ორგანიზმის სიგნალები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ჯანმრთელობის რეგულარულ პროფილაქტიკურ შემოწმებას ცოტა ადამიანი თუ იტარებს, რაც არასწორია, თუმცა ასეთია რეალობა. მაგრამ თუ საკუთარი ორგანიზმის სიგნალებს უყურადღებოდ არ დავტოვებთ, ბევრ რამეს გავიგებთ ჯანმრთელობის მოსალოდნელ პრობლემებზე და პრევენციული ზომების მიღებასაც დროულად შევძლებთ. მაშ ასე, რა მინიშნებებს გვაძლევს ჩვენი ორგანიზმი?
დამსკდარი ტუჩები

თუ ტუჩებსა და ტუჩის კუთხეებში გაჩენილ ნახეთქებთან ერთად სხეულის კუნთების მოდუნებაც აღინიშნება, წარმოიშობა ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა და თმის ცვენა ძლიერდება – ეს სერიოზული სიგნალია იმისა, რომ ორგანიზმში ვიტამინ В2-ის (რიბოფლავინის) ნაკლებობაა. დარღვეულ თანაფარდობას სწრაფად აღადგენს რძის პროდუქტები, კვერცხი, არაქისი, ატამი, სოია, მსხალი, პომიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო.

თეთრი ნადები ენაზე

ენაზე თეთრი ნადები უჩნდებათ მათ, ვინც დიდხანს შიმშილობს ან გაციებულია. მაგრამ თუ თეთრი ნადების ფონზე მკვეთრად ჩანს ენის კიდეების შეწითლება, დიდი ალბათობით, გასტრიტი უნდა ვივარაუდოთ. ღია ნაცრისფერი ნადები ენაზე: დარღვეულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა. თუ ნადებთან ერთად ტუჩებიც შესიებულია და კანის სიმშრალე აღინიშნება, სავარაუდოა, რომ რკინის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად: მიირთვით ნაკლები შავი ყავა და ჩაი (ისინი რკინის შეთვისებას ბლოკავენ), მეტი ოხრახუში, ღვიძლი, თევზი და თეთრი სოკო და კიდევ უფრო მეტი ვაშლი და ციტრუსი.

პირის სიმშრალე

პირის სიმშრალე – ნორმალური რეაქციაა სტრესსა და ნერვიულობაზე, მაგრამ თუ სიმშრალე დიდხანს გრძელდება და მას სიფიცხე და გაღიზიანება ერთვის, მაშინ საფუძვლიანია ვარაუდი, რომ თქვენს ორგანიზმს ვიტამინი В3 (ნიკოტინის მჟავა) აკლია. ეს ვიტამინი ბლომადაა ქათმის და საქონლის ხორცში, კაკალსა და თხილეულში, ხორბლის ღივებში. პირის სიმშრალეს ზოგჯერ იწვევს სანერწყვე ჯირკვლების ანთება; ასევე, ეს სიმპტომი არის შაქრიანი დიაბეტის საწყისი გამოვლინება.

ცუდი სუნი პირიდან

თუ პირიდან ამომავალი ცუდი სუნი წინა დღის თავდავიწყებულ ქეიფს ან გაუხეხავ კბილებს არ უკავშირდება და არც სტომატოლოგიურ პრობლემებს, მაშინ კარგი იქნებოდა, სისხლში შაქრის დონე შეგემოწმებინათ და დიაბეტი გამოგერიცხათ; ასევე, რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელების გაშუქება. ამ პრობლემის მიზეზი შესაძლოა ქრონიკული ბრონქიტიც იყოს. ზოგადად, ცუდი სუნის გასაქრობად კარგია, თუ ხშირ-ხშირად დალევთ რამდენიმე ყლუპ წყალს ან,უბრალოდ, პირში გამოივლებთ.

კანის აქერცვლა

ართუ იშვიათად კანის აქერცვლა А და В2 ვიტამინების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. სრულფასოვანი კვება სწრაფად მოაგვარებს კანის ამ პრობლემას. თუ აქერცვლას ძლიერი ქავილიც ახლავს, მაშინ ბევრი ფიქრი საჭირო არ არის – აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან სოკოვანი დაავადების სერიოზული საფრთხე არსებობს. მოლურჯო ლაქები, რომლებიც კანზე მსუბუქი დაწოლის დროსაც კი ჩნდება, ნიშნავს, რომ პრობლემები არსებობს სისხლის შედედებასთან ან ღვიძლის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლაბორატორიული გამოკვლევები, რის შედეგადაც დაადგენთ, არსებობს თუ არა პრობლემა.

