შრომის ბაზარი საქართველოში მოთხოვნებს ცვლის – არც ისე სახარბიელო სტატისტიკა

უმუშევრობის მაღალი დონე, რაც ბუნებრივად ხდება ქვეყნიდან შრომითი მიგრაციის მიზეზი, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. „საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო 23 წლის განმავლობაში საქართველო 1 მილიონ 260 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

1994 წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 4,9 მილიონ ადამიანს აღემატებოდა, 2018 წელს კი ქვეყანაში მხოლოდ 3,7 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. ამ ფონზე ბუნებრივია ისიც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა კლების ტენდენციით გამოირჩევა, რაც განპირობებულია, ზოგადად, ქვეყანაში მოსახლეობის შემცირებით, მათ შორის, გაზრდილი მიგრაციით. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობა 0.6%-ით შემცირდა და მოსახლეობის აქტიურობის დონემ, შესაბამისად, 0.4 პროცენტული პუნქტით დაიკლო.

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება, ზოგადი მაჩვენებელი მაინც არ არის სახარბიელო. 2009 წელს უმუშევრობა ქვეყანაში 18%-ს აჭარბებდა, შემდეგ იწყება კლების პროცესი და 2016 წელს 14%-ს აღწევს. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 13,9%-ია. წინასწარი მონაცემებით, კლების ტენდენცია წელსაც შენარჩუნებულია, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ არ არის ცნობილი.

სამწუხაროდ, უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (31.9%), რაც 5.7 პუნქტით მაღალია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერების მესამედი დაუსაქმებელია. უმუშევრობის დონე ასევე მაღალია 15-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებში და 2015-2016 წლების მონაცემებით, შესაბამისად, – 30.8%-ს და 30.5%-ს შეადგენს. აღნიშნული შეიძლება აიხსნას იმ გარემოებით, რომ საქართველოში ახალგაზრდები უმეტესწილად ეუფლებიან უმაღლეს განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ ისინი აწყდებიან ორი სახის პრობლემას: შრომის ბაზარზე არ არის მოთხოვნა მათ მიერ დაუფლებულ პროფესიებზე და მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, შესაბამისად – 2.0 და 0.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

ძალიან საყურადღებო ტენდენციაა ისიც, რომ უმუშევრობის დონე, განათლების მიხედვით, შემცირებულია საშუალო პროფესიული განათლების მქონე პირებში 16.5%-ით (2016 წ.- 33.4 ათასი ადამიანი; 2015 წ. – 40.0 ათასი ადამიანი), მაშინ როცა ანალოგიურ პერიოდში უმუშევრობის დონე უმაღლესი განათლების მქონე პირებში გაზრდილია 1.1%-ით (2016 წ. – 92.8 ათასი ადამიანი; 2015 წ. – 91.8 ათასი ადამიანი). ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე მაღალია მოთხოვნა კონკრეტულ პროფესიებზე, რომელთა დაუფლებაც მარტივად და მოკლე დროში შეიძლება საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში და ნაკლებია მოთხოვნა ზოგად პროფესიებზე, რომლებსაც სამი-ოთხი წლის განმავლობაში ეუფლებიან ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში. თუ ახალგაზრდები ბაზრის ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, შესაძლებელია, უმუშევრობის ზემოთ დასახელებული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
Загрузка...