ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„არ ენდოთ არავის ბრმად, არ გადაუხადოთ თანხა…“ – გვირჩევს საიმიგრაციო ადვოკატი ნინი სორჩე 

„ქართველ ემიგრანტებს ვეტყვი კიდევ ერთხელ, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, მეტი ცოდნა შეიძინონ… ისწავლეთ, იკითხეთ, შეისწავლეთ ენა, თქვენი უფლებები. ნუ ენდობით ნურავის ბრმად, ნუ მოატყუებინებთ თავს ადამიანებს, რომლებიც თქვენი გულუბრყვილობის და უცოდინრობის ხარჯზე მდიდრდებიან. ძალიან იოლია თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება. ცხოვრება ყველგან რთულია და 100-მაგად რთულია, თუ ადამიანი არალეგალია!“

ნინი სორჩე თვითონაც სამშობლოდან, საქართველოდან შორს ცხოვრობს, ოღონდ სხვა სტატუსით – მას ბრიტანეთის მოქალაქე მეუღლე ჰყავს. იგი ადვოკატია, მისი კომპანია – NSG immigration services საიმიგრაციო საკითხებზე მუშაობს და არალეგალური იმიგრაციის პრობლემებთან უწევს ყოველდღიურად შეხება.

ბევრ ემიგრანტს ეხმარებით დიდ ბრიტანეთში, თავად თქვენ რა მიზნით გაემგზავრეთ საქართველოდან ამ ქვეყანაში და როდის?

პირველად დიდ ბრიტანეთში 2010 წელს ჩამოვედი რამდენიმე თვე სასწავლო კურსით, შემდეგ მეორე წელსაც დავბრუნდი კიდევ სასწავლებლად ნახევარი წლით.

ამ დროს იპოვეთ მეორე ნახევარი, არა?

ჩემი მეუღლე ჯუზეპე სორჩე ინგლისში დაბადებული იტალიელია, რომელიც მოგზაურობის დროს გავიცანი… და უკვე 2013 წელს საქართველოში დავქორწინდით. ამის შემდეგ საცხოვრებლად ინგლისში გადავედი. 5 წელი სრულდება, რაც საქართველოდან შორს, ჩემს საყვარელ გილფორდში (Guildford) ვცხოვრობ. ეს არის ლონდონიდან სამხრეთით, სარის საგრაფოში მდებარე ქალაქი. საკმაოდ ცნობილი და ლამაზი ქალაქია, წყნარი და მწვანე.

ლონდონში ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?

კატეგორიულად არ მინდა ლონდონში ცხოვრება. თუ არ ჩავთვლით ტურისტულ ცენტრს და რამდენიმე საოცრად ძვირ დასახლებას, ლონდონში ცხოვრება საშინელებაა, ქალაქი ბინძურია და არეული ხალხია მთელი მსოფლიოდან. თუ ვინმე გეგმავს სასწავლებლად ინგლისში წასვლას თუნდაც რამდენიმეთვიან ენის კურსებზე და ნამდვილად უნდა ენის სწავლა და ნამდვილი ინგლისის ნახვა, ჩემი რჩევაა, აირჩიონ სკოლა ან კოლეჯი ლონდონის გარეთ.

თქვენ პროფესიით იურისტი ხართ, ადვოკატი, თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

მეუღლე პროფესიით პროგრამისტია.

როგორ იწყებთ დღეს?

ჩემი დილა ჩვეულებრივად ყავით იწყება, ჩაი არ მიყვარს და არც ვსვამ მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც, მოგეხსენებათ, ჩაის სმის უზარმაზარი კულტურაა. ჩვეულებრივი დღეც ძალიან ბანალურია: ვმუშაობთ ემიგრანტების პრობლემებზე, ვცდილობთ, რამდენადაც კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, რამენაირად მოვაპოვებინოთ უფლება, დარჩნენ ქვეყანაში ლეგალურად, თუმცა რაც დრო გადის, ეს უფრო და უფრო ძნელი ხდება: იცვლება საიმიგრაციო კანონმდებლობა და წლიდან წლამდე რთულდება კანონები, რაც საკმაოდ ამძიმებს არალეგალების ყოფნას დიდ ბრიტანეთში.

