ კოპანია. მისივე განმარტებით, დანაშაულში მონაწილე 3 პირია დაკავებული – 28 და 41 წლის ორი ქართველი და 44 წლის ბელარუსის მოქალაქე ქალი. მათ გამოძიება პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებასა და დამნაშავისთვის დახმარების გაწევაში ადანაშაულებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პოლონეთის საზღვარი დანაშაულის მეორე დღეს, 21 ოქტომბერს გადაკვეთა და უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ 39 წლის მამუკა ხეცურიანზე წითელი ცირკულარით ძებნა პოლონეთის ინტერპოლმა გამოაცხადა. მათივე თქმით, ამის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა განთავსებული და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არის დაცული და ვინაიდან ინიციატორი არის პოლონური მხარე, ქართული მხარისათვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ამასთან, კითხვაზე: ფლობენ თუ არა ინფორმაციას პოლონური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ მამუკა ხეცურიანი შესაძლოა უკვე საქართველოში იმყოფებოდეს – შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები