ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმის წარმატებული კარიერული გზა და მთავარი ოცნება

„მეტი გავლენა უნდა მოვიპოვოთ [დიასპორებმა]. ჩვენ დიდი ძალა ვართ! ყოველთვის უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, რადგან სხვა სამშობლო არ გვაქვს!“ – ამბობს ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ირაკლი კილაძე, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკა „ასუტაში“ (თელ-ავივში) ანესთეზიოლოგად მუშაობს და, ამავდროულად, ისრაელის ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მან ისრაელში, ქალაქ ლოდში პირველმა გახსნა ქართული საკვირაო (საშაბათო) სკოლა (სკოლას საფუძველი 2018 წელს 12 მაისს ჩაეყარა, სწავლა კი 6 ოქტომბერს დაიწყო), სადაც ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ქართველი ებრაელი ბავშვებიც ისწავლიან ქართულ ენას, ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას.

ირაკლი კილაძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ბათუმის ცეტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, თუმცა 2000 წელს მან სამშობლო დატოვა და ისრაელში გაემგზავრა…

ბატონო ირაკლი, დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად სწორად მიგაჩნიათ თქვენი გადაწყვეტილება – საქართველოდან ისრაელში გამგზავრება?

18 წლის წინ ჩამოვედი ისრაელში, როგორც ისრაელის მოქალაქე, ამავე დროს, მომიწია დამეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა 2006 წელს დავიბრუნე! ჩამოვედი მეუღლესა და შვილებთან ერთად, ჯიბეში მხოლოდ 20 დოლარით, დიდი იდეებით და სურვილით – მიმეღწია თვითრეალიზებისა და თავისუფლებისათვის. ცხოვრება თავიდან დავიწყე, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეები ბედის ანაბარა მიატოვა, ხელები დაიბანა პილატესავით… ხალხის დიდი ნაწილი თავის გადარჩენის მიზნით საზღვარგარეთ გაეშურა, ამის შედეგებს დღეს ვხედავთ. სამწუხაროდ, იგივე ტენდენცია ახლაც გრძელდება – სახელმწიფოსგან, ფაქტობრივად, მიტოვებულია მოსახლეობა…

ეს გულისტკივილი და საყვედური ყველა ხელისუფლებას ეხება, მოყოლებული დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.

როდესაც ისრაელში მივემზავრებოდით, ჩვენც ვტიროდით და ჩვენი გამცილებლებიც. ყველაფერს თავი დავანებოთ, ქვეყანა დავტოვეთ ორმა ახალგაზრდა, პერსპექტიულმა ექიმმა (ჩემი მეუღლეც ექიმია) და ხელისუფლებას ეს ფაქტი არც კი ადარდებდა. დავტოვე უკან სტაგნაცია, უშუქობა, უფულობა, უიმედობა… თუმცა ისრაელშიც ბრძოლა იყო საჭირო თავის დამკვიდრებისათვის.

ისრაელში ჩამოსვლისთანავე ხელისუფლებამ აეროპორტში უკვე დამახვედრა ფულადი საჩუქარი, რომელიც გათვალისწინებული იყო ოჯახისათვის, რომ პირველ ეტაპზე ბინა გვექირავა, საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები შეგვეძინა. ჩვენ კი ეს ფული აეროპორტიდანვე საქართველოში გამოვგზავნეთ ჩვენი ახლობლების დასახმარებლად…

შემდეგ დაიწყო ბრძოლა არსებობისათვის. ისრაელში მოდუნება არ შეიძლება, რადგან მერე წამოდგომა გაგიჭირდება, მაგრამ თუ თავდაუზოგავად შრომობ, ეს ქვეყანა აუცილებლად დაგიფასებს, ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით (ამას გულისტკივილით ვამბობ).

2000 წლის ნოემბერში ჩავედით ისრაელში და 2003 წლის აპრილში უკვე ვმუშაობდი კლინიკაში. ამ პერიოდში ჩავაბარე გამოცდები, ავიღე ივრითის სერტიფიკატი, დავიწყე მუშაობა ანესთეზიოლოგად. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ისრაელის სხვადასხვა კლინიკაში… თამამად შემიძლია ვთქვა: მე ჩემი საქმის მაღალი რანგის პროფესიონალი ვარ. ჩემს სფეროში ბევრი რამ მაქვს გაკეთებული. მიმუშავია მსოფლიოში სახელგანთქმულ ქირურგებთან და ანესთეზიოლოგებთან, რაც დიდ გამოცდილებას მაძლევდა. მათგან ყოველთვის პატივისცემას ვგრძნობდი.

რამდენად სწორად ვთვლი ისრაელში გამგზავრებას?

რა თქმა უნდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ჩემი ოჯახი დღეს წარმატებულია, მეუღლე ერთ-ერთ დიდ კლინიკაში, გენეტიკის ლაბორატორიაში მუშაობს, უფროსმა ქალიშვილმა დაამთავრა ბარილანის უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები და ჟურნალისტიკა, მუშაობს ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში, უმცროსი სწავლობს დიზაინის ფაკულტეტზე. ის 16 წლამდე გოგონებში ისრაელის ჩემპიონია ჩოგბურთში. სამწუხაროდ, აქტიური სპორტი დატოვა და არჩევანი განათლებას მიანიჭა.

ჩემმა ორივე ქალიშვილმა მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ამით ძალიან ამაყი ვარ!

როგორ ფიქრობთ, დაბრუნდებიან ისინი საქართველოში?

მათ ყოველთვის მოუხარიათ საქართველოში, მაგრამ მუდმივად საცხოვრებლად… ამჟამად არა.

როდის ჩამოაყალიბეთ საქართველო-ისრაელის დიასპორული ორგანიზაცია მამულიდა სად დააარსეთ ქართული საკვირაო (საშაბათო) სკოლა? აქვთ სურვილი ქართველ ებრაელებს, რომ მათმა შვილებმა ამ სკოლაში ისწავლონ?

2018 წლის იანვარში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამული“. ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა საქართველოს საელჩომ ისრაელში, განსაკუთრებით ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდი, საზოგადოება „მამულის“ დამაარსებლები: ზაზა დავარაშვილი, ლია კრიხელი, ნანა ბერაძე, როლანდ ბუაძე. ჩვენ ერთად შევძელით, აგრეთვე, ქართული სკოლის დაარსებაც. საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარატამენტის ხელშეწყობით, ავასრულეთ ქართველ ებრაელთა 50-წლიანი ოცნება და ისრაელში ქართული ცოდნის კერა გავხსენით ქალაქ ლოდში (პატარა ლამაზი ქალაქია, თელ-ავივიდან 40 წუთის სავალზე. მე თვითონ თელ-ავივთან ახლოს, ორ ეუდაში ვცხოვრობ, რომელიც ლოდთანაც ახლოსაა).

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ სამამულიშვილო საქმეში. განსაკუთრებით კი საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც თავისი სახლი დაგვითმო ქართული სკოლისთვის. გვაქვს შემოწირულობებიც – ქალბატონმა ხანა შავითმა 2 კომპიუტერი გვაჩუქა; ბატონი მენი ბენიში, რომელიც ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულია, სკოლის მერხების შეძენაში დაგვეხმარა და შეგვაკეთებინა საკლასო ოთახები; ქალბატონმა ლია კრიხელმა გარკვეული დროით თავისი ოფისი დაგვითმო; ადვოკატი, ბატონი მოშე საპირი უანგაროდ გვეხმარება სხვადასხვა საკითხში.

მასწავლებლების შერჩევა „კონკურსის“ წესით მოხდა, ყველანი თავისი საქმის პროფესიონალები არიან – ფიქრია ლეჟავა, მაია კრიხელი, შორენა მიქავა… და ახლახან შემოგვიერთდა მუსიკის მასწავლებელი თათია ელბაქიძე. ჩვენ უნდა ვიყოთ ბავშვებისთვის იმდენად საინტერესო, რომ მათ თავად ჰქონდეთ ჩვენთან სიარულის სურვილი.

ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა ქართველი ებრაელების სურვილი, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ ჩვენს სკოლაში, გარკვეული ნაწილი უკვე სწავლობს, მაგრამ მორწმუნეები, რომლებიც იცავენ რელიგიურად წმინდა შაბათის დღეს (უფლის დღეა), შაბათს ვერ ისწავლიან, ამიტომ მინდა მათთვის გაკვეთილები პარასკევსაც ჩატარდეს.

სწავლა უფასოა და ეს ძალიან მინდა შევინარჩუნო!

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ტრანსპორტის პრობლემა, რადგან სკოლაში სწავლა შაბათსაა (ისრაელში შაბათი დასვენების დღეა), ამ დღეს ბავშვებისთვის უმანქანოდ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსვლა რთულია, რაც ბევრ მშობელს პრობლემას უქმნის.

ჩვენს ორგანიზაციას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს „ქართული ხელოვნების ცენტრთან“, რომელიც ქალბატონმა მარინე გელაშვილმა ჩამოაყალიბა. მათთან ერთად ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება – დედაენის დღე, ჯვრის მონასტერში – „ვეფხისტყაოსნის“ კითხვა, ნოდარ დუმბაძის 90 წლის იუბილე და ა. შ. ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელებთ მეგობრობა-თანამშრომლობას.

ხშირად მიწვევენ ადგილობრივ რადიოში, რომელსაც მთელი მსოფლიოს ქართველი ებრაელები უსმენენ, იმედი მაქვს, კვლავ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს და დახმარებას გაგვიწევენ.

ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება ბევრი ქართველი დაუბრუნდეს საქართველოს… იქამდე კი მინდა ემიგრანტების შვილებმა სრულფასოვნად ისწავლონ, არ დაივიწყონ ქართული ენა… განათლება არის ის მთავარი და აუცილებელი ფაქტორი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია განათლებაში უნდა ჩაიდოს, ჩვენს მომავალში…

 ბატონო ირაკლი, რა ძირითადი თვისებებით განვსხვავდებით ქართველები ებრაელებისაგან?

მთავარი განსხვავება ალბათ მენტალობაშია, აღზრდაში, კომპლექსებიდან გათავისუფლებაში. ისრაელში ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, მათთვის გასაგებია, რომ ადამიანის გარეშე ძნელია წარმატების მიღწევა.

ისრაელის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს მეორე ალიის დროს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დაბრუნებულებმა. მათ შემოიტანეს უდიდესი პოტენციალი და გონებრივი შესაძლებლობები. ყველაზე დიდი სიმდიდრე ხომ ადამიანია, ისრაელმა 90-იან წლებში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი დაიბრუნა სამშობლოში (მათ შორის – 100 000 ქართველი ებრაელი). მათ ყველანაირი პირობები შეუქმნეს, რომ ცხოვრება შედარებით უფრო ადვილად აეწყოთ, დაწყებული ფულადი დახმარებით (აეროპორტშივე), დამთავრებული შეღავათებით ბინის, მანქანის თუ სხვა მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთების შესაძენად, აგრეთვე, სწავლასთან დაკავშირებით.

უნდა ვიცოდეთ, აგრეთვე, რომ უმაღლესი განათლება ყველასთვის სავალდებულო არ არის. ფული განათლების მიღებაში უნდა გადაიხადო და არა უმაღლესში მოწყობაში. თუმცა ბოლო დროს ეს ტენდენცია მცირდება, ახალგაზრდობა უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. საჭიროა პროფესიული სასწავლებლები. სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება და ფინანსები უნდა ჩადოს განათლებაში, მოიწვიოს უცხოეთიდან კვალიფიციური სპეციალისტები და მათ ყველა პირობა შეუქმნას საზოგადოების განვითარებისთვის ხელშესაწყობად.

ისრაელისა და საქართველოს შედარებაც არ შეიძლება… ისრაელმა უდაბნოში შექმნა ოაზისი, მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით; შრომა იქ მუდმივი პროცესია, ებრაელებს შეგნებული აქვთ, რომ მათ სამშობლოს მათ გარდა არავინ მიხედავს და ისინიც ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. შესაშურია მათი პატრიოტიზმი, სირცხვილად ითვლება, თუ ჯარს აარიდებ თავს.