შესიებული ქუთუთოები

არცთუ იშვიათად ორგანიზმი ქუთუთოების შესიებით სიგნალს გვაძლევს თირკმელების პრობლემის თაობაზე, განსაკუთრებით, თუ ცივი და ფერმკრთალი კანი გაქვთ და მოშვებული ხართ. თვალების მტკივნეული მგრძნობიარობა კაშკაშა სინათლის მიმართ – ეს პრობლემა უმეტესად მათ ექმნებათ, ვინც ალკოჰოლსა და თამბაქოს ბოროტად მოიხმარს. დროა, მოწევა და სმა შეამციროთ, ან საერთოდ თავი დაანებოთ. ზოგჯერ ეს სიმპტომი პოლინოზის (ალერგია მცენარეების ყვავილობაზე) სიგნალია, უფრო ხშირად კი – ორგანიზმის რეაქცია А ვიტამინის ნაკლებობაზე. ასეთ შემთხვევაში მიიღეთ მეტი ყველი, სტაფილო და პომიდორი (ტომატი).

მუქი ფერის შარდი

უფრო სავარაუდოა, რომ საჭირო რაოდენობის სითხეს არ იღებთ (რეკომენდებულია 1.5-2.5 ლიტრი დღეში ორგანიზმის წონის შესაბამისად). თუმცა, თუ მუქ შარდს მაღალი ტემპერატურა და სისუსტეც ერთვის, სავსებით შესაძლებელია შარდსასქესო სისტემის უფრო სერიოზული დაავადების არსებობა, რომელსაც ზუსტად მხოლოდ უროლოგი დაადგენს.

ხშირი სისხლდენა ცხვირიდან

დროა, რეგულარულად გააკონტროლოთ არტერიული წნევა. თუ მაღალი წნევა გაქვთ, ცხვირიდან სისხლდენის მიზეზიც გარკვეულია და ჰიპერტონიას უნდა უმკურნალოთ; თუ წნევა ნორმის ფარგლებშია, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს К ვიტამინი აკლია. მოგიწევთ კომბოსტოს მოხმარების გაზრდა, ასევე, კარგია ისპანახი და ჭინჭრის სუპი.

ჭარბი ოფლიანობა

გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. თუ ღამით ძალიან ოფლიანობთ – ეს ნერვული გამოფიტვის ნიშანია.

ჭრილობების ნელი შეხორცება

თუ ჭრილობა გვიან და ძნელად გიხორცდებათ, თუთიის დეფიციტზე უნდა იეჭვოთ. თუთიის შემცველობა მაღალია ზღვის პროდუქტებსა და პარკოსნებში, ასევე, ბლომადაა გოგრის თესლშიც.

სკლერის ფერის შეცვლა, ჩალურჯებები და მუქი წრეები თვალების ქვეშ

თუ თვალის თეთრი გარსი (სკლერა) გაწითლდა, წნევა გაისინჯეთ, დიდი ალბათობით, ის მაღალი იქნება; სკლერის სიყვითლე კი ღვიძლში ბილირუბინის მაღალ შემცველობასა და ამ ორგანოს ფერმენტული ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს. სილურჯეები და მუქი წრეები თვალების ქვეშ ხშირად დაღლილობის და გამოუძინებლობის ბრალია, თუმცა ექიმები მაინც გვირჩევენ, რომ გული გამოვიკვლიო, რადგან არცთუ იშვიათად ეს გულის დაავადებების პირველი სიმპტომია ხოლმე. თუ დაავადებების არსებობა გამოირიცხა, სილურჯეებს და „ტომსიკებს“ თვალებქვეშ წარმატებით შეიძლება ვებრძოლოთ. ამ შემთხვევაში თვალის უპეების „ტომსიკების“ მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა… მალამო ჰემოროის (ბუასილის) წინააღმდეგ, თუმცა კოსმეტოლოგები მის ხშირად გამოყენებას არ გვირჩევენ. საქმე ისაა, რომ ამგვარი მალამოს ხმარებისას მართალია „ტომსიკები“ მომენტალურად ქრება, მაგრამ ეს საშუალება სისხლძარღვებს ძლიერ ავიწროებს და თვალის გარშემო სათუთი კანი სერიოზულ დარტყმას განიცდის. ამიტომ ამ მეთოდს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ. კიდევ ერთი საშუალება, თანაც უსაფრთხო – მასაჟია. ყოველ დილით 5 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ წრიული მოძრაობები თვალის გარშემო არათითით, თან მსუბუქად დააწექით კანს. მთავარი წესია, რომ ეს ძალიან ნელა უნდა გააკეთოთ. თვალის უპეების „ტომსიკები“ და სილურჯეები ლიმფის შეგუბების გამო წარმოიქმნება და სწორედ შეგუბებულ ლიმფას „გამოვდევნით“ მასაჟით. და რადგანაც ის ძალზე ნელა მიედინება, სწრაფი წრიული მოძრაობა საჭირო არ არის.

