სწავლასაბერძნეთი

საბერძნეთის უნივერსიტეტებში სწავლის თავისებურებანი

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ საბერძნეთში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სწავლა უფასოა, რაც მოქალაქეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამავე დროს, საინტერესოა, რამდენად ხარისხიანია სწავლების პროცესი და რა თავისებურება ახასიათებს ბერძნული უმაღლესი განათლების სისტემას.

მსოფლიო მასშტაბით უნივერსიტეტების რეიტინგის დათვლას რამდენიმე ორგანიზაცია დამოუკიდებლად ახორციელებს და ამ საქმისთვის განსხვავებული კრიტერიუმები გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ამ რეიტინგებს შორის სხვაობა არც ისე დიდია. ამდენად, ჩვენ მხოლოდ ერთი მათგანის შეფასებებს დავეყრდნობით. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო განათლების სიახლეების ელექტრონული გვერდის მიხედვით (www.usnews.com), ბერძნულ უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იოანე კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი იკავებს. მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მას 286–ე ადგილი უჭირავს. მეორე ადგილზეა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (მსოფლიო რეიტინგით 363–ე ადგილი), ხოლო მესამეზე – ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (მსოფლიო რეიტინგით 437–ე). ცხადია, ეს საუკეთესო შედეგად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ბერძნულ უნივერსიტეტებში განათლების საკმაოდ მაღალ დონეზე მიუთითებს.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უფასო განათლების უფლება მარტო საბერძნეთის მოქალაქეებზე არ ვრცელდება და უცხოელებიც თანაბრად სარგებლობენ ამ სიკეთით. ასევე, ლექციებზე დასწრება სავალდებულო არაა და შესაბამისი აღრიცხვაც არ წარმოებს (გამონაკლისია ზოგიერთი სპეციალობა, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები და სამინარები). ყოველ სპეციალობას აქვს თავისი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი უშუალოდ ლექტორისგან იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას. სტუდენტს, აღნიშნული ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეუძლია გაეცნოს სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიებს, ასევე, უშუალოდ მიმართოს ლექტორს მისთვის საინტერესო კითხვით. ამას გარდა, ყოველი საგანის შესასწავლად უფასოდ რიგდება ერთი ძირითადი სახელმძღვანელო. ამდენად, სტუდენტს შეუძლია სწავლა და შრომა ერთმანეთს შეუთავსოს, რაც ძალიან მოსახერხებელია.

ბერძენი პროფესორების უმრავლესობას დოქტორანტურა ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებში აქვს განვლილი. მათი დიდი ნაწილი რამდენიმე უცხო ენას ფლობს. ამას გარდა, ბერძნულ ენაზე ოპერატიულად ითარგმნება უახლესი სამეცნიერო ლიტერატურა, რაც ქვეყანაში აკადემიური დონის მუდმივ ამაღლებას უზრუნველყოფს.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ქართველი ახალგაზრდების მიერ საბერძნეთში განათლების მიღება მათი მომავალი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close