სირთულეებიდან რომელს გამოარჩევდით?

სირთულეები ემიგრანტებს და, ზოგადად, ქართველ ემიგრანტებს ძალიან ბევრი აქვთ. და, უპირველეს ყოვლისა, ესაა უსაბუთობა, რაც ნიშნავს აბსოლუტურ უუფლებობას; ამას თან ერთვის ენის არცოდნა, რაც ძალიან ამძმებს მათ ყოფას, მით უფრო, თუ პრობლემები ექმნებათ სამართალდამცავ ორგანოებთან ან საიმიგრაციო სამსახურებთან.

სამსახურის ლეგალურად დასაწყებად რა უნდა გააკეთონ ემიგრანტებმა?

სამსახურის ლეგალურად დასაწყებად დიდ ბრიტანეთში გჭირდებათ ეროვნული დაზღვევა და ანგარიში ბანკში. ეროვნულ დაზღვევას და ანგარიშს ბანკში მხოლოდ გარკვეული ვიზის არსებობის შემთხვევაში გაძლევენ, გამორიცხულია მოკლევადიანი სტუდენტური ან ტურისტული ვიზით ეს საბუთები მიიღოთ. ამის გამო არალეგალები ან დიდ თანხებს იხდიან, რომ ყალბი საბუთებით აიღონ შესაბამისი დოკუმენტები (ეს, თავისთავად რისკია, რადგან საბუთების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც ერთვის საიმიგრაციო კანონების დარღვევა), ან შავ ბაზარზე მუშაობენ, სადაც არცთუ ისე კარგად იხდიან, შესაბამისად. თუ არალეგალურად არის შემოსული ადამიანი ქვეყანაში (შემოპარული) და დაკავებულია, ვცდილობთ, პირველ ყოვლისა, ციხიდან გამოვიყვანოთ და ვურჩევთ, მოითხოვოს თავშესაფარი (რაც ქართველისთვის დღეს უიმედოა, საქართველოს მოქალაქეს ევროპის არცერთი ქვეყანა თავშესაფარს არ მისცემს, თუ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მის სიცოცხლეს საქართველოში საფრთხე ემუქრება), მაგრამ პროცესი დროში იწელება; ხშირად რამდენიმე წელიც სჭირდება და ამ წლების განმავლობაში თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, დარჩეს ქვეყანაში და პასუხს დაელოდოს. მათ ეს ხელს აძლევთ, რადგან არიან ქვეყანაში და მუშაობენ კიდეც არალეგალურად.

ასევე, ვეხმარებით იმათაც, ვინც არ არის ციხეში, მაგრამ საბუთები არ აქვს და უნდა, რომ მოიწესიგოს. ამ შემთხვევშიც ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს. ადამიანს, რომლსაც ვიზა აქვს დარღვეული, შეუძლია სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ პარტნიორი ან მეუღლე ჰყავს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ან ბრიტანეთში მცხოვრები ევროპის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე; ან თუ მისი შვილი ბრიტანეთის მოქალაქეა, ან მუდმივი ცხოვრების უფლება აქვს. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, გამორიცხულია, რომ არალეგალმა საბუთები მოიწესრიგოს.
პრობლემაა ისიც, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა კრძალავს ბინის მიქირავებას ადამიანზე, რომელსაც აქვს 6 თვემდე ვიზა, ან საერთოდ უვიზოდ არის შემოსული; ასეთ ადამიანს არ აქვს უფლება, ბინა იქირაოს და მოაწეროს ხელი ქირავნობის ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, ახალჩამოსულ ადამიანს შეექმნება ბინის პრობლემაც სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად. ასე რომ, ჩემი რჩევაა, თუ არ გყავთ მეგობარი ან გულშემატკივარი, ვინც დახვდებათ და დაგეხმარებათ დიდ ბრიტანეთში, ნუ გარისკავთ აქ უსაბუთოდ ჩამოსვლას, რადგან დიდი შანსია, ქუჩაში დარჩეთ.

Home office-ზე რას იტყვით?

