უბილეთოდ მგზავრობის მოყვარულთა საყურადღებოდ! – ათენის საქალაქო ტრანსპორტზე კონტროლიორები დანიშნეს

საკმაო დაგვიანებით საავტომობილო ტრანსპორტის კომპანიის (OSY) და ათენის საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზაციის (OASA) ხელმძღვანელობამ ათენის საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კონტროლიორები დანიშნა.

გარდა იმისა, რომ ახლა მგზავრები ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში მხოლოდ წინა კარებიდან ადიან, დაიწყო ელექტრონული ბილეთების რეგულარული შემოწმებები (განსაკუთრებით პიკის საათებში).

საქმე ის არის, რომ ელექტრონული ბილეთების შემოღების შემდეგ პირველი მონაცემები აჩვენებს, რომ ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მგზავრთა მხოლოდ 20% იხდის მგზავრობის საფასურს; მოქალაქეთა დიდ ნაწილს, მაშინაც კი, როდესაც ელექტრონული ბილეთები და სამგზავრო ბარათები აქვს, „ავიწყდება“ ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით ბილეთის საფასურის გადახდა (მოგეხსენებათ, ბარათს ადებ ამ მოწყობილობას და ელექტრონული გადამხდელი ბილეთის საფასურს გაჭრით ბარათზე დაფიქსირებული თანხიდან). ასეთი „გულმავიწყობა“, როგორც ამბობენ, იმითაა გამოწვეული, რომ მგზავრებს არავინ ამოწმებდათ, გადაიხადეს თუ არა მგზავრობის საფასური.

ახლა კი OASA-ს და OSY-ს ხელმძღვანელობა აფრთხილებს „გულმავიწყ“ მოქალაქეებს, რომ უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევაში მათ დიდი ჯარიმები ელით.

განცხადებაში აღნიშნულია, აგრეთვე, რომ კონტროლიორებს თან აქვთ აპარატი-იდენტიფიკატორი, რომლითაც ელექტრონულ ბაზას უკავშირდებიან და შეუძლიათ დაადგინონ, ამა თუ იმ კონკრეტული სამგზავრო ბარათით თუ ბილეთით ელექტრონულად გადახდილია თუ არა მგზავრობის საფასური იმ ტრანსპორტზე, რომელზეც შემოწმება მოხდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
Загрузка...