ანა ჯალაღანია: „დედაჩემი გმირია, რომელსაც ვცდილობ ყოველდღე მადლობა გადავუხადო“

ანა ჯალაღანია 13 წელია საფრანგეთში ცხოვრობს. მან საქართველო 14 წლისამ დატოვა, იმ ასაკში, როცა მოზარდებს უკვე ჰყავთ თავიანთი სამეგობრო წრე და ყველაზე მეტად უჭირთ მშობლიურ გარემოსთან განშორება… თუმცა საფრანგეთში დედა ელოდა და ახალი ცხოვრება, სირთულეებიც და ახალი შესაძლებლობებიც, რომლებზეც ანა ინტერვიუში თავად გვესაუბრება ძალიან გულწრფელად და საინტერესოდ.

ანა, ყველა ემიგრანტს აქვს ისტორია, რომელიც სხვა ისტორიებს კიდევაც ჰგავს და განსხვავებულიცაა. როგორია თქვენი ისტორია?

2001 წელს დედა წავიდა საფრანგეთში, საელჩოში გაცნობილ წყვილთან ერთად. 2 მუდმივი სამსახური ჰქონდა: რენტგენოლოგ-ლაბორანტად და ძიძად მუშაობდა. როგორც კი ნიცაში საბოლოოდ დარჩენა გადაწყვიტა, იმ დღიდან დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენც მალე წავეყვანეთ… ასე ველოდეთ 5 წელი, რომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიეღო და ლეგალიზაციის შემდეგ, ოჯახის გაერთიანების მოთხოვნით, წაგვიყვანა მამა და 3 არასრულწლოვანი შვილი (ჩემი უფროსი და-ძმა უკვე დაოჯახებული იყო; სულ 5 დედმამიშვილი ვართ).

14 წლის ვიყავი და ძალიან არ მინდოდა წასვლა, ვიცოდი, დიდხანს ვერ დავბრუნდებოდი. 5 წლის უნახავ დედას პირველივე დღეს ის ვკითხე, თბილისში როდის შევძლებ დაბრუნებას-მეთქი.

მე არ მაქვს განსაკუთრებული ისტორია, დედაჩემის ისტორიაა ჩემთვის ყველაზე გმირული. წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორი იყო ის წლები მისთვის: ჯერ 5 წელი ოჯახიდან შორს, უცხო ქვეყანაში ცხოვრება, იშვიათი სატელეფონო კომუნიკაცია და წერილები (დღემდე შენახული) – ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა; მერე ჩვენი ჩამოსვლა საფრანგეთში, უკვე მოზრდილი, გარდატეხის ასაკში მყოფი  შვილების თავიდან გაცნობა, რომლებიც მეგობრებს ჩამოშორდნენ და უცხო გარემოში აღმოჩნდნენ, სირთულეების წინაშე: სწავლის თავიდან დაწყება, გაურკვეველი სიტუაციები… მაგრამ დედა ძალიან ძლიერია, ისე აგვეწყო ურთიერთობა, თითქოს არასოდეს დავუტოვებივართ მარტო. დედაჩემი გმირია, რომელსაც ვცდილობ ყოველდღე მადლობა გადავუხადო; მეც და ჩემი და-ძმაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენით იამაყოს და არასოდეს გაიფიქროს, ამდენი რისთვის ვიწვალეო.

რატომ აირჩიეთ ნიცაში ცხოვრება (როგორც ვიცი, უკვე საფრანგეთის მოქალაქეებიც ხართ)?

დედა და მისი მეგობარი წყვილი ჩამოვიდნენ ნიცაში, ახლობლების რჩევით, მაგრამ აქ მყოფმა ქართველებმა ჰოლანდიაში გადასვლა ურჩიეს და დაგეგმილი იყო კიდეც ყველაფერი, მაგრამ დედას მეგობარს მოტოციკლი დაეჯახა, მსუბუქად დაშავდა და იძულებულები გახდნენ, მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას დალოდებოდნენ… ასე შემორჩნენ ნიცაში.

დედაჩემი, მამაჩემი და უკვე 4 დედმამიშვილი აქეთ ვართ, საფრანგეთის მოქალაქეები გავხდით და ბევრს ვმოგზაურობთ: ხან სად ვართ, ხან სად. ჩემთვის ეს საფრანგეთის მოქალაქეობის ყველაზე დიდი პლუსია.

ანა იაპონიაში მოგზაურობისას

ამჟამად თქვენ რას საქმიანობთ და რით არიან დაკავებულები თქვენი ოჯახის წევრები?

ეკონომიკის და მენეჯმენტის განხრით დავამთავრე მაგისტრატურა, 2 წლის წინ მოვრჩი სწავლას, 1 წლით სამოგზაუროდ წავედი და, დაბრუნებულს, ცოტა გამიჭირდა სამსახურის პოვნა ჩემს სფეროში.

