ერდოღანი აპირებს რუსეთისგან S-400-ის მეორე პარტია შეისყიდოს
ანკარის გადაწყვეტილებამ შესაძლოა თურქეთისა და აშშ-ის კონფლიქტი გააღრმაოს და ამერიკის მხრიდან სანქციები გამოიწვიოს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის მეორე პარტია შეისყიდოს. „მომავალში ვერავინ შეძლებს ჩაერიოს იმაში, თუ რომელ დაცვის სისტემებს ვყიდულობთ, რომელი ქვეყნისგან და რა დონზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა კვირას, 26 სექტემბერს ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში.
ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გააღრმაოს განხეთქილება თურქეთსა და აშშ-ს შორის, ამასთან, ანკარის წინააღმდეგ ამერიკის მხრიდან ახალი სანქციები გამოიწვიოს. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-400 საფრთხეს წარმოადგენს ამერიკული გამანადგურებლების F-35-ისა და ნატოს სხვა თავდაცვითი სისტემებისთვის. თურქეთში კი ამტკიცებენ, რომ ალიანსის მოკავშირეებიდან ვერცერთისგან ვერ შეძლებდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას საჭირო ვადებში.
მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის მიმართ, მისი ხელმძღვანელის, ისმაილ დემირის და კიდევ 3 სხვა თურქი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსეთისგან S-400-ის პირველი პარტია შეიძინა.
შეზღუდვები გულისხმობს თურქეთში აშშ-იდან ტექნოლოგიების შეტანისა და 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის კრედიტის აკრძალვას. 4 თურქ ფიზიკურ პირს აშშ-ში შესვლა აეკრძალა, მათი აქტივები კი, რომლებზეც ამერიკული იურისდიქცია ვრცელდება, გაყინეს, ხოლო აშშ-ის მოქალაქეებს მათთან ყოველგვარი ოპერაციის წარმოება აუკრძალეს.
თურქეთმა და რუსეთმა 2,5-მილიარდიანი (აშშ დოლარი) კონტრაქტი თურქეთისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემების, S-400-ის მიწოდებასთან დაკავშირებით 2017 წლის ივლისში გააფორმეს. 2019 წლის ივლისში თურქეთში სისტემების პირველი კომპონენტები შეიტანეს, სექტემბრის შუა რიცხვებში კი კომპონენტების მიწოდება საბოლოოდ დასრულდა. S-400-ის 4 დივიზიონის შეძენის საპასუხოდ აშშ-მა თურქეთი უახლესი გამანადგურებლების F-35-ს წარმოების პროგრამის პარტნიორთა რიგებიდან გარიცხა, აგრეთვე, გააუქმა წინადადება თურქეთისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ნიკო აბაშიშვილი
წყარო: DW
კომენტარები