ჯანმრთელობასხვა

ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებები მუცლის შებერვის წინააღმდეგ

კუჭსა და ნაწლავებში დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არასწორი კვებაა, ამიტომ, პირველ რიგში, მავნე ჩვევებს უნდა ებრძოლოთ.

ზოგი დილაობით არ საუზმობს, სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში ინაზღაურებს მთელ დანაკლისს – მოშიებული, ვეღარ საზღვრავს და ზომაზე მეტს მიირთმევს დასანაყრებლად; ზოგი ჭამის დროს ტელევიზორს უყურებს, ზოგიც გაზეთს კითხულობს, ზოგი კომპიუტერთან ზის, ზოგი ფეხზე დგას და ისე ჭამს, რომ ჩქარა გაიქცეს სხვა საქმეზე… შედეგად, საკვებს გაუცნობიერებლად, მექანიკურად ყლაპავთ და ვეღარ ხვდებით, რომ მეტი მოგივიდათ. გარდა ამისა, ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი – ნერწყვის გამოყოფა იქნება ეს თუ საჭმლის მომნელებელი წვენებისა – და საჭმლის მომნელებელ სისტემას დიდი დატვირთვა ადგება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მუცელში დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევას, შებერილობას და სხვა შემაწუხებელ ჩივილებს იწვევს.

მუცელში უსიამოვნო შეგრძნებას აჩენს ჩიპსებით, არომატული ორცხობილებითა და სხვა მსგავსი საკვებით დანაყრებაც, რომლებიც არომატიზატორებით, სტაბილიზატორებით, საღებავებითა და სხვა დანამატებითაა გაჯერებული.

მეტეორიზმი

მეტეორიზმი აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვაა. აირების ჭარბი წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს:

– საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაკლებობა – ასეთ დროს ნაწლავებში არასრულფასოვნად მონელებული საკვები ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს;

– ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის ბალანსის დარღვევა, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ აირთა შთანთქმის შეფერხებას;

– საკვები, რომელიც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს: პარკოსნები, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, შავი პური, ბურახი, კომბოსტო, ყურძენი და სხვა;

– ნაწლავების მოტორიკის დარღვევა;

– სტრესები და ნერვული დარღვევები, რომლებიც ნაწლავების სპაზმს განაპირობებს;

– საკვების სწრაფი მიღება, ჭამის დროს ლაპარაკი, მოწევა, საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც ჰაერის ყლაპვას იწვევს.

პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:

– საკვები კარგად დაღეჭეთ, ეცადეთ, სწრაფად, ფაციფუცით არ ჭამოთ, მთელ-მთელ ლუკმებს ნუ გადაყლაპავთ; ჭამის დროს არ ისაუბროთ; ნუ შეჭამთ ფეხზე მდგომი;

– ნუ მიირთმევთ მეტისმეტად ცივ ან ცხელ საკვებს და სასმელს;

– ჭამის შემდეგ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ;

– ჩაი და ყავა მცენარეული ნაყენებით ჩაანაცვლეთ, მაგალითად, პიტნის ან გვირილის ჩაით;

– მოერიდეთ შოკოლადსა და ცხიმიან საკვებს;

– ცილოვან პროდუქტზე უფრო მეტად კარტოფილი და ბრინჯი გამოიყენეთ;

– უარი თქვით საღეჭ რეზინსა და გაზიან სასმელებზე.

თუ პროფილაქტიკურმა ღონისძიებებმა ან მეტეორიზმის საწინააღმდეგო ხალხურმა საშუალებებმა არ გიშველათ, ორგანიზმის საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაიტარეთ.

ძალზე ხშირად დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელიც გასტროენტეროლოგის გარდა, ფსიქონევროლოგის მკურნალობასაც საჭიროებს, თუმცა თუ ზემოაღნიშნულ რჩევებს გაითვალისწინებთ, ამ დაავადების გამწვავებასაც თავიდან აიცილებთ.

