ახალგაზრდა დიპლომატი ბაჩო ჩუბინიძე: „საქართველოში განვითარების რესურსი იზრდება“

ახალგაზრდა დიპლომატი ბაჩო ჩუბინიძე საკმაოდ თავდაჯერებული და მიზანსწრაფული ადამიანია: იცის, რა უნდა ცხოვრებაში და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს, თავის ცოდნას კი თანატოლებსაც უზიარებს. ,,საქართველო, უამრავი პრობლემის მიუხედავად, სწორად ვითარდება და, შესაბამისად, განვითარების რესურსიც იზრდება“, – ამბობს წარმატებული ახალგაზრდა ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.


ბაჩო, ამჟამად სად ხართ?

ამჟამად სოფიაში ვიმყოფები. საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ესსეების კონკურსში – „ევროკავშირი 2030 წელს“ პირველი ადგილის მფლობელი გავხდი და რადგან ამჟამად „ევროპის საბჭოს“ პრეზიდენტი ქვეყანა ბულგარეთია, სწორედ ამ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში მაქვს ვიზიტები.

პროფესიით ვინ ხართ? მოგვიყევით თქვენს საქმიანობასა და მიღწევებზე.

პროფესიით სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ვარ საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, ხოლო 2019 წელს ევროკავშირიდან მაგისტრის დიპლომით დავბრუნდები საქართველოში. საქმე ისაა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ევროპის კოლეჯში 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე (მესამე 100%-იანი გრანტია ჩემს ცხოვრებაში). ეს დამწყები დიპლომატისთვის დიდი მოტივაციაა იქიდან გამომდინარე, რომ კოლეჯი შედის იმ უნივერსიტეტების ხუთეულში, სადაც ევროპარლამენტარებმა მიიღეს განათლება. მიმდინარე წელს, აპრილში USAID-ის პოლიტიკური დებატების ნახევარფინალისტი გავხდი, ხოლო მანამდე კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმში 30 მონაწილეს შორის ერთ-ერთი ადგილი მოვიპოვე კონკურსის საფუძველზე.

დიპლომატიურ კარიერაზე ფიქრი 2012 წელს დავიწყე, მას შემდეგ, რაც ლიეტუვაში „ნატოს“ სამხედრო ბაზაზე ვიყავი, 2013 წელს კი საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე.

სოფიიდან დაბრუნების შემდეგ დაგეგმილი მაქვს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ჩავატარო ჩემი პირველი საჯარო ლექცია კიბერპოლიტიკის შესახებ, ხოლო ივნისში ევროპის პარლამენტის საერთაშორისო მოდელირებაში თავდაცვის კომიტეტს ვუხელმძღვანელებ ჟიული შარტავას შვილიშვილთან ერთად. აგვისტოდან უკვე მთლიანად მაგისტრატურაზე ვიქნები გადართული.

რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?

ბავშვობიდან მიზიდავდა უცხო ენები, მათემატიკა, სპორტი და დიპლომატია. ამ ეტაპზე ჩემს პრიორიტეტებშია ფრანგული ენის დახვეწა, ფიზიკური აქტივობები და მაგისტრატურისთვის მზადება. ამ უკანასკნელს, შეიძლება ითქვას, ყველაზე სერიოზულად ვუყურებ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ მისწრაფებიდან გამომდინარეებით.

როგორც ჩანს, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხართ…

დიახ, ასეა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში არავინ უნდა დარჩეს უმიზნოდ.

როგორია თქვენი ერთი დღე?

დილა ფიზიკური აქტივობებით და სტადიონზე სირბილით იწყება, რასაც შემდგომში ყავა და ჰალსტუხი მოსდევს. შუადღე, ძირითადად, დიპლომატიურ სფეროს ეკუთვნის, ხოლო საღამო – ოჯახსა და მეგობრებს. ვერ ვიტყვი, რომ იოლი იყო ამ გეგმისთვის ფეხის აწყობა, მაგრამ როცა ადამიანს ნება და სურვილი აქვს, ყველაფერი შესაძლებელია.