ბევრ სამსახურს მივედ-მოვედე, ვცადე ყველაფერი, რაც გამოჩნდა იმ პერიოდში – ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველი, კონგრესებზე მიმღები (Hotes) – 6 თვის წინ კი დეკრეტში გასული ადმინისტრაციული და ფინანსური ასისტენტი (მენეჯერის თანაშემწე) შევცვალე, თავიდან დროებით, მაგრამ უკვე მუდმივი კონტრაქტი შემომთავაზეს და ჯერჯერობით ისევ Planet of finance-ის (ფინანსურ სფეროში მოღვაწე სტარტაპია) მენეჯერის თანაშემწე  ვარ.

ანა დედ-მამასთან ერთად უნივერსიტეტის დიპლომის აღების შემდეგ

დედა ინვალიდ ბავშვთა სკოლაში მუშაობს (პირადად ბავშვებთან არა, გემრიელ კერძებს უმზადებს). ყველაზე განათლებული და ერუდირებული ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, მამაჩემია, პროფესიით ინჟინერი. იგი ამჟამად ანტიკვარიატის მაღაზიაში მუშაობს, ნივთების რესტავრაციას აკეთებს და არა მარტო. ჩემი ძმა, უჩა სასტუმროს Maitre d’Hotel-ი და სომელიეა, ჩემი და, თათო (თამარი) კი – მონაკოში ანტიკვარიატის ბუტიკის მენეჯერი.

სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობთ, მიყვარს ქართული წიგნების კითხვა… ვცდილობ ჩემს დისშვილებსაც შევუნარჩუნო ენა, რადგან მერე ძნელია დავიწყებული ენის აღდგენა.

უჩა და თათო

ანა, რამდენი წლის ხართ, დაოჯახებული ხართ?

ძალიან მინდა, მუდამ 25 წლის ვიყო, მაგრამ უკვე 27-ის გავხდი. არა, ჯერ დაოჯახებული არ ვარ.

გყავთ რჩეული? ფრანგია თუ ქართველი?

ფრანგი შეყვარებული მყავს, ჟან ბატისტი ჰქვია და JB-ს ვუძახით შემოკლებით (ქართულად ჟღერს, როგორც ჟიბე). 🙂 მინდა, ჯერ გავაცნო საქართველო და როცა ჩავთვლი, რომ საქართველოში მშვიდად შევძლებთ ცხოვრებას, დავბრუნდები აუცილებლად. ჟან ბატისტი დურგალია, ავსტრალიაში მოგზაურობისას გავიცანი. ძალიან უყვარს კულინარიაც, უგემრიელეს საჭმელებს აკეთებს (გამიმართლა 🙂 ). სანამ გამიცნობდა, საქართველოზე არაფერი იცოდა. და ახლაც, გემრიელი საჭმელების გარდა, ბევრი არაფერი იცის, მაგრამ გეგმაში გვაქვს ჩამოსვლა.

თქვენს სამეგობრო წრეში ქართველებიც არიან? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ჩამოსვლის დღიდან ინტერნეტ სივრცეში ვატარებდი უზომოდ დიდ დროს, რომ ქართველებთან მქონოდა ურთიერთობა და რამდენიმე თვეში ჩემი საუკეთესო დაქალიც გავიცანი – თამთა, ისიც ემიგრანტი, ნიცაში ოჯახთან ერთად ახალი ჩამოსული იყო იმ პერიოდში. დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ. ინტერნეტით გავიცანი, აგრეთვე, სალომე, რომელიც იმ დროიდან ჩემი საუკეთესო და განუყრელი მეგობარია. სალომე საქართველოში ცხოვრობს და ქართული რომ კარგად მახსოვს, მასთან ურთიერთობის დამსახურებაცაა.

ზოგადად, ქართველებთანაც მაქვს ურთიერთობა, რუსულ ეკლესიაში დავდივარ და დიდი ქართული მრევლია. საკმაოდ დიდი სათვისტომოა ნიცაში ქართველების, ძველი თუ ახალი ემიგრანტების.

რა იყო ყველაზე დიდი სიძნელე თქვენთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრების პირველ ეტაპზე და როგორ გადალახეთ ეს სიძნელე?

ყველაზე დიდი სიძნელე, ჩემი აზრით, ენის ბარიერია.
კოლეჯის ბოლო კლასში ვიყავი, წელიწად-ნახევრის ჩამოსული (მგონი, ჩვენი სკოლის მე-9 კლასს შეესაბამება), ფრანგულის თავისუფალ თემაში 17/20 მივიღე (20-ბალიანი სისტემაა და საკმაოდ მაღალი ქულაა). ალბათ თემა მოეწონა ჩემს მასწავლებელს და ხმამაღლა წაკითხვა მთხოვა. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ არჩევანი არ დამიტოვა.
ვკითხულობ თემას და რამდენიმე წუთში ჩემმა კლასელმა სიცილი დაიწყო: არაფერი მესმის, რას კითხულობს, ვერ ვიგებო.