ჩვენ ღვთისგან ბოძებული წალკოტი ქვეყანა გვაქვს, გადავეჩვიეთ შრომას, აუცილებლად სხვა უნდა დაგვეხმაროს, ეკონომიკაში არ იქმნება დოვლათი, ყოველწლიურად იზრდება საგარეო ვალი, ქვეყანა სწორად არ ვითარდება.

დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობის, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რომ ჩვენს დადებულ აგურზე შეძლონ ააშენონ ძლიერი ქვეყანა.

თქვენი სამომავლო გეგმები რამდენადაა დაკავშირებული საქართველოსთან?

ყოველთვის მსურდა დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს. ამჟამად საქართველოში დაიწყება ჩვენი ერთობლივი პროექტი – ვგეგმავთ ორთოპედიული ოპერაციების ჩატარებას ნაკლებ ინვაზიური (ე. წ. ართროსკოპიული) მეთოდებით; თბილისში ჩამოვლენ და ოპერაციებს, ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებენ ისრაელის წამყვანი სპეციალისტები.

საქართველოში ბოლო დროს მოიმატა ისრაელის ინვესტიციებმა, რაც ძალიან მახარებს. ვისურვებდი, კიდევ მეტი იყოს და არა მარტო ბიზნესინტერესებზე გათვლილი, არამედ ქვეყნისათვის უფრო საჭირო მიმართულებით (კარგია ინვესტიციები მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, საბოლოოდ ხომ ეს ყველაფერი ბიუჯეტზე აისახება), როგორიცაა მედიცინა, განათლება.

მომავალში მინდა ასეთივე პროექტი განვახორციელო ანესთეზიოლოგიაში, უროლოგიაში.

გვინდა, ჩვენი მეშვეობით უნივერსიტეტები დამეგობრდნენ, რომ ავამუშაოთ სტუდენტთა, ასევე ლექტორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები. მთავარია, ეს პროექტები არ იყოს ერთჯერადი, ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა როგორც ჩვენი მხრიდან, ისე საქართველოში ჩვენი მეგობრების დახმარებით.

საქართველოში ბოლო ჩამოსვლისას შევხვდი შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის რექტორს, ქალბატონ ირინა შოთაძეს და მის მეუღლეს დათო ბახტაძეს. მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაოცებული და მოხიბლული დავრჩი მათი პროფესიონალიზმით, პირდაპირობით, გახსნილობით, მომავლის ხედვით და პატრიოტიზმით. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ხალხი მეგულება და გული იმედით მევსება.

რაც შეეხება „მამულის“ სხვა გეგმებს, საქართველოს გვინდა დავეხმაროთ სხვა სფეროებში. ჩემი რეკომენდაციით ავიღეთ ორი მიმართულება: აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დახმარება და ძალადობის მსხვერპლ ქალთა კონსულტაცია-რეაბილიტაცია.

რას უსურვებდით ემიგრაციაში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს?

მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს დიდ დახმარებას უწევენ ჩვენი თანამემამულეები უცხოეთიდან. თითოეული მოქალაქის წვლილი უდიდესია. ძლიერი ემიგრაცია ქვეყნის სიძლიერეა. ვუსურვებ ქართულ ემიგრაციას და განსაკუთრებით ახალ თაობას გაძლიერებას, პროფესიულ განვითარებას ყველა სფეროში, რაც საქართველოს გასაძლიერებლად აუცილებელია. ჩვენმა ორგანიზაციამ მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ამერიკის და საბერძნეთის დიასპორულ ორგანიზაციებთან. საჭიროა ჩვენი გაერთიანება და დიასპორულ ფორუმებზე მზა წინადადებების წარდგენა. მეტი გავლენა უნდა მოვიპოვოთ. ჩვენ დიდი ძალა ვართ! ყოველთვის უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, რადგან სხვა სამშობლო არ გვაქვს!

დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი. წარმატებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში და პროფესიულ საქმიანობაში.

ესაუბრა ნინო ბაჯელიძე

საკვირაო სკოლის გახსნა:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close