fbpx
დღის თემაპოლიტიკასაქართველო

სოხუმის დაცემის დღე – ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა (ვიდეო)

დღეს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლის ეზოში, პარლამენტის, მთავრობის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

სოხუმის დაცემიდან (1993 წლის 27 სექტემბერი) 28 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის სამხედრო ძალები ჩაერთო.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ, „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სოხუმი დატოვეს, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ამას ელოდნენ რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, რომლებსაც კონკრეტული გეგმა უკვე ჰქონდათ შემუშავებული.

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.

ქართული მხარის (ამ დრომდე დაუზუსტებელი) მონაცემებით, აფხაზეთის ომში 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. 2300-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი კვირის თავზე, 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

ნახეთ აფხაზეთის ომის ქრონიკა „ახალი დღის“ სიუჟეტში:

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close