მუცლის შებერილობის წინააღმდეგ ძალზე ეფექტიანია შემდეგი ხალხური საშუალებები:

კამის ნაყენი: ორ სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 8-10 საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ორი სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

გვირილის ნახარში: ერთ სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და 4 საათი გააჩერეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

უმი კარტოფილის წვენი: უზმოზე დალიეთ 200 მლ ახალგამოწურული კარტოფილის წვენი და ნახევარი საათი წამოწექით. წვენის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. მკურნალობის კურსი 10 დღეს მოიცავს. შემდეგ 10-14 დღე შეისვენეთ და კურსი ისევ გაიმეორეთ.

სოდა და ლიმონი: ეს ორი ინგრედიენტი ერთად დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და მუცლის შებერვას და გაზების წარმოქმნას ხელს უშლის. ერთ ჭიქა წყალში ჩაასხით ნახევარი ლიმონის წვენი და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა – სოდა აშიშინდება ლიმონის წვენთან რეაქციის შედეგად და დაელოდეთ, სანამ შიშინს არ დაასრულებს. ეს ნარევი დალიეთ იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ ზედმეტი მიირთვით ან ისეთი პროდუქტები მიიღეთ, რომლებიც მეტეორიზმს იწვევს.

ილი: ძვირადღირებული წამლების ნაცვლად სცადეთ ჩვეულებრივი ილის მიღება – სარგებელიც უკეთესი იქნება და ფულსაც დაზოგავთ: აადუღეთ წყალი და ერთ ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი ილი; თავი დაახურეთ და სითბოში მოათავსეთ. 15 წუთის შემდეგ ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ – ის უნდა დალიოთ მსუყე სადილის წინ ან შემდეგ, თუ მუცელში სიმძიმეს იგრძნობთ.

დარიჩინი: 1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და დააყენეთ 15 წუთის განმავლობაში. დალიეთ პატარ-პატარა ყლუპებით, როდესაც მუცელი გიყურყურებთ და გებერებათ.

თაფლი და ვაშლის ძმარი: ამ ორი პროდუქტის ურთიერთშეხამება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის Ph ბალანსს აღადგენს, არეგულირებს გაზების წარმოქმნას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ერთ ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს ნარევი დალიეთ უზმოზე ან მსუყედ დანაყრების შემდეგ.

როზმარინის ნაყენი: კიდევ ერთი ალტერნატივაა როზმარინის ნაყენი. ერთ ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 50 გ როზმარინი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ერთი ჭიქა, ჭამის შემდეგ.

ეს ნაყენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით ცხიმიანის, ამცირებს მუცლის შებერვას და გაზების დაგროვებას. ეს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური ნაყენი ძალზე ეფექტიანია, აგრეთვე, ნაწლავური ინფექციების დროს.

მელისა: ჩვენი ნაწლავები, ისევე როგორც ტვინი, დამამშვიდებელ და ანტისპაზმურ საშუალებებს საჭიროებს და ამას ბოლო სამეცნიერო კვლევები სულ უფრო და უფრო ამტკიცებს. ანტისპაზმური და სედატიური მცენარეების გამოყენება, ისეთის, როგორიც, მაგ., მელისაა, ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მელისა ყველაზე ეფექტიანი მცენარეული საშუალებაა საჭმლის მომნელებელი ორგანოების სპაზმის მოსახსნელად და ის კარგი დამამშვიდებელია, აგრეთვე, ნერვული დაძაბულობის დროს. მისი მიღება შეგიძლიათ როგორც ჟელე-კაფსულების, ისე ნაყენის სახით (აფთიაქში იყიდება).

ბაღის პიტნა: მელისასთან კომბინაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნა (საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად) და ბეგქონდარა (ლათ. Thymus – მუცლის შებერვის შესამცირებლად). მესამედი ჩაის კოვზი თითოეული ეს საშუალება მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით ქაფქაფა წყალი და დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ (გაფილტრეთ). მიიღეთ ერთი ჭიქა ეს ნაყენი 2-ჯერ დღეში (საჭმლისგან დამოუკიდებლად).

ბუნებრივი საშუალებები უფრო ეფექტიანი, უფრო იაფი და ხელმისაწვდომია, თანაც გვერდითი მოვლენებიც თითქმის არ აქვს. ყურადღება მიაქციეთ კვებას, ზედმეტი არ ჭამოთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას – ყველაზე ძვირფას რამეს, რაც გაგვაჩნია.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close