ქალკიდიკში ტყეში გაჩენილი ხანძარი უკონტროლო გახდა
ათობით სახანძრო აქრობს გუშინ ღამიდან მოყოლებული ტყის ხანძარს საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალკიდიკში – ამის თაობაზე საბერძნეთის სახანძრო უწყება იტყობინება.
ხანძარი ღამით გაჩნდა ფიჭვის ტყეში, სიტონიის რაიონში. ამჟამად ცეცხლს 3 ქვეითი დანაყოფის 60 მეხანძრე, 30 სახანძრო მანქანა და 4 თვითმფრინავი ებრძვის, მათ მოხალისეებიც ეხმარებიან. ცეცხლის ჩაქრობას ხელს უშლის შტორმის ქარი, რომლის სიმძლავრე ბოფორტის სკალით 7-8 ბალია.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ხანძარი უკონტროლოა, ცეცხლი უკვე 3 კმ-ის მანძილზე ვრცელდება. რეგიონში საავტომობილო გზები დაიკეტა. ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება, არ მუშაობს მობილური კავშირი.
„სიტუაცია უმართავია, მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეთა მძლავრი ძალები და ავიაცია მობილიზებულია. დაიწვა ტყე სოფელ სარტისთან, თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სიტონიის მერის მოადგილემ კიპარისის დემპლასმა გამოცემა Halkidinews-თან ინტერვიუში.
ივლისში ხანძარი გაჩნდა დედაქალაქის ატიკის რეგიონში, რომელმაც 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინაც ცეცხლის გავრცელებას შტორმის ქარი უწყობდა ხელს.
ნინო ბაჯელიძე
იხ. ვიდეო:
კომენტარები