ინტერნეტგამოკითხვის შედეგები პრეზიდენტის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე

პრეზიდენტის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე „პალიტრა-ჯგუფი“ მასში შემავალი ინტერნეტგამოცემების ერთობლივი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვა 22-23 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მასში 24 453-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ინტერპრესნიუსზე, ამბები.გე-სა და კვირისპალიტრა.გე-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, 31%-ით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. 27%-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მესამეზე 11%-ით კი – დავით უსუფაშვილი.

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – 5-5%-მა განაცხადა, რომ მხარს დავით ბაქრაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს, 3% მიიღო შალვა ნათელაშვილმა, 6%-მა აირჩია პასუხი „სხვა“, 12%-მა კი განაცხადა, რომ ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს.

ეს გამოკითხვა მეტ-ნაკლებად ქმნის საერთო პოლიტიკური განწყობების სურათს, რადგან ზემოთ დასახელებული სააგენტოები ნაკლებად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. ამის მიუხედავად, ინტერნეტგამოკითხვა მაინც ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან ის არ მოიცავს პოტენციურ ამომრჩეველთა მთლიან სპექტრს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პორტალებზე იმავე თემაზე გამოკითხვა 2-3 ოქტომბერსაც ჩატარდა. მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატების – სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობა თანაბრად გაიყო. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაში მონაწილეთა 28-28%-მა აირჩია.

კომენტარები
Загрузка...