მსოფლიოპოლიტიკაnews

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთში არჩევნები წლეულს 24 ივნისს გაიმართება – ანუ დაგეგმილზე ერთი წლით ადრე. ერდოღანის თქმით, მის ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აღმასრულებელ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერთან, დევლეთ ბახჩელისთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო, მას მერე, რაც ბახჩელიმ ერთი დღით ადრე ისაუბრა ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე. თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში იყო დანიშნული.
ერდოღანის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. თურქეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინათ გააფორმა ალიანსი დევლეთ ბახჩელისთან. ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ორი პარტიის ალიანსი რომ წინასაარჩევნო სტრატეგიას უკავშირდებოდა, თავიდანვე ცხადი იყო. ამავე დროს, პრეზიდენტ ერდოღანის პოპულარობა ამჟამად საკმაოდ მაღალია, რაც სირიაში წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ და საბერძნეთთან დაპირისპირებამ განაპირობა. არჩევნების მოახლოების კიდევ ერთ ნიშანს ქვეყნის რეგიონებში პრეზიდენტის ხშირი მოგზაურობაც წარმოადგენდა. ერდოღანი მუდმივად გამოდიოდა ხალხმრავალ შეკრებებზე და საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ამდენად, ერთი წლის შემდეგ ერდოღანი ნაკლებად პოპულარილი იქნება. შესაბამისად, მან ოსტატურად შეარჩია დრო არჩევნების გასამართავად.

აქვე შევნიშნავთ, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, თურქეთის პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გახდება, მის ხელში თავს მოიყრის თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება. თუკი აქამდე ერდოღანს სიმბოლურად მოიხსენიებდნენ სულთნად, ახალი უფლებამოსილებით მისი ძალაუფლება მართლაც დაემსგავსება სულთნის ძალაუფლებას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close