„ჰოუმ ოფისს“ ადვოკატები არ ჰყავს. სირთულეებს გვიქმნის „ჰოუმ ოფისი“, რა თქმა უნდა, რადგან ძალიან ბევრი არალეგალია ქვეყანაში და ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, „გაწმინდონ“ ქვეყანა. სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის არალეგალ პატიმრებზე, რათა აიძულონ, თავიანთი ნებით მოაწერონ ხელი დეპორტაციას და გაამგზავრონ საკუთარ ქვეყნებში.

ყველა პატიმარი, რომელსაც ვეხმარები, ერთხმად აღნიშნავს, რომ დაკავებულთა პირობები საიმიგრაციო იზოლატორში გაცილებით მძიმე და აუტანელია, ვიდრე ჩვეულებრივი ციხე; ამაზე იწერება გაზეთებში, მე პირადად ბევჯერ ვიჩივლე და დავადანაშაულე „ჰოუმ ოფისი“ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის, კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევაში (რაც თითქოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს); ყველამ იცის, მაგრამ რეაგირებას არ ახდენენ. ქვეყანაში მილიონობით უკონტროლო არალეგალია და, რა თქმა უნდა, ცდილობენ გაასუფთაონ.

ზოგი ე. წ. შუამავალი ბრიტანეთში წამსვლელებს ეუბნება, რომ საქართველოდან ირლანდიაში ჯობია წავიდნენ და ირლანდიიდან შევიდნენ ბრიტანეთში, ასეთ შემთხვევაში ბრიტანეთიდან არ აძევებენ, თუ არალეგალი დააკავესო, მართალია თუ არა?

იმიტომ ეუბნებიან ეგრე, რომ ერთადერთი გზა, საიდანაც არალეგალი შეიძლება შემოვიდეს ბრიტანეთში, ირლანდიაა, თუმცა ტყუილია, რომ ირლანდიიდან შესულებს არ აძევებენ:  თუ დაიჭირეს აძევებენ, მაგრამ ყველას არ იჭერენ. საქმე ისაა, რომ ჩრდილო ირლანდიიდან გადმომავალ მანქანებს ყველას არ ამოწმებენ – ზოგს ამოწმებენ ზოგს არა, ასე რომ, ზოგს უმართლებს, ზოგს – არა.

თუ შეიძლება, ემიგრანტების ამბები მომიყევით, რომელთა საქმეებიც გქონდათ. როგორც ვიცი, ერთ კაცს ეხმარებოდით, რომელიც ციხის საავადმყოფოში 4 დღე პოლიციელს ხელზე ჰყავდა ჯაჭვით გამობმული…

კი, იყო ეგეთი შემთხვევა, ეშინოდათ, არ გაქცეულიყო. ისიც ირლანდიიდან იყო შემოსული, თან მეორედ; პირველად საზღვარზე დააკავეს და უკან გააბრუნეს, მეორედ სახლში დაიჭირეს. დაახლოებით 4 თვე იჯდა ციხეში და მერე ისევ ირლანდიაში გააბრუნეს, უამრავია ეგეთი შემთხვევა.

რას ურჩევთ ქართველებს, რომლებსაც ახლა სურთ გამგზავრება?

რაც შეეხება ქართველებს, ბევრი დამიკავშირდა და რჩევა მთხოვა. არიან საქართველოში თაღლითები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ადამიანებს ბიტანეთის ვიზებს, სამსახურებს ჰპირდებიან… ჩემი რჩევაა, არ ენდოთ არავის ბრმად, არ გადაუხადოთ თანხა და კარგად გაერკვიეთ საქმეში. პირველი: ბრიტანეთის ვიზებს საქართველოს მოქალაქეებზე გასცემს ბრიტანეთის კონსული, რომელიც ზის სტამბოლში და კონსული ქრთამს არ იღებს. მხოლოდ ვიზის მოსაკრებელია გადასახდელი, რაც დაახლოებით 200 დოლარია 6-თვიან ტურისტულ ვიზაზე (კურსს გააჩნია). როდესაც თქვენი საბუთები შევა საკონსულოში, კონსული გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, თქვენი საბუთებიდან გამომდინარე. ანუ იმ ათასებს ვიღაც შუამავალს ტყუილად უხდით.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს ატყუებენ, ურტყამენ ყალბ ვიზებს და არალეგალულად შემოჰყავთ ბრიტანეთში ირლანდიის გავლით.