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს ხშირად ვიკრიბებით თანატოლი ნათესავები, რომელთა ნაკლებობას არ ვუჩივი. ჩვენ ყველანი ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, თითქმის ერთ თაობას ვეკუთვნით და ხასიათითაც ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ამასთან, გვყავს პატარა და-ძმაც, რაც თავისუფალი დროის უფრო ხალისიანად გატარებაში გვეხმარება აკვაპარკში, აგარაკებსა თუ სხვადასხვა გასართობ ადგილას.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც ყველა, ისე მეც ზუსტად ვერ ვიტყვი, რა იქნება მომავალში, მაგრამ კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა და სხვადასხვა ტიპის აქტივობა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად დარჩება. გარდა ამისა, ყოველთვის მაინტერესებდა საინფორმაციო ტექნოლოგიები და ვაპირებ ამ კუთხით ცოდნის გაღრმავებას.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

ემიგრანტებს, რომლებსაც ძალიან ენატრებათ საქართველო და მუდამ ოჯახთან დაბრუნებაზე ოცნებობენ, ვეტყოდი, რომ უფრო ძლიერ ილოცონ და არ ჩავარდნენ სასოწარკვეთაში. ყოველდღიური ბრძოლა ფუჭად არ ჩაივლის, რადგან მათი გარჯა შვილების და შვილიშვილების ბედნიერი ცხოვრების საწინდარია.

თქვენი აზრით, არ არის საქართველოში იმდენი რესურსი, რომ ქართველი საკუთარი თავის რეალიზებისთვის უცხო ქვეყანაში არ გაემგზავროს?

არა, მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას უკვე შეუძლია საკუთარ მოქალაქეებს განვითარების საშუალება მისცეს და სხვადასხვა სფეროში წინ წასწიოს, მაგრამ, მგონი, არსებობს გარკვეული ბარიერები, რის გამოც მოკლე დროში ამის მთლიანად უზრუნველყოფა შეუძლებელია. მეორე მხრივ, დღევანდელი საზოგადოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი განვითარების მომსწრენი არიან. ჩემი აზრით, საქართველო, უამრავი პრობლემის მიუხედავად, სწორად ვითარდება და, შესაბამისად, განვითარების რესურსიც იზრდება.

ესეც უნდა ითქვას, რომ წარმატებულ ადამიანთა დიდი ნაწილი საკუთარი თავის რეალიზებას ისტორიულად სწორედ უცხო მხარეში იწყებდა. დღევანდელობა კი გვაძლევს საშუალებას, ნაკლები რესურსებით უფრო მეტი ვაკეთოთ, რისთვისაც არაერთი მექანიზმია შემუშავებული – ონლაინგანათლებით დაწყებული, სტარტაპებით დამთავრებული. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რესურსების ნაკლებობაა, რადგან ჩვენი ქვეყანა და ხალხი დღევანდელი სამყაროს აქტიურ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს საკუთარი თავისთვის საზღვარგარეთ განვითარების შესაძლებლობის შეზღუდვას.

რას ურჩევდით მიზანდასახულ და შრომისმოყვარე თანატოლებს?

ვერ ვიტყვი, რომ ახალგაზრდობა მხოლოდ კარგი აქტივია და უარყოფითი მხარე არ აქვს. არც ის მგონია, რომ შვილები მშობლების რჩევებს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ, ან აუცილებლად უნდა უჯანყდებოდნენ მათ. უმეტესად  მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ჩემს შემთხვევას ჰგავს: ურთიერთობა გქონდეს სხვადასხვა თაობასთან და განსხვავებული პრობლემების წინაშე იდგე, რაც გაიძულებს ასევე განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო. თუმცა ვფიქრობ, ახალგაზრდა ადამიანი ცხოვრებაში ყოველთვის უნდა ეცადოს მიხვდეს, სად გადის ზღვარი – ეს იოლი არ არის, თუმცა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება; უნდა სწამდეს ღმერთის, რადგან უფლის რწმენის გარეშე ყველაფერი და ყველანაირი წარმატება მაშინ უფასურდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი და ყველაზე ბედნიერად გრძნობ თავს.

ვფიქრობ, ჩემმა თანატოლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ კომპიუტერული მეცნიერებების და ისეთი ენების შესწავლას, როგორიცაა: ფრანგული, ესპანური თუ გერმანული (რადგან ევროკავშირი ინგლისურზე მეტად უკვე ამ სამ ენას ეფუძნება და, შესაბამისად, მათი ცოდნა ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დიდად გაუმაგრებს ზურგს); ამასთანავე, არ აჰყვნენ მოდას და იფიქრონ „ყუთს“ გარეთ… არის სხვა ფაქტორებიც, მაგრამ ეს თვისებები,ნვფიქრობ, ჩემი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...