განივი ღარები ფრჩხილებზე

ერთი განივი ღარი ნიშნავს, რომ ფრჩხილის ზრდის ზონა დაზიანებული იყო. რამდენიმე ღარი, ანუ დატალღული ფრჩხილი – ავიტამინოზის ან მძიმე ქრონიკული სტრესის შედეგია. სიგრძივი ღარები ფრჩხილებზე თითქმის ყოველთვის საჭმლის მომნელებელი სისტემის ცუდი მუშაობითაა გამოწვეული. თუ ღარები დიდხანს რჩება, აუცილებლად გამოიკვლიეთ კუჭქვეშა ჯირკვალი.

მუწუკები და ფერიმჭამელები სახეზე

ჩვენი კანი შინაგანი ორგანოებისთვის ერთგვარი „დღიურია“ – თუ ისინი თავიანთ ვალდებულებებს ვერ უმკლავდებიან, ამის თაობაზე გამონაყრის სახით „გვწერენ“. რაც ყველაზე საოცარია, ამ „დღიურში“ ყველა ორგანოს თავისი ფურცელი აქვს, უფრო სწორად – სხეულის ნაწილი.

* მაგალითად, თუ ფილტვებში ჭარბი ლორწო და სითხე დაგროვდა, ლოყებზე აუცილებლად გაჩნდება წვრილი მოწითალო გამონაყარი.

რა უნდა გააკეთოთ: მოამზადეთ კოქტეილი: ნახევარი ჭიქა დაქუცმაცებული ალოეს ფოთლები, ნახევარი ჭიქა დაქუცმაცებული ლიმონის ნედლი კანი და 2 ჭიქა ნატურალური თაფლი ერთმანეთში აურიეთ და გრილ ბნელ ადგილას დადგით ერთი კვირა. ერთი კვირის შემდეგ მიიღეთ 3 სუფრის კოვზი ყოველი ჭამის წინ, სულ ცოტა, 40 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. მკურნალობის დროს მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმიანი რძის პროდუქტების და შაქრის მოხმარება. თუ ლოყებზე წვრილი, თეთრთავიანი „ჩირქგროვები“ გაჩნდა, იცოდეთ, რომ ნაწლავები „გაიფიცნენ“. შეგიძლიათ მოამზადოთ სამკურნალო კოქტეილი და მიირთვათ.

* საფეთქლებზე წითელი ფერიმჭამელების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში – ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების სიგნალია.

რა უნდა გააკეთოთ: გაიწმინდეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი (ეს პროცედურა არავის აწყენს, არც მათ, ვისაც კანი სუფთა და ჯანსაღი აქვს). ჩაასხით ერთ ჭიქაში (200 მლ, ბოლომდე გაავსეთ) ზეითუნის ზეთი (ან სხვა ნებისმიერი მცენარეული ზეთი), მეორე ჭიქაში – ლიმონის წვენი (სავსე ჭიქა დაგჭირდებათ კუჭის დაბალი ან ნულოვანი მჟავიანობის შემთხვევაში; თუ მჟავიანობა ნორმალურია, 50 გრამიც საკმარისია, ყლუპებსაც შესაბამისად გადაანაწილებთ. ხოლო მომატებული მჟავიანობის დროს ლიმონის წვენი კიდევ უფრო უნდა შეამციროთ, ან საერთოდ არ მიიღოთ და გულისრევის შეგრძნების წინააღმდეგ პირში ლიმონის პატარა ნაჭერი ჩაიდოთ). მოსვით 2-3 ყლუპი ზეთი, შემდეგ იმავე რაოდენობის (2-3 ყლუპი, ან ნაკლები, მჟავიანობის მიხედვით) ლიმონის წვენი (შემთბარი). 15 წუთის შემდეგ გაიმეორეთ – ისევ 2-3 ყლუპი ზეთი, შემდეგ 2-3 ყლუპი ლიმონის წვენი. როდესაც ჭიქა დაცარიელდება, მიიმაგრეთ ცხელი სათბურა ღვიძლის მიდამოში და მარჯვენა გვერდზე დაწექით, მუხლები მოხრილი და მუცელზე მიბჯენილი უნდა გქონდეთ. კუჭის მოქმედების შემდეგ სათბურა აღარ გჭირდებათ. შედეგს თვალნათლივ დაინახავთ.