დამიკავშირდა ქართველი ქალი, რომელმაც მითხრა, რომ მის ნათესავს გაუკეთეს ბრიტანეთის ვიზა და ახლა ირლანდიიდან უნდა შემოიყვანონო. ვკითხე, რატომ არ ინტერესდებით, რატომ შემოდის ადამიანი ირლანდიიდან ბრიტანეთსი, თუ ბრიტანეთის ვიზა აქვს? პირდაპირი ბილეთი ძვირია, ეგრე გვითხრესო (2000 ევრო ღირსო).

2 თვე ვცდილობდი ამეხსნა, რომ ვისაც ბრიტანეთის ვიზა აქვს, პირდაპირ შემოდის ბრიტანეთში და არა ირლანდიიდან. ჯერ ერთი, პირდაპირი რეისია ქუთაისიდან – ქუთაისი-ლონდონი (ლუტონი) და ბილეთი მაქსიმუმ 300 ლარი ღირს.

მეორეც, ირლანდია არაა შენგენის ქვეყანა და საქართველოს მოქალაქეს ირლანდიაში შესასვლელად ვიზა სჭირდება. ცნობილი სქემაა: არალეგალების შემოსაყვანად ყიდულობენ ბილეთს გადაჯდომით ირლანდიაში; ირლანდიაში რომ ჩამოდის ადამიანი, აეროპორტში ითხოვს თავშესაფარს, გამოჰყავთ გარეთ, სადაც ნახულობენ შუამავალს, რომელსაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეს არალეგალი გემით შემოჰყავს ირლანდიიდან ბრიტანეთში. ზოგს  უმართლებს და შემოდის,  ბევრსაც იჭერენ და უკან აბრუნებენ. ამისთვის საქართველოს მოქალაქეები იღებენ ვალებს, იხდიან 1000-ობით დოლარს, არადა, ამის გაკეთება თვითონაც შეუძლიათ, შუამავლების გარეშე, მხოლოდ ბილეთის აღებაა საჭირო. მიუხედავად ჩემი არგუმენტებისა, იმ ქალს დღემდე არ სჯერა, რომ მის ნათესავს არ აქვს დიდი ბრიტანეთის ვიზა.

მეორე ქალი ასევე საქართველოდან დამიკავშირდა და მითხრა, მპირდებიან ვიზას და 10 000 დოლარს ანაზღურებას და რამდენად მართალიაო. გამორიცხულია! საშუალო ხელფასი აქაური მოქალაქეებისთვის არის 2000-3000 ფუნტი და ასეთი გასამრჯელო ბრიტანეთის მოქალაქეებს, ჩვეულებრივი ოფისის თანამშრომლებს აქვთ წლების გამოცდილების მიხედვით, არცთუ ცუდ სამსახურებში. რაც შეეხება შავ ბაზარზე დასაქმებულ არალეგალს, ძალიან გაუმართლებს, თუ თვეში 1000 ფუნტამდე აიღებს. ერთი ოთახის ქირაობა, მინიმალური ადამიანური პირობები რომ იყოს, კვირაში საშუალოდ 100 ფუნტი და მეტი ჯდება. უფრო იაფი ბინებიც არის, მაგრამ იქ ცხოვრება შეუძლებელია; გზა და ტრანსპორტი ძალიან ძვირია, კვირაში, სულ ცოტა, 20-40 ფუნტი მაინც არის საჭირო, პლუს კვება. ადამიანური ცხოვრებისთვის ეს ხელფასი საკმარისი არანაირად არ არის, ამის გამო არალეგალებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

ქართველ ემიგრანტებს ვეტყვი კიდევ ერთხელ: მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, მეტი ცოდნა შეიძინონ… ისწავლეთ, იკითხეთ,  შეისწავლეთ ენა, თქვენი უფლებები; ნუ ენდობით ნურავის ბრმად, ნუ მოატყუებინებთ თავს ადამიანებს, რომელებიც თქვენი გულუბრყვილობის და უცოდინარობის ხარჯზე მდიდრდებიან. ძალიან იოლია თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და შემოწმება. ცხოვრება ყველგან რთულია და 100-მაგად რთულია, თუ ადამიანი არალეგალია!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

„შატერსტოკის“ ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close