ქართულ საქმეთა ავთანდილი

12 მაისს ავთანდილ მიქაბერიძის დაბადების დღეა! 65 წლისა ხდება. თითქმის ნახევარი საუკუნეა, ერთმანეთს ვიცნობთ. 1970 წლის პირველი სექტემბერი იყო, პირველად რომ ვნახე. პირველკურსელთა სახელით სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამართულ საპირველსექტემბრო ზეიმზე. მე მეორე კურსზე ვიყავი.

მალე დავმეგობრდით და მას მერე ჩვენი გზები არაერთხელ გადაიკვეთა საქართველოსა თუ უცხოეთში, არაერთი კეთილი საქმე გვიკეთებია ერთად – წიგნების გამოცემით დაწყებული, კულტურული ორგანიზაციების დაფუძნებით, გამოფენების მოწყობითა თუ ძეგლის აღმართვით დამთავრებული.

სწორედ ძეგლის აღმართვის ამბავი მინდა გავიხსენო: 1992 წელი იდგა. 5 მაისს საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას მე ვხელმძღვანელობდი, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. იმ დღეებში ოლიმპიაში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა – 7 მაისს ჰერას ტაძრის ნანგრევებზე ოლიმპიური ჩირაღდანი აინთო, რომელმაც ბარსელონისკენ აიღო გეზი, ხოლო მანამდე ორი დღით ადრე ანტიკური ოლიმპიის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ქართველი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას მონუმენტი „მშვიდობის ჩირაღდანი“.

ეს ძეგლი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული და მისი აღმართვა უშუალოდ არის დაკავშირებული უკვე მაშინ ცნობილი ელინისტისა და ბიზანტისტის ავთანდილ მიქაბერიძის სახელთან. როგორც ჩვენი ახალშექმნილი ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, სწორედ იგი წარმართავდა მოლაპარაკებებს ანტიკური ოლიმპიის მერთანაც, საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთანაც და ყველასთან, ვინც საბერძნეთის მხრიდან ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. ეს ძეგლი და მისი გახსნა ანტიკურ ოლიმპიაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი აქტივობა იყო საერთაშორისო ასპარეზზე.

ძეგლი მე და ავთომ ერთად გავხსენით. მე ქართულად მივესალმე ოლიმპიის ცენტრში შეკრებილ მრავალრიცხოვან აუდიტორიას, ავთო – ბერძნულად.

მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა. 26 წელიწადია, ძეგლის კვარცხლბეკზე სამ ენაზე გაკეთებული წარწერა ანტიკური ოლიმპიის სტუმრებს აუწყებს, რომ გიორგი შხვაცაბაიას „მშვიდობის ჩირაღდანი“ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა აჩუქა ოლიმპიადების სამშობლოს.

ჩემს არქივში არის იმდღევანდელი ზეიმის ამსახველი არაერთი ფოტო, რომელთაგან რამდენიმე მინდა Nostal.ge-ს შევთავაზო ამ ჩემს ტექსტთან ერთად.

დღეს დოქტორ ავთანდილ მიქაბერიძეს კარგად იცნობენ საქართველოშიც, საბერძნეთშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც, როგორც სახელოვან მეცნიერსა და ამაგდარ საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართულ საქმეთა ნამდვილი ავთანდილია საბერძნეთში. შეუძლებელია, სრულად ჩამოთვალო მის მიერ გაკეთებული მრავალი სასიკეთო საქმე, როგორიცაა, მაგალითად, ათონის ქართულ ხელნაწერთა მიკროფილმირება, არაერთი ქართული სიძველის გამოვლენა და შესწავლა საბერძნეთსა თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ბიზანტიის ქართველი დედოფლის მარიამ-მართა ბაგრატიონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საფუძვლიანი გამოკვლევა, ქართულ-ბერძნული სამეცნიერო სიმპოზიუმებისა და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება საბერძნეთში…

ავთანდილ მიქაბერიძე უშუალოდ ხელმძღვანელობს საბერძნეთში მის მიერვე დაფუძნებულ ქართულ-ბერძნული ურთიერთობისთვის უაღრესად მნიშვნელოვან არაერთ ინსტიტუციას: ათენის ქართული ინსტიტუტი, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, კლასიკური ხელოვნების ინსტიტუტი „აპოლონი“, ასოციაცია „დიოსკურია“ და სხვა. ქართველი ემიგრანტები დამეთანხმებიან, რომ ავთანდილ მიქაბერიძე დაუღალავად ზრუნავს საბერძნეთში დამკვიდრებულ თუ დროებით მცხოვრებ ქართველთა განათლებასა და ჯანმრთელობაზე. „კავკასიასთან“ ერთად ამის დასტურია მის მიერ შექმნილი „ათენის ჯანმრთელობის ცენტრი“, რომელსაც თავად უდგას სათავეში. საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ამ მხრივ ჩემზე მეტი აქვთ სათქმელი. მე კი დავძენ, რომ ამ საუკუნის დასაწყისში საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩვენ ერთად დავაფუძნეთ კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. დავძენ იმასაც, რომ ავთანდილ მიქაბერიძე მრავალი წელია საქართველოდან ჩასულ პოლიტიკოსთა, მეცნიერთა, ხელოვანთა, სპორტსმენთა თუ სტუდენტთა საიმედო დასაყრდენი და კეთილი მასპინძელია საბერძნეთში. მეც არაერთხელ ვყოფილვარ მისი სტუმარი. რომელი ერთი გავიხსენო: მოგზაურობანი ათონის მთაზე თუ ანტიკურ ოლიმპიაში, სუნიონის კონცხზე, მეტეორასა თუ დელფოში, კრუიზი საბერძნეთის კუნძულებზე, არდადეგები პატმოსზე ჩვენს ოჯახებთან ერთად… ის, რომ ათენი ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ქალაქი გახდა ჩემთვის, სწორედ ავთო მიქაბერიძის დამსახურებაა.

ბოლოს კიდევ ერთი ფოტო მინდა შევთავაზო Nostal.ge-ს მკითხველს. ის 2004 წელს, ათენის ოლიმპიადის მესამე თუ მეოთხე დღეს გადავიღე ათენის ქართულ ინსტიტუტში ჩემს მასპინძელთან, ავთანდილ მიქაბერიძესთან ერთად.

ამ ფოტოს შემდეგაც საკმაოდ დიდი დრო გასულა! აკი, მოგახსენეთ, 12 მაისს ავთანდილ მიქაბერიძეს 65 წელი უსრულდება.

ვულოცავ!

ვულოცავ და კიდევ მრავალი წლის სიცოცხლეს ვუსურვებ ჯერ ისევ ახალგაზრდული ენერგიით აღსავსე სახელოვან მოღვაწეს.

დარწმუნებული ვარ, ჩემს ამ მილოცვას მრავალი ადამიანი შემოუერთდება საქართველოდან, საბერძნეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან.

პაატა ნაცვლიშვილი   

კომენტარები
Загрузка...