ხვალ, 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს

ხვალ, 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით აირჩევენ ქვეყნის მეთაურს.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, მომავალში საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტის შენობაში აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობასაც ცესკო ამტკიცებს. საარჩევნო კოლეგია შედგება ეგრეთ წოდებული 300 ხმოსნისგან. ხმოსნები არიან საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე ადგილობრივი საკრებულოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული პირები.

საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს, კანონით, 5 წლის ვადით ირჩევს, თუმცა ხვალინდელი კენჭისყრით არჩეულ პრეზიდენტს ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება, რათა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს პარლამენტის პროპორციული წესით არჩევნებს დაემთხვეს.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ლეგალურად თუ არალეგალურად, საშუალება აქვთ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს – ამისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში საარჩევნო უბნები გაიხსნება. სამწუხაროდ, ხმის მიცემის საშუალება არ აქვს რუსეთში მცხოვრებ თითქმის ნახევარ მილიონ ქართველს, რადგან საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.

საარჩევნო უბნები დილით, 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

ჩამოტვირთეთ ქვემოთ მოცემული პდფ ფაილი და მოძებნეთ საარჩევნო უბნების მისამართები საზღვარგარეთის ქვეყანებში.

Ubnebismisamartebi2018

კომენტარები
Загрузка...