იტალია: ძლიერი სიცხეები იწყება და ხანძარსაშიშროებაც იმატებს
იტალიაში ძლიერი სიცხეები იწყება და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი განგაშს აცხადებს: უახლოეს დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიზრდება ხანძრების რისკი მაღალი ტემპერატურის გამო, რომელმაც შესაძლოა 45 გრადუსს გადააჭარბოს. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის უფროსი ფაბრიციო კურჩო აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი საგანგებო მდგომარეობა. ამინდის პროგნოზი კი ნამდვილად შემაშფოთებელია: 15 აგვისტომდე იტალიას აფრიკული სიცხის ტალღა მოიცავს – სამხრეთში ტემპერატურა 45 გრადუსამდე მოიმატებს, მდინარე პოს ხეობაში მდებარე ქალაქებში – 36-37 გრადუსამდე, ხოლო 1500 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან 28-30 გრადუსი იქნება.
ტემპერატურა პიკს სამშაბათსა და ოთხშაბათს შორის მიაღწევს.
ამჟამად იტალიაში უკვე ჩანს პირველი ნიშნები იმისა, თუ რამხელა საშიშროება არსებობს: Canadair-ი და სახელმწიფო საჰაერო ფლოტის ვერტმფრენები კვირა დილიდან დაფრინავენ, რათა 28 ხანძრის ჩახშობაში გაუწიონ დახმარება მეხანძრეებს: ხანძრებია სიცილიაზე, მადონიედან ნებროდამდე და თვით პალერმომდე; მთელი ტყე დაიწვა სოლიანო დელ რუბიკონეში, ჩეზენის პროვინციაში (ემილია რომანიის რეგიონი); ათობით ხანძრის კერაა ასპრომონტეში, რომელსაც რამდენიმე ვერტმფრენი აქრობს…,
კალაბრიაში კი, სადაც ბოლო დღეებში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა (სან ლორენცოში 53 წლის ქალი და მისი 34 წლის ძმისშვილი დაიღუპნენ მათივე კუთვნილ ზეთისხილის ბაღში; ისინი ცდილობდნენ, ზეთისხილის ნარგავებამდე ცეცხლი არ მიეშვათ და თავად გახდნენ ხანძრის მსხვერპლი), სიტუაცია ამ დროისთვის ისეთი საგანგაშოა, რომ პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც სამოქალაქო დაცვის ნაციონალური სისტემის მობილიზებას ითვალისწინებს: უახლოეს საათებში, დეპარტამენტთან შეთანხმებით, კალაბრიაში ჩავლენ მოხალისეები და მობილური კოლონები სხვა რეგიონებიდან, სამოქალაქო დაცვის სისტემის სატრანსპორტო საშუალებები და მეხანძრეები.
28 ხანძრიდან 8 კალაბრიაშია, 6 – სიცილიაზე, 4 – ლაციოში, 2-2 – სარდინიაზე, ბაზილიკატაში, კამპანიასა და მოლიზეში, თითო კერა – უმბრიასა და აბრუცოში. ამ დროისთვის 12 ხანძარი უკვე კონტროლქვეშაა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები