ჟურნალისტების ერთობლივი აქცია – „არა ძალადობას!“
„არა ძალადობას!“ – მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ლოზუნგით გაერთიანდნენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები „ტვ პირველის“ ოპერატორის, 37 წლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და გმობენ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას.
„ასეთი ძალადობა ჩვენ არ გვინახავს ომშიც კი, სადაც არ დაშავებულა იმდენი ჟურნალისტი, რამდენიც დაშავდა 5 ივლისს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ არა უშუალოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც“, – განაცხადა პირველი არხის ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლებენების დროს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების წევრების აგრესიული ქმედებების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 53 – მედიის წარმომადგენელი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავდა „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა – იგი ჟურნალისტ გოგონას, გვანცა ბაღათურიას გადაეფარა, რომელსაც თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „სირცხვილიას“ ოფისთან დარბევის მიზნით მისულმა ერთ-ერთმა მოძალადემ ფეხში წიხლი ჩაარტყა. გვანცას თქმით, ლექსოს 20 კაცი მაინც ურტყამდა სახის არეში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ახალგაზრდა კაცს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. იგი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სახლში გაწერეს.
ლექსო დღეს დილით დედამ – თინათინ კახიძემ საწოლში გარდაცვლილი ნახა.
გარდაცვლილი ოპერატორი ექსპერტიზისთვის სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ალტერნატიულ ექსპერტიზას ოჯახის და „TV პირველის“ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი – ალექსანდრე გეჯაძე უხელმძღვანელებს.
კომენტარები