ყველაფერმა ტრიალი დაიწყო, აი, ფილმებში როა, ისე. 🙂 მასწავლებელმა კი მისცა შენიშვნა და ჩემმა მეგობარმა გააგრძელა კითხვა. მე კი ამ დღის მერე მიჭირს საჯაროდ დიდხანს ლაპარაკი, არ მიყვარს, როცა ბევრი ადამიანი მისმენს.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეგიძლიათ ურჩიოთახალბედაემიგრანტებს: პირველ რიგში, რა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ უცხო გარემოს შედარებით უმტკივნეულოდ შეეგუონ?

ახალბედა – და არა მარტო – ზოგადად, ემიგრანტებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვის ქვეყანაში ვართ. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ფრანგს ვერ გავუსწორდებით და ვერ მოვთხოვთ ვერაფერს, ჩვენ ორმაგი სიძნელეები გვხვდება და უნდა გადავლახოთ. ბევრად უფრო ძლიერები ვართ.
და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ, ოჯახის გარდა, მხოლოდ საკუთარი თავის!

ანა ახალ ზელანდიაში, ტონგარიროს 19-კილომეტრიან ლაშქრობაზე

თქვენი თვალთახედვით, რით ჰგავს საფრანგეთი საქართველოს და რა არსებითი ხასიათის განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას შორის? და ფრანგებიქართველებს?

ვერც საქართველოს ვამსგავსებ საფრანგეთს და ვერც ფრანგებს – ქართველებს, სრულიად განსხვავებულები ვართ. მაგალითად, მეგობრობა განსაკუთრებული ვიცით, რაც ყველას არ ესმის.

ქვეყანაც კი სრულიად განსხვავებულია. სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაა. აქ სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტში 500 ევრო ღირს წელიწადში და, ოჯახის შემოსავლების გათვალისწინებით, საერთოდ უფასოც შეიძლება იყოს. არსებობს ასევე «sandwich courses» უნივერსიტეტის წლებში, რაც გულისხმობს თან სწავლას და თან მუშაობას. ასე ვისწავლე 5 წელი: 1 კვირა სამსახურში ვიყავი, 1 კვირა – უნივერსიტეტში, მქონდა ხელფასი, ვსწავლობდი პროფესიას და ავიღე დიპლომი. ამაზე უკეთესი არაფერია.

აქ 35 წლის ასაკში შეიძლება პროფესიის შეცვლა, ახალი ცხოვრების დაწყება, ჩვენთან კი ამ ასაკში არავინ აგიყვანს პირველად სამსახურში… არადა, რამდენია პატარა ასაკში გათხოვილი, შვილებს რომ მიუძღვნეს მთელი ახალგაზრდობა და გვიან, 30-35 წლის ასაკში მოიცალეს საკუთარი თავისთვის…

ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი საქართველოში, ძალიან ბევრი…

ფრანგებს როგორი დამოკიდებულება აქვთ იმიგრანტების მიმართ და თუ შეიცვალა ეს დამოკიდებულება ბოლო წლების ტერაქტების ფონზე?

ნიცა, ამ მხრივ, ცოტა არ იყოს, პრეტენზიული ქალაქია, ინგლისურად ლაპარაკიც კი არ უყვართ, ფრანგულად უნდა ელაპარაკო ყველას.
რაც შეგვეხება ჩვენ: ქართველების მიმართ დამოკიდებულება არა მგონია შეეცვალა ტერაქტებს. თან ტერორისტებზე ხომ ყველაფერი ვიცოდით მეორე დღესვე: არცერთი იყო იმიგრანტი, უბრალოდ, რადიკალიზებული მუსლიმები იყვნენ.
ქართველები სხვანაირად ვართ ცნობილნი: ზოგ ქალაქში, როგორც საუკეთესო ქურდები, მაფიოზები, ზოგან, როგორც კარგი რაგბისტები და ა. შ.

საქართველოში ჩამოდიხართ ხოლმე? დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?

ვცდილობ, ყოველ წელს ჩამოვიდე, ჯერჯერობით გამომდის და მეგობრების განსაკუთრებულ დღეებს არ ვაკლდები.

მცხეთა, მეგობრის ქორწილში

სამშობლოში დაბრუნება ჩემი მიზანი იყო აქ ჩამოსვლის დღიდან; დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი აქაური სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა ხნით გადავდე. თითქმის ყველა აქ ვართ, მთელი ოჯახი, ფრანგულ რიტმსა და ცხოვრებაში ჩართული…

როგორია თქვენი გეგმები სამომავლოდ?

ბევრი რამ მაქვს კიდევ სანახავი, ძალიან მინდა, ცოტა კიდევ ვიმოგზაურო და რამდენიმე წლის მუშაობის მერე საქართველოში დავბრუნდე უგემრიელესი ჰამბურგერების რესტორნის გასახსნელად. ეს ჩემი სურვილი-გეგმა ჟიბეს დამსახურებაცაა. 🙂

დიდი მადლობა, ანა, ასე გულწრფელი და საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ.

დიდი მადლობა თქვენ.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

ბავშვობის ნოსტალგია: და-ძმა ჯალაღანიები და მეგობარი გოგონა (ლურჯ როლინგში)
კომენტარები