ცხადია, ამ პროცედურის ჩატარებისთვის ჯობია, აირჩიოთ დღე, როდესაც სახლიდან გარეთ გასვლა არ მოგიხდებათ. კარგი იქნება, მანამდე ექიმს რჩევა ჰკითხოთ, რადგან ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა რეკომენდებული არ არის ზოგიერთი დაავადების დროს, მაგალითად, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, მწვავე ინფექციური დაავადებები და გაციება, შინაგან ორგანოთა მწვავე დაავადებები (მწვავე აპენდიციტი, მწვავე ქოლეცისტიტი, მწვავე პანკრეატიტი, გაურკვეველი წარმოშობის ტკივილები მუცლის არეში), ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება და სხვ. ღვიძლის გაწმენდა, როგორც აღვნიშნეთ, სასურველი არ არის კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს, რადგან შესაძლოა ისედაც მომატებული მჟავიანობის გაზრდა გამოიწვიოს თანმხლები არასასიამოვნო გამოვლინებებით.

გაფრთხილება: ღვიძლის გაწმენდის შემდეგ კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება, სულ ცოტა, ერთი თვე მაინც! აღსანიშნავია, რომ ღვიძლის ენერგეტიკული არხი აქტიურია ღამის პირველიდან 3 საათამდე და პასიურია 13-იდან 15 საათამდე.

* ნებისმიერი გამონაყარი თავის თმიან ნაწილსა და შუბლზე – სიგნალია კუჭისგან.

რა უნდა გააკეთოთ: აირჩიეთ ერთი რომელიმე შემდეგი პროდუქტებიდან – კეფირი ან მაწონი, წვენი, წიწიბურა, ბრინჯი, კიტრი და ნებისმიერი ხილი – და ეს ერთი სახეობის საკვები მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, შეუზღუდავი რაოდენობით. კარგი იქნება, ასეთ „დასვენების დღეს“ კუჭს კვირაში ერთხელ მაინც თუ მოუწყობთ.

* წითელი ფერიმჭამელები ნიკაპსა და ყბის ქვედა ნაწილში სასქესო ჰორმონების გამომუშავების პროცესის დარღვევასა და შარდსასქესო სისტემის ანთებებსა და ინფექციებზე მიგვანიშნებს. ამ პრობლემების მოგვარება მხოლოდ ექიმს შეუძლია, მაგრამ თუ ექიმთან წასვლას ჯერ ვერ ახერხებთ, თავი შეიკავეთ ცხელი აბაზანისა და ორთქლის აბანოსაგან. ცხელი წყლის და ორთქლის პროცედურებმა შესაძლოა პრობლემები გაამწვავოს.

მუწუკები და ფერიმჭამელები ზურგზე

მსხვილი წითელი გამონაყარი ბეჭებსა და ზურგზე, თუ ეს გამონაყარი ხერხემლის ხაზს მიჰყვება – კუნთოვანი ნევრალგიის პირველი ნიშანია.

რა უნდა გააკეთოთ: წელში გაიმართეთ! არასწორი ტანადობის დროს ხერხემლის მალების დისკებს შორის მანძილი მცირდება, მალები ნერვულ დაბოლოებებს აწვება და სისხლის მიმოქცევა უარსედება, შედეგი – კანზე გამონაყრის სახით გამოიხატება. მასაჟი, ხერხემლის ვარჯიშები და ცურვა არა მარტო კანის გამონაყარს მოგაცილებთ, არამედ სიმაღლეშიც მოიმატებთ 2-3 სანტიმეტრს.

შეშუპებები

* დილით ბეჭედი თითზე არ გეტევათ, ხოლო ფართო ფეხსაცმელები გიჭერთ? მიზეზი შესაძლოა წინა საღამოს ვახშამი იყოს – მარილიანი პროდუქტები, ალკოჰოლი, ნახშირწყლები, დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები ორგანიზმში წყალს აკავებს. თუმცა შეშუპებების მიზეზი შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემები იყოს.

* თირკმლისეული შეშუპებები სახეზე დილიდან ჩნდება, საღამოსკენ კი ცხრება. როგორც წესი, ისინი ფერმკრთალია, გათქვირებული და თითის დაჭერის შემდეგ კვალი დიდხანს რჩება.

* გულისმიერი შეშუპება საღამოსკენ ჩნდება მუცლის, წელისა და სასქესო ორგანოების არეში. მას ხშირად ახლავს ქოშინი, ტუჩების, ფეხის თითების და ფეხის მტევნების სილურჯე, კისრის ვენების დაბერვა.

* ღვიძლისმიერი შეშუპებები მუცლის არეში ჩნდება სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების სახით, ახლავს ქავილი და შეშუპების ადგილას კანი მოყვითალოა. მიზეზის დაზუსტება და მკურნალობა სპეციალისტს უნდა მიანდოთ.

კირა კარიაული

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: რა კავშირია სიმსუქნესა და მამაკაცურ პოტენციას შორის?

ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებები მუცლის შებერვის წინააღმდეგ

სწორად იქცევით თუ არა სახლის დალაგებისას?

ტესტი: რომელი ცხოველი დაინახეთ სურათზე პირველად?

 

